ნაზი ბერიძე
21.07.2023

ოპოზიცია ბოლო დროს გააქტიურდა კოალიციებისა და გაერთიანებების შექმნის მოწოდებებით. დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" პოლიტიკურ ბრძოლას გაერთიანებული შემადგებლობით გააგრძელებენ. „ლელო", ორპოლუსიანობის დასასრულებლად, ალტერნატიული ცენტრის შექმნას აანონსებს. გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ერთიან საარჩევნო სიებზე შეთანხმებას სხვა პარტიებთან გამორიცხავს. როგორი იქნება მესამე ძალა და რა ვალდებულება აქვს ოპოზიციას საზოგადოების წინაშე, რა უნდა იყოს მისი რეალური პრაგმატული პროგრამა და როგორ ჩამოყალიბდება ოპოზიცია საარჩევნო მარათონის დაწყებისას, ამაზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციას ჯერჯერობით პროგრამები არ გააჩნია. დღეს ოპოზიციის ძირითადი გზავნილია აპელირება იმაზე, რომ „ქართული ოცნება" არის პრორუსული ძალა. სხვა რაიმე თემა „ქართული ოცნება" რას აკეთებს ან რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ რომ მოვა და ა.შ. არ არსებობს. ვერსად მედია-სივრცეში თქვენ ამას ვერ ნახავთ. ამ ძირითად თემას, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, ხანდახან ენაცვლება ის, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან თუ არ უნდა გამოუშვან, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს თუ არ უნდა შეიწყალოს და კრიტიკა ვრცელდება, დავუშვათ, უკრაინასთან მიმართებაში.

არცერთი ისეთ ფაქტორსა და მიმართულებაზე, რომელიც მოსახლეობის ძირითად ნაწილს აინტერესებს, იქნება ეს სოციალური სფერო, ეკონომიკა, გნებავთ ადამიანის უფლებები, სახელმწიფო მოწყობა თუ კორუფცია, ამაზე ოპოზიცია ხმას არ იღებს.

ხელისუფლება კი, რადგან ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია, გვეუბნება შემდეგს, რომ ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, შეეცდება ხალხის ქუჩაში გამოყვანას და არასტაბილური გარემოს შექმნას. და, თუ არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა, მაშინ ვარაუდობენ, რომ განვითარდეს ისეთი სცენარი, როგორიც იყო 2003 წელს ანუ „ვარდების რევოლუცია".

ხელისუფლება ერთს ლაპარაკობს, ოპოზიცია მეორეს და რეალურად არც ერთს და არც მეორეს საერთოდ არ აინტერესებს, რა პრობლემებია ქვეყანაში ან მოსახლეობას რა პრობლემები აქვს, როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.

ამასობაში მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც სოციალური დოვლათი უნდა შექმნას, ტოვებს ქვეყანას და მიდის სხვა ქვეყნებში, რათა იქაური ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყოს ხელი და იქედან უნდა არჩინოს ჩვენი მოსახლეობა. შესაბამისად იზრდება ემიგრაცია, მუშახელი აქ აღარ დარჩება, ბიზნესი ისედაც სრულად არის მონოპოლიზებული, საშუალო ბიზნესი ქრება, ელიტური კორუფცია იზრდება, მაგრამ ოპოზიცია ჯერჯერობით ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

„რეზონანსი": როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების ეფექტური გეგმა?

ვ.ძ: ოპოზიციას ძალიან დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს, რადგან მხოლოდ ხელისუფლების პრორუსულობაზეა საუბარი. ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ეს უნდა იყოს ძალიან ცალსახად და ნათლად ნაჩვენები, რომ მოსახლეობამ ეს ირწმუნოს. ძირითადად ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მე ხომ ვერ დავუწერ სამოქმედო პროგრამას ოპოზიციას? მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იმ თემებიდან, რაც დღეს ქართველი ამომრჩევლისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, ოპოზიცია ვერაფერს ვერ სთავაზობს. ამბობენ, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს. კი ბატონო, ივანიშვილი წავიდეს, მაგრამ რა შეიცვლება თქვენ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში? იქნები პროევროპული და რას ნიშნავს რომ პროევროპული იქნები? კონკრეტულად რას ნიშნავს? ის კი არ უნდა მითხრა, რომ რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ევროპა დაგვეხმარება. ევროპა 30 წელია გვეხმარება. უნდა დასახო მიზნები, როგორ შეაჩერებ ემიგრაციას, რას გააკეთებ ამ მიმართულებით.

„რ": საერთო პარტიული სიები იქნება?

ვ.ძ: სანამ პარტიულ სიებამდე მივალთ, მანამდე პოლიტიკური დაჯგუფებები უნდა გაკეთდეს, ჯერ ამაზე უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია. შემოდგომა ეს არის, ასე ვთქვათ, ბოლო ვადა, ოპოზიციამ უნდა მიიღოს რაღაც სახე, უნდა იყოს გამართული. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი" ხან სამეულშია, ხან „ნაციონალურ მოძრაობაში" გვხვდება. გუშინ სააკაშვილს აგინებდნენ, დღეს აქებენ. ასე ოპოზიციამ როგორ უნდა მიიღოს მოსახლეობის მხარდაჭერა?

„რ": ბევრს საუბრობენ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც ენმ-სა და „ოცნებას" კონკურენციას გაუწევს. რამდენად რეალურია ეს?

ვ.ძ: ალტერნატიული ცენტრი იქნება ის პარტია ან პარტიათა ჯგუფი, რომელსაც გარანტირებულად ექნება 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. არცერთ წვრილ პარტიას გარდა „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობისა" ეს გარანტირებული არა აქვს, მათ შორის არც „ლელოს". ამიტომ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელსაც გარანტირებულად ექნება 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება. ის იქნება მესამე ცენტრი, მე ვაკეთებ მესამე ცენტრს, ეგრე არ გამოდის, ცალკე აღებული „ლელო" 5%-იან ბარიერს ვერ დაძლევს.

მე არ ვიცი „ლელო" ვისთან ლაპარაკობს მაგრამ ზოგადად ამომრჩევლების შეხედულებებიდან გამომდინარე არსებობს სამი ჯგუფი: ერთია „ნაციონალური მოძრაობა" და მისგან გამონაყოფი პოლიტიკური ძალები, მეორე არის „ქართული ოცნება" და მისი ხელმძღვანელობიდან წამოსული ძალა, მესამე არის ის პარტიული ჯგუფი, რომელსაც არც „ქართულ ოცნებასთან" ჰქონია კავშირი და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან".

ვისთან შეიძლება იყოს „ლელო"? არის „გირჩი", არის ალეკო ელისაშვილი, ჯერჯერობით ვინც ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე. უნდა იყოს ჯგუფი, რომელთა წარმომავლობა არც „ქართულ ოცნებას" უკავშირდება და არც „ნაციონალურ მოძრაობას". მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ამას უნდა დაემატოს პროგრამა, რევოლუციური კი არა, რეალური, ძალიან პრაგმატული პროგრამა, რომელიც ამომრჩევლისთვის იქნება საინტერესო.

დღეს პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ხალხისადმი და ქვეყნისადმი, თუ არა აქვს გარანტია რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს, უბრალოდ არ უნდა იყაროს კენჭი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×