ელზა პაპოშვილი
03.07.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით - გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს. ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსულ ძალებთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა.  

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ბახმუტის მიმართულებით შეტევა დაიწყეს დონეცკის ოლქის მინკოვკასა და ბოგდანოვკას რაიონებში, მაგრამ უშედეგოდ. ამ მიმართულებით, რუსების საარტილერიო დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია უკრაინის ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. ხოლო გასული კვირის განმავლობაში, ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორია 9 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.

აღმოსავლეთით კი  რუსულმა ძალებმა დაბომბვის ინტენსივობა გააორმაგა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ტერიტორია, ამ მიმართულებით, 11 753-ჯერ დაბომბეს.

„სამხრეთით თავდაცვის ძალები უტევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ, ნოვოდაროვკას, პრიუტნოეს, ნოვოდანილოვკას, რობოტინოს, ნოვოსელკას, სტარომაიორსკის მიმართულებებით“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 

მისი თქმით, უკრაინის დამცველებმა ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და გასული კვირის განმავლობაში 28.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. სამხრეთით, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 158.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.   

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი პისარენკო, მეტსახელად „დიდი“ მოკლეს. პისარენკოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ხელმძღვანელი აფთი ალაუდინოვი ავრცელებს.

ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან იღებს. 

რუსულმა ძალებმა კი სუმის ოლქს 4 დრონით დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „სუმის ოლქის ქალაქ სუმის ცენტრზე დრონებით 4 დარტყმა დაფიