„ევროპასთან დაახლოების აზრი ისაა, რომ ჩვეულებრივი მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდეს სოციალურ-ეკონომიკური, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ბევრი სხვა კუთხით“
თამთა ჩაჩანიძე
24.07.2023

დეკემბერში უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - როგორც მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, „სამართლიან გადაწყვეტილებას" ელოდება და თუკი სტატუსი მოგვეცემა, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" განიხილავენ თუ რა სიკეთეები შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში და რა ნაბიჯია ეს ევროინტეგრაციის გზაზე. ამბობენ, რომ სტატუსი პირველ რიგში ესაა საშუალება, რათა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უფრო რეალური გახდეს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სოციალური განვითარების პროგრამები აქვს, რომლითაც ქვეყნის აჩქარებული წინსვლის ხელშეწყობა იგულისხმება.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე, რაზედაც ქვეყანაში ნაკლებად საუბრობენ, ესაა, „ევროკავშირის ფარი" - ევროკავშირის პოზიცია, რომ თავისი წევრი და წევრობის კანდიდატი სახელმწიფოების უსაფრთხოება დაიცვას.

რა თქვა პრემიერმა

დეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება.

„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარებას.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

„გასულ წელს ევროპულმა ლიდერებმა, მათ შორის, ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მომენტიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით.

„მიმდინარე წლის დეკემბერში კი ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა.

„სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულები და პასუხისმგებლობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო," - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.

„საქართველო რჩება ერთგული ევროკავშირისა და სანდო პარტნიორი მისი. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა.

„საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარებაში, რადგან რეგიონალური ენერგოტრანზიტი, საქონლის ტრანსპორტირების და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რა სიკეთეებს მოიტანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში გახსნილი გზაა, რომ გაწევრიანებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ.

„პირველი სიკეთე ისაა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირის წევრობისკენ მოძრაობას დავიწყებთ. ანუ გაიხსნება გზა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვიმუშაოთ, რაც ჩვენი ეროვნული მიზანია.

„მეორე - კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სოციალური განვითარების პროგრამები აქვს, რომლითაც ქვეყნის აჩქარებული წინსვლის ხელშეწყობა იგულისხმება. ასეთი პროგრამები, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდგომ საქართველოს ევროპული მიმართულებით სოციალური და პოლიტიკური განვითარება ჩვეული ტემპით წარიმართოს.

„მესამე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელზედაც ნაკლებად ვსაუბრობთ, ესაა, ევროკავშირის ფარი, რომელიც ჩვენთან მთლად ასე გამოკვეთილად არაა ცნობილი, მაგრამ ესაა, ევროკავშირის პოზიცია, რომ თავისი წევრი და წევრობის კანდიდატი სახელმწიფოების უსაფრთხოება დაიცვას. ჩვენთვის ეს ფენომენი გაჩნდება, რომელიც აქამდე ჩვენთვის უბრალოდ უცნობი იყო.

„ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში ევროკავშირის წევრი გახდება. კანდიდატის სტატუსს ამ წლის ბოლოს მოგვცემენ თუ ცოტა უფრო მერე, ამ პროგნოზის გაკეთება მიჭირს, მაგრამ სტატუსი, რომ გვექნება, ამაში ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის ამ პროექტის აზრი ისაა, რომ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რისთვსაც სპეციალური პროგრამებია და სტატუსის მონიჭების შემთხვევაში, მათი ამუშავებისთვის გამოყოფილ თანხებთან წვდომა გვექნება.

„კანდიდატის სტატუსი შემდგომში ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირში ინტეგრაცია კი ესაა გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში სოცოალურ-ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდეს - იქნება ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოების მაღალი დონე, სტაბილურობა, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები, ეკოლოგიური პრობლემები მოგვარდება. ევროკავშირის წევრობას უამრავი სიკეთე მოჰყვება.

„გადავხედოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებმაც ეს გზა გაიარეს - მაგალითად, ხორვატიას, რომელიც ევროკავშირის წევრი ერთი თვის წინ გახდა. მისი ათი წლის წინანდელი ეკონომიკური მდგომარეობა დღევანდელს, რომ შევადაროთ, ესაა ცა და დედამიწა, დიდი განსხვავება და პროგრესია.

„ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს - პატარა ქვეყანა ვართ და დიდ ბაზარზე გასვლა გვჭირდება, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოება დავიწყოთ. გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა და ჩვენი ადგილის დამკვიდრება. რაც მთავარია, ეს საქართველოს მხოლოდ ელიტებმა და მთავრობამ კი არა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს.

„ევროპასთან დაახლოების და პროექტის აზრი ესაა, რომ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდეს სოციალურ-ეკონომიკური, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ბევრი სხვა კუთხით. მათ შორის, უმუშევრობის, ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომლისთვისაც დღეს ჩვენ თანხები არ გვყოფნის.

„კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში, ევროკავშირს ბევრი პროგრამები აქვს, სადაც კანდიდატის ქვეყნის ჩართვა ხდება. რამდენიმე მიმართულებაა, მათ შორის სოფლის მეურნეობა და სხვა. ეს მოლაპარაკების საგნებია, გააჩნია პრიორიტეტები რაზე იქნება. იქ უკვე ამ თანხებთან პირდაპირი წვდომა გვექნება, რომლის ათვისება ქვეყანას უკვე შეეძლება, შეუძლია განსხვავებით იმისგან, როცა სტატუსი არ გაქვს.

„ევროკავშირს ის დაბრკოლებები ესმის, რომლებიც რეფორმების გზაზე წარმოიშობა და ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, რომლებიც გარდამავალ პერიოდში არიან, თავისი ბაზრისთვის და წევრობისთვის მოამზადოს. ტრანზიტულ პერიოდში თანხებს ამიტომაც გამოყოფს.

„დღეს, რომ ჩვენ ევროკავშირში მიგვიღონ კიდეც, ამისთვის ჩვენი ეკონომიკა მზად არაა, ეს ხშირად მოსახლეობას სხვანაირად ესმის, ამას თანდათან განვითარება სჭირდება, რომ ქართული ეკონომიკა და პროდუქცია ისეთ ხარისხზე გავიდეს,რომ კონკურენტუნარიანი გახდეს.

„ევროკავშირს არ უნდა, რომ მორიგი ღარიბი ქვეყანა მიიღოს, რომელიც მხოლოდ სარჩენი იქნება. პირიქით, ამ პატარა ქვეყნებმა საკუთადი ნიშა უნდა იპოვოს და კონკურენციაც გაუწიოს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×