
ნაცმოძრაობის „გამარჯვების პლატფორმის" ახალი ფლანგი ირწმუნება, რომ ალიანსს აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს ის, ვისაც ხალხის ნდობა ექნება, თუმცა ენმ-ს ერთი ფრთა აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერ არ განხილულა.
როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, არაა გამორიცხული, ჩრდილოვან კაბინეტში თანამდებობების გადანაწილებაზე ახალი დაპირისპირებები წარმოიშვას, რადგან გარდა ვაშაძისა, პირველი პირობის ამბიცია ექსთავმჯდომარე ნიკა მელიასაც აქვს. ამასთან მიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ჯერ ნაადრევიცაა.
„მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა საქმის კეთებაზე. რა ფუნქციასაც დამაკისრებს ხალხი, იმ ფუნქციით ვიქნები. ვერავინ გამაჩერებს საქმის კეთებაში. მე რომ არაფორმალურად ვერავინ ვერასოდეს მმართავს ცხოვრებაში, ეს კარგად იცით. პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელშიც იქნება საკვანძო პოზიციებზე პროფესიონალები წარდგენილი ჩვენი მხრიდან. ამ ჩრდილოვან კაბინეტს უხელმძღვანელებს ის, ვისაც ექნება ხალხის ნდობა. ამიტომ, ერთი წელია მანამდე და დროს წინ ნუ გავუსწრებთ," - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ენმ-ს გენმდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ.
„ლიდერები იქნებიან ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას. „ნაციონალური მოძრაობის" და გამარჯვების პლატფორმის ლიდერი ლევან ხაბეიშვილია და ეს ყველამ კარგად იცის. გიორგი ვაშაძემ განაცხადა უკვე, რომ მას არც მოუთხოვია პრემიერ-მინისტრობა და ვერც მიიღებდა, ამიტომ ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არ იქნება სწორი და სხვა ინტერპრეტაცია არ სჭირდება ამას. სხვა ყველაფერი არის მანიპულაცია და მოგონილი ამბები. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის არის უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და საუბარი საარჩევნო სიებზე და პრემიერ-მინისტრზე ჯერ ნაადრევია," - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩრდილოვანი კაბინეტს წინ უნდა უსწრებდეს პროგრამის წარდგენა. არ გამორიცხავს, რომ ზუსტად ეს საკითხი გახდეს პარტიაში ახალი დაპირისპირებების მიზეზი.
„დღეს ენმ იმ საკითხების გამოკვეთას იწყებს, რომელთა ჩამოყალიბება ერთი წლით ადრე ცოტა ზედმეტია. ღია კარები გვაქვსო იძახიან და თუ კაბინეტი გამოაქვეყნეს, მერე ამასთან დაკავშირებით პარტიებს დამატებითი პრეტენზიები ექნებათ, ესენი სად ჩქარობენ, გაუგებარია. ასეთი კაბინეტის თემა პარტიის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს და ალბათ პრემიერობის კანდიდატიც ის უნდა იყოს.
„საერთოდაც გაუგებარია მომრჩეველმა ჩრდილოვან კაბინეტზე რატომ უნდა მოუსმინოს თუ ჯერ ამავე ელექტორატმა პარტიის პროგრამა არ იცის. კაბინეტის წევრები ხომ რაღაც პროგრამის გამტარებლები უნდა იყვნენ, ხომ არ შეიძლება მინისტრობის კანდიდატები სხვა პრინციპით ჩამოთვალო და არა იმით, რომ ესა თუ ის კანდიდატი პროგრამაში დასმულ ამოცანას შეესაბამეა თუ არა. ამ ჯგუფმა ჯერ პროგრამაზე საფუძვლიანად უნდა ისაუბროს და არა იმაზე ვინ იქნება ამის შემსრულებელი.
„ჩრდილოვანი კაბინეტის გადანაწილებაზე ალბათ პრობლემები თავს წამოწევს, პარტიები ერთმანეთს გაცილებით ნაკლები სიმძაფრის საკითხებზე ეტაკებიან ხოლმე და ახლა პირველ პირობაზეა საუბარი და მით უმეტეს მელიას პირველი პირობის ამბიცია აქვს. თუმცაღა, მთლიანობაში პარტიის სურათი როგორ განვითარდება, ჯერ კაცმა არ იცის.
„ის, რომ მელია დინამიტის ფუნქციას შეასრულებს, ფაქტია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, თავიანთ კაბინეტში მელიას უთხრან, რომ მაგალითად შენ იქნები თავდაცვის მინისტი, ან რაღაც ისეთი შესთავაზონ, რომლის ფონზე ის ახალ რეალობას შეეგუება. თუმცაღა რჩება შთაბეჭდილება, რომ მელიას არ ერიდებიან და ცდილობენ ათქმევინონ, რომ ახლა მე წავედიო, მაგრამ სად უნდა წავიდეს? ჩვენთან ოპოზიციონერები ვერსად ვერ მიდიან", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" მიესალმება „გამარჯვების პლატფორმაში" ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბებას. ის იმედოვნებს, რომ ამ კუთხით დაპირისპირება არ იქნება.
„მისასალმებელია, რომ ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი" მოსახლეობას საკუთარ პროგრამას, გეგმებს და მიზნებს ერთობლივად სთავაზობენ, რა უნდა გაკეთდეს თუ „ოცნება" არჩევნებში დამარცხდება. სოცილოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის 50%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ხმას ვის მისცემს.
„ჩრდილოვანი კაბინეტი დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა, ისინი ალტერნატიულ კაბინეტს ყოველთვის წარადგენენ-ხოლმე, რომ მერე დრო არ დაკარგონ. გვახსოვს, 2012 წელს, როცა „ოცნებამ" გაიმარჯვა, თითქმის ორი თვე მინისტრთა კაბინეტი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და მსჯელობა მიდიოდა თუ კონკრეტული მიმართულების მინისტრი ვინ იქნებოდა.
„იმედია, რომ მინისტრთა კაბინეტი დაპირისპირებების მიზეზი არ გახდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ კონკრეტული მინისტრობის კანდიდატებზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".