
„ყოველი დღე განსხვავებულს გხდის, ვიდრე იყავი. ონკოლოგი რომ გავხდი, პირველი დღეები სხვანაირი იყო. ახლა ამ გადმოსახედიდან აბსოლუტურად სხვა ვარ, ერთი წლის მერე სხვა ვიქნები. ყოველ დღე, წელი იცვლება და წინასწარ ვერ გამოიცნობ, წინ რა გელოდება... ონკოლოგია მართლაც სარისკო სპეციალიზაციაა, აქ ყოველთვის შეიძლება, რაღაც გადაგხდეს თავს და ამისთვის წინასწარ ვერ მოემზადები," - ამბობს უკვე კარგად ცნობილი ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე.
გიორგის ბევრი საქმის ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში კეთება უწევს - მუშაობს პაციენტებთან, სწავლობს, ლექციებს კითხულობს, აბიტურიენტებს გზის გაკვლევაში ეხმარება, მიჰყავს გადაცემები... ის საკუთარ თავს მუდმივად გამოწვევის წინაშე აყენებს. როგორ უმკლავდება ამდენ საქმეს, ახერხებს თუ არა დასვენებას, ასეთი დატვირთვა ჯანმრთელობის მხრივ უქმნის თუ არა პრობლემებს, ამაზე თავად უამბობს.
„ამის მთელი არსი ის არის, რომ არსებობს ინტერესი და როცა ინტერესია, საქმის კეთება ვერ დაგეზარება. მე არ ვიღვიძებ დაღლილი, დღეს რა წავა კლინიკაში, რამდენი საქმე მაქვს, - ამ განწყობით. ნებისმიერი საქმე, რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს. შევდივარ კლინიკაში, ვნახულობ პაციენტებს, ეს პროცესი მომწონს, თან გინდა, რომ ყველას დაეხმარო, იმედით გიყურებენ და შენც ეხმარები. ამის მერე სტუდენტებთან მივდივარ და იმათ ვეხმარები, მათთან ერთად განვიცდი, ეს პროცესიც საინტერესოა. სტუდენტებიც სხვადასხვანაირები არიან, მათთან სხვადასხვა საგანია გასავლელი. ნაწილი ამერიკის გამოცდებს აბარებს და ნაწილს - ჩვენი გამოცდები აქვს ჩასაბარებელი... არიან ასევე აბიტურიენტები, რომლებიც თავის სამედიცინო კარიერას იწყებენ, რომლებსაც გზას ვუკვალავ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ისე გადის მთელი დღე, რომ ფიზიკურად საჭმლის ჭამასაც ვერ ვასწრებ და ამაზე არც ვფიქრობ, უბრალოდ არ მშია...
არდაღლის მიზეზი სწორედ მოტივაციაა, რომ ამ ყველაფერში იყო ჩართული. ეს ენერგიის გაახლების მიზეზიცაა. ენერგია კი იმის ხარჯზე ახლდება, რომ ყოველი დღე უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა იყო, უფრო ახალი და ყოველთვის არის მიზნები. ერთ საქმეს რუტინულად კი არ ვაკეთებ, არამედ მაქვს მიზანი, ეს მიზანი ყოველ ჯერზე ახალ საფეხურზე გადამყავს. უფრო ბრძოლის სურვილი მიჩნდება. მე სხვაზე არ ვმუშაობ, ყოველთვის საკუთარ თავზე. ამიტომ თვითონ ვარ ჩემი თავის დავალების მიმცემი, შემსრულებელი, აღმასრულებელი, გამომკითხავი და შემმოწმებელიც", - განაცხადა მან და კითხვაზე - რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება ჯანმრთელობას არ უქმნის პრობლემას, პასუხობს, რომ:
„წონაში დავიკელი, სადღაც 15 კილოგრამი მაინც მაქვს დაკლებული, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ, როგორც ვთქვი, ვერ ვასწრებ, სხვა განსაკუთრებული არაფერი. ისე, ბოლო პერიოდში მაგ კუთხითაც ვისწავლე ჩემს თავზე მუშაობა. დილით საკვებს თვითონ ვიმზადებ, კონტეინერში ვათავსებ და იმას მოვიხმარ დღის განმავლობაში. ამ ყველაფერთან ადაპტირებამაც მომიწია.
დასვენებაა საჭირო. კვირაში მართალია, არც ერთი დღე არ მაქვს დასვენებისთვის (ბოლო ერთი წელია, კვირა დღესაც აღარ დამისვენია). ისე, რამდენიმე საათიც მყოფნის, - პასიური დასვენება არ მიყვარს. წამოწოლა და მიძინება, ეს პირიქით მღლის, იმ კვირა დღესაც თუ საღამო საათებში დრო დამრჩება, სალაშქროდ გავდივარ, სროლაზე დავდივარ, ჩემი ველოსიპედით მოგზაურობა მიყვარს, ქალაქგარეთ, კახეთისკენ მივდივარ.
სულ ვსწავლობ - 24/7-ზე. ჩემს ცხოვრებაში ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომ არ მესწავლა, ასეთი მართლა არ ყოფილა. პაციენტებთან მუშაობის პერიოდშიც ვსწავლობ, ლექციების კითხვა კი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ნასწავლ საგნებს ვიმეორებ. ბოლოს რადიოლოგიამ დამაინტერესა და უკვე რადიოლოგიის რეზიდენტიც გავხდი. მოკლედ, ონკოლოგიასთან ერთად, რადიოლოგიც ვიქნები, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერის, რენტგენის წაკითხვა შევძლო. ასევე ვიცოდე, არა მარტო წაკითხვა, გადაღებაც. მინდა, ვიყო ავტონომიური და დამოუკიდებელი პაციენტებთან მუშაობის პერიოდში", - თქვა ღოღობერიძე.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე