თამთა ჩაჩანიძე
24.07.2023

 ქართულ პოლიტიკურ ველზე უკვე გარკვეული მონახაზი გაჩნდა თუ როგორ აპირებენ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფები 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას - ყალიბდება ახალი პოლიტიკური ცენტრები, ასევე შესაძლო ალიანსებზე წამოყენებულია ინიაციატივებიც, რაც ანალიტიკოსთა ნაწილს უჩენს იმის განცდას, რომ შესაძლოა წრე გაირღვეს და ორპოლუსიანობა დასრულდეს.

თუმცაღა, ნაწილი ექსპერტებისა ამბობს, რომ მსგავსი ალიანსები ადრეც ყოფილა და თუ რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები და ცვლილება არ მოხდა, მოჯადოებული წრიდან ვერ გავალთ და ორპოლუსიანობა ფესვებს უფრო გაიდგამს.

ვინ ვისთან იქნება 2024 წლის არჩვნებისთვის

პირველი ალიანსის შესახებ ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებელს შორის 20 ივლისს გახდა ცნობილი, როგორც თავად ამბობენ, ალიანსის კარი ყველა პროევროპული პარტიებისთვის ღიაა, თუმცა მათ „გამარჯვების პლატფორმას" თანამოაზრე ჯერ არ ჰყავს.

ახალ ალტერნატიულ ცენტრს ქმნის პარტია „ლელოც" და კონსულტაციებს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან მართავს, ვისაც არც „ოცნება" და არც ენმ არ სურს. ჯერჯერობით უცნობია ვინ შევა, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შესაძლოა ალიანსში ვიხილოთ „დროა" და „გირჩი-მეტი თვაისუფლება", „ევროპული საქართველო".

ასევე, პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. ბესელია ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან კონსულტაციების მცდელობას არ გამორიცხავს, თუმცა ყოფილი პ

რემიერ-მინისტრმა მკაფიოდ და მოკლედ აღნიშნა, რომ „არცერთ სხვა პარტიასთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს" და 2024 წლის არჩვენებისთვის ბრძოლას მარტო აპირებს.

რაც შეეხება პარლამენტში მყოფ სხვა პარტიებს, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს", იაგო ხვიჩიას „გირჩს" და „ევროპელ სოციალისტებს", ჯერჯერობით უცნობია რა გზას აირჩევენ, ან რაიმე სხვა ინიციატივას წამოაყენებენ თუ არა.

არც ისაა ცნობილი რას იზამს საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ხალხის ძალა", თუმცა როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, თუ „ოცნებას" დასჭირდა, მასთან შეცლენ ალიანსში.

დაასრულებს თუ არა ორპოლუსიანობას ახალი პოლიტიკური რეალობა

შავი ზღის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერი მაშინ გამოჩნდება, როცა ცენტრები ცამოყალიბდება და წინასაარცევნო კვლევა დაიდება.

"შესაძლოა არჩევნებში ბევრმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ აქ მთავარია ენმ და „ოცნების" გარდა ხმები სხვა ცენტრებზე თუ გადანაწილდება. ყველაფერი გამოჩნდება მაშინ, როცა ცენტრები ჩამოყალიბდება და წინასაარჩევნო კვლევები იქნება.

„თუმცაღა მგონია, რომ 5%-იანი ბარიერის მიუხედავად, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია არ გავა. ცენტრების შექმნა კი პოლიტიკურ პარტიებს დაეხმარება იმაში, რომ ბარიერი გადალახონ. ენმ-სა და „სტრატეგიის" ალიანსის შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა" ბარიერს ლახავს, თუმცა დამატებით ხმების მოპოვებაში შესაძლოა ვაშაძის ფაქტორი დაეხმაროს, პროგრესულად მოაზროვნეთა ნაწილში, მას გარკვეული იმიჯი აქვს.

„რაც შეეხება „ლელოს" ცენტრს, თუ მას „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „ევროპული საქართველო" შეუერთდება, მაშინ ბარიერის გადალახვის პერსპექტივა ექნებათ.

„გარდა ამისა, შანსი აქვს გახარიას პარტიას. როგორც თავად თქვეს, მარტო იბრძოლებენ. ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მათ რეიტინგი აქვთ. მეტიც, რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარე გახარიას პარტიიდანაა. „ქართული ოცნების" ყოფილი მომხრე მხარს ალბათ უფრო მათ დაუჭერს.

