
„სტრატეგია აღმაშენებელი" მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციის ერთიან პრემიერობის კანდიდატად პარტიის ლიდერ გიორგი ვაშაძეს განიხილავს. „ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება, თუ გიორგი ვაშაძე არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად მიიღებს, რაც არ უნდა ფორმალიზებული სახე მიეცეს ამ შეთანხმებას. ანალიტიკოსები საკმაოდ რელურად მიიჩნევენ წინასაარჩევნოდ დიდი ოპოზიციური გაერთინების შექმნას, მაგრამ ამ გაერთიანებაში ვაშაძის როლს განსხვავებულად აფასებენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ .თუ იქნება შეთანხმება ოპოზიციის შიგნით და გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერ-მინისტრობის ერთიანი კანდიდატი, ეს მხოლოდ წაადგება საერთო ოპოზიციურ პროცესს
„ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ გიორგი ვაშაძე, რა თქმა უნდა, იქნება უნიკალური კანდიდატი, მთავარია, ახლა ამაზე შეთანხმდეს დანარჩენი ოპოზიცია", - აცხადებს მანჯგალაძე.
მისი თქმით, განიხილება დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც იქნება არა მესამე ძალა, არამედ ძალა, რომელიც დაამარცხებს ხელისუფლებას არჩევნებში.
„რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პრემიერობის საკითხს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერობასთან დაკავშირებული საკითხი ამ ეტაპზე არ იხილება, მაგრამ ჩვენ ვიხილავთ დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც იქნება არა მესამე ძალა, არამედ ძალა, რომელიც დაამარცხებს ხელისუფლებას არჩევნებში.
„სრულდება მოლაპარაკებების პირველი ფაზა და ეს შემიძლია დავადასტურო. ასევე, ვფიქრობთ, რომ მინისტრის კაბინეტი უნდა იყოს დასახელებული იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" პროპაგანდას გამოეცალოს ძალა და არ დააშინონ ადამიანები, რომ ვიღაც მოდის, ვიღაც ბრუნდება და ა.შ. ახალი ლიდერების დრო მოვიდა და ამას ნახავს ყველა ერთად, პროფესიონალი ადამიანები იქნებიან ამ პროცესში.
„სტრატეგია აღმაშენებელი" არ უქმდება, არც სხვა პარტიები, არც ვინმე რომელიმე პარტიაში ერთიანდება. პირიქით, ვქმნით ახალ ზეპარტიულ, ზეეროვნულ პროცესს, სადაც მთავარი იქნება არა პარტიები, არამედ ადამიანი და ახალი თაობის ლიდერები. ჩვენ კარს ვუხსნით პროქართულ, პროეროვნულ, პროდასავლურ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ეროვნული ინტერესი. ეს არის ახალი ეროვნული პროცესი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერობის პოზიციაზე მისაღებია „ნაციონალური მოძრაობისთვის" „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არჩევნებში მონაწილეობაში. მისი თქმით, ვაშაძის პოლიტიკური რესურსები მაღალია.
„აღნიშნული საკითხზე ფორმალიზებული დისკუსია პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები, თუ გიორგი ვაშაძე გადაწყვეტს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან. ვთვლი, რომ ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, არის ახალგაზრდა, ძალიან დიდი რესურსის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება ძალიან სერიოზულ მიღწევებთან და რეფორმებთან და ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის კეთილდღეობისთვის მომავალში. ამ ადამიანს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება „ნაციონალურ მოძრაობისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დიდ ოპოზიციურ კოალიციაზე საუბარი ნაადრევია, ხოლო გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელება, მისი ახლანდელი რეიტინგისა და ბოლო არჩევნებში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, შეცდომა იქნება.
„ამ ეტაპზე რთულია რამის თქმა. რამდენადაც მე ვიცი, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის თანამშრომლობის სურვილი ამა თუ იმ ფორმით ჯერჯერობით არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გამოუთქვამს. მეორეც - ვაშაძესაც არ დაუდასტურებია ინფორმაცია, რომ შეიძლება მისი კანდიდატურა იქნეს განხილული პრემიერ-მინისტრად მომავალი ხელისუფლების.
„სანამ ყველა სხვა ოპოზიციური პარტია არ დააფიქსირებს თავის პოზიციას, რაიმე სერიოზულ კოალიციის ჩამოყალიბებაზე საუბარი ან ანალიზი ნაადრევი იქნება. მე რამდენადაც ვიცი, მაგალითად, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" გამორიცხა ყველანაირი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან". არც „ლელო" არის მაინც და მაინც განწყობილი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობასთან" შევიდეს კოალიციაში, თუმცა შეიძლება მომავალში შეცვალოს გადაწყვეტილება, რაც არაერთხელ გაუკეთებია.
„რაც შეეხება სხვა წვრილ პარტიებს, რომლებიც ისედაც „ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან აფილირებული, არ გამოვრიცხაც, რომ მათ მოისურვონ კოალიციაში შესვლა. ან „მოაჯდნენ" მხარზე წამყვან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა" იმის იმედით, რომ პარლამენტის ერთი ან ორი მანდატი მიიღონ.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვაშაძის დასახელება პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პოლიტიკური და სტრატეგიული შეცდომაა. ამით, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში საკუთარი დამარცხების შანსს ძალიან ზრდის. იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძე არ არის პოპულარული პერსონა საზოგადოებაში, მისი პარტიის რეიტინგებიდან და ბოლო ორ არჩევნებში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი ვაშაზეს პრემიერობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, ვაშაძის წარდგენამ შესაძლოა ხელიც კი შეუწყოს ოპოზიციის გაერთიანებას.
„თუ გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერობის კანდიდატი, ეს ხელს შეუწყობს პროდასავლური პოლიტიკური პარტიების დაახლოების პროცესს. თუმცა ამ შემთხვევაში თავად ბატონი გიორგის განცხადებას დაველოდოთ.
„პირადად მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მივესალმები, თუ ბატონი გიორგი იქნება პრემიერობის საერთო კანდიდატი ოპოზიციიდან, თუ ამაზე შეთანხმება შედგება, რადგანაც წინა ხელისუფლების ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო იუსტიციის სახლების გახსნა. ხოლო ამ პროექტის ინიციატორი გახლდათ ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
„ამიტომაც მგონია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაბამისი განათლება აქვს (მას ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მაგისტრის ხარისხი მიღებული), ბუნებრივია პრემიერობისთვის შესაფერისი კანდიდატი იქნება - ეს ერთი.
„და საკითხი ნომერი ორი - გარდა იმისა, რომ იქნება შესაფერისი კანდიდატი, მისი წარდგენა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას. ამ გაერთიანებაში შეიძლება იყვნენ, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „დროა" და „გირჩი". ასევე არ ვიცი, მაგრამ „ლელოსთან" შეიძლება მოლაპარაკება და კონსულტაციები გაიმართება", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.