ნაზი ბერიძე
22.07.2023

პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. თვითონ ბესელია პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთან აპირებს დაახლოებას, თუმცა საპირისპირო განცხადებას ავრცელებს თავად ყოფილი პრემიერ მინისტრი, ის არცერთ სხვა პარტიასთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს. ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" სკეპტიკური პროგნოზები აქვთ თავად ეკა ბესელიას პოლიტიკური მომავლის შესახებ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების" ყოფილი წევრების პოლიტიკური ალიანსი ვერ იქნება ისეთი მაღალი ელექტორატის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ეკა ბესელიას თქმით, მას გაერთიანებასთან დაკავშრებით კონსულტაციები აქვს „ქართული ოცნების" ყოფილ წევრებთან, მათ შორის, გიორგი გახარიასთან.

„ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც. ამიტომაც ყველაფერ ამას ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, იფიქრონ გამსხვილებაზე.

„შესაძლოა იყოს რამდენიმე კონფიგურაცია, ეს ცუდი არ არის. ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ვერსია იქნებოდა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ უნდა იყოს ორი არჩევანი - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". შეიძლება, არ იყოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" და კიდევ იყოს ერთი ალტერნატივა, რომელიც წარსულით დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ, მე ვფიქრობ, უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა, როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან".

„ერთი ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ და ვერ ვიქნები და დანარჩენი არ ვიცი როგორი კონფიგურაცია იქნება. ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც, მე მახსოვს, იყო „ქართული ოცნების" იდეასთან და ყველა, ვისაც ჰქონდა პრინციპები და საკუთარი შეხედულებები, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს არ მოგვწონს, თითქმის ყველა წამოვიდა „ქართული ოცნებიდან".

„შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე - „ოცნების" ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ამ საკითხზე მაქვს კონსულტაცია ყველასთან. ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ, რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ასევე გიორგი გახარიასთან. მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას", - განაცხადა ბესელიამ.

თუმცა, პარტია „საქართველოსთვის" 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება - ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფომაციაში.

„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!" - აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას არაფერს გამორიცხავს, თუმცა იქიდან გამომდინარე, როომ ბესელიას და გახარიას პარტიის განცხადებები ერთმანეთტან თანხვედრაში არ არის, ასეთი გაერთიანების პერსპექტივაზე საუბარი უჭირს.

„საკმაოდ რთული შეკითხვაა - ეკა ბესელია მარტო თავისი სახელით ლაპარაკობს, თუ მის უკან ვინმე არის, უცნობია. ჯერ ერთი, როდესაც ასე ჰქონდა გადაწყვეტილი, საჯაროდ კი არ უნდა განეცხადებინა, არამედ პირველ რიგში უნდა დაკავშირებოდა გახარიას და ნიადაგი მოესინჯა. იმიტომ, რომ ახლა ყველა რაღაცას ლაპარაკობს, ყველას რაღაც იდეა აქვს პოლიტიკაში დაბრუნების თუ შესვლის.

„ვერ გეტყვით რამდენად მოსალოდნელია ასეთი გაერთიანება. გახარია ერთს ლაპარაკობს, ბესელია კი - მეორეს. პარტიულად უერთდება თუ პიროვნულად აინტერესებს გახარია, ზუსტად არავინ არაფერი იცის.

„ყოფილი „ქოცების" გაერთიანების შექმნა? არარეალური ზოგადად არაფერი არ არის, მაგრამ გახარია ამბობს, რომ პარტიულად არავისთან იქნება. მაგრამ, თქვენი აზრით, ერთს ამბობს და სხვას ფიქრობს? არ ვიცი ამაზე რა კომენტარი გავაკეთო.

„გახარია ამბობს, რომ ჩვენ არ ვერთიანდებით არავისთან. ბესელია ამბობს, რომ შეიძლება გაერთიანდნენ „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები. ესეც არ ვიცით, პარტიას გულისხმობს თუ ცალკეულ პიროვნებებს. არაფერი არ დაუკონკრეტებია. და საფუძველი რა აქვს ამ განცხადებას, ესეც არ ვიცი. ფაქტი არ არის, მხოლოდ განცხადებებია და თან ეს განცხადებები ერთმანეთთან არანაირ თანხვედრაში არ არის", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებ, რომ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერ ეკა ბესელიასთან ალიანსი, სავარუდოდ, არ უნდა აწყობდეს.

„ამაზე ალბათ რთულია ახლა საუბარი. არჩევნებამდე საკმაო დრო არის დარჩენილი და ეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც არჩევნები მოახლოვდება, ახალი გამოკითხვები ჩატარდება, პარტიები გაზომავენ თავიანთი ელექტორატის მხარდაჭერას და იმის მიხედვით მიიღებენ ალბათ გადაწყვეტილებას - უღირთ თუ არა ცალკე, დამოუკიდებლად გამოსვლა, ან ვიღაცასთან გაერთიანება.

„თავად ბესელიას რაც შეეხება, მის პარტიას ნულოვანი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. თვითონ ბესელია საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაში მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რაში უნდა აწყობდეს გახარიას პარტიას მასთან ალიანსი.

„ყოფილი „ქოცების" გაერთიანება? საერთოდ ჩვენთან ყველა ეძებს სხვადასხვა საშუალებებს იმისათვის, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს. განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკიდან წასვლის მერე საკუთარი თავი ვერ იპოვა, შეიძლება ასე ითქვას, და ახლა შეეცდებიან, რომ სადღაც რომელიღაც მომგებიან ალიანსებში შეყონ თავი.

„მე ვინც ახლა ვიცი მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეები ყოფილ „ქოცებში", დიდ მიმზიდველობას პოლიტიკური კუთხით მათში ვერ ვხედავ. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა და ვფიქრობ, არც გამოკითხვები აჩვენებენ მსგავს შედეგებს რომ რომელიმე მათგანი „ქართული ოცნებიდან" წასული დიდი გავლენით სარგებლობდეს.

„ვის აწყობს ყოფილი „ქოცების" გაერთიანება და ვის არა ამ ეტაპზე პასუხი მე არა მაქვს. მაგრამ შეიძლება აწყობდეს „ქართულ ოცნებას", თუ, ვთქვათ, ისინი გარკვეულ ოპოზიციურ ელექტორატს წაიღებენ თავისკენ", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×