„თუ „ოცნების" სხვა ყოფილმა წარმომადგენლებმა ალიანსი შექმნეს, არა მგონია მათ ბარიერის გადალახვის შანსი მიეცეთ. არც ის მგონია, რომ გიორგი გახარიამ მათთან ალიანსი შეკრას, თავად გახარიას არ აწყობს.

„რაც შეეხება იაგო ხვიჩიას „გირჩს" და „მოქალაქეებს", ისინი თამაშგარე მდგომრეობაში არიან, რადგან არა მგონია, რომ ოპოზიციამ მიიღოს, მათ ალიანსი რომც შეკრან, ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. „ხალხის ძალა" კი „ოცნებასთან" იქნება ალიანსში",-განაცხადა ჩიტაზემ.

ჩიტაძის პროგნოზით, პარლამენტში მინიმუმ ოთხი ცენტრი შევა და ამით ორპოლუსიანობა შეიძლება დასრულდეს.

„საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ორპოლუსიანობა დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში რამდენიმე ცენტრი იქნება წარმოდგენილი, სულ ცოტა ოთხი პოლიტიკური სუბიექტი - „ოცნება" - „ხალხის ძალა", ენმ - „სტრატეგია", „ლელოს" ალიანსი და გახარიას პარტია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" პესიმისტურად უყურებს იმას, რომ ორპოლუსიანიბა დასრულდება, რადგან მისი აზრით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს „დამარცხების დამღა" აქვს.

„ნებისმიერმა რამემ მათ შორის არჩევმებმაც შეჩვევა იცის - როცა ამომრჩევლები შეჩვეულები არიან, რომ ესა თუ ის პარტიები წინა არჩევნებსე უკვე დამარცხდნენ, მერე მათი გადაჩვევა, რომ ესენი ახლა გამარჯვების პლატფორმაზე დგანან და ამიტომ სხვანაირად მიეცი ხმაო, ნაკლებსავარაუდოა და ასეთ მოწოდებას არ აჰყვებიან.

„ეს პარტიები გამარჯვებას დაირქმევენ თუ ავანგარდს, მათ ერთი საერთო დამღა აქვთ, ბევრჯერ დამარცხდნენ, პოლიტიკაში დამარცხება კი ზუსტად იმ ჩვევას აჩენს, რომ მერე მათ ხმას არ აძლევენ.

„ადამიანი ვისაც შეეჩვევა, რომ იმარჯვებს, გამარჯვების გვირგვინს იმას გადასცემს ხოლმე. ვისაც შეეჩვევა, რომ მარცხდება, იმას ხმას არ აძლევს. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა ახალი არაფერი მოხდა, ისევ ორპოლუსიანობა გვექნება.

„მომგებიანია ხოლმე, როცა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი ჩნდება, რომელზედაც მოსახლეობას რაიმე ჩვევა არ აქვს შემუაშავებული, ან ძველი ჩვევა აღარ ჭრის - ასეთი თავის დროზე სააკაშვილი-ჟვანიას ჯგუფი იყო. მოსახლეობა შეჩვეული იყო, რომ ესენი შევარდნაძის მხარდაჭერები იყვნენ და უცებ გამოხტნენ და დაუპირისპირდნენ. ამით ძველი ჩვევა მოირღვა და ახალი ჩვევის მხრივ უფრო საინტერესონი აღმოჩნდნენ.

„მახსოვს, მაშინ ნათელაშვილი ჩიოდა, რომ სააკაშვილმა ჩემი ლოზუნგები აიღო, ხალხი მას გაჰყვა და მე არაო. საქმე ის იყო, რომ ხალხი ნათელაშვილისთვის უარის თქმას იყო შეჩვეული, ასეთი მავნე ჩვევა სააკაშვილთან დაკავშირებით არ ჰქონდა.

„ეს პოლიტიკური ცენტრები თვითონ რომ შეიკრიბებიან, ერთმანეთს გაამხნევებენ, რა მაგრად ვიქნებითო. გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატურში ერთმანეთს ამხნევებდნენ, ხელები ჩასჭიდეს და მაღლა წევდნენ, მაგრამ არჩევნების შედეგზე ამან არ იმოქმედა.

„მგონი ახლაც ანალოგიური მდგომარეობა იქნება, თუმცა ენმ ახლა იმ ძალის არაა, რომ წარსულს შევადაროთ. მეეჭვება, რომ ახლა იგივე შედეგი ჰქონდეს და ქართული პოლიტიკური სასწორი „ოცნებისკენ" კიდევ უფრო მეტად იქნება გადახრილი",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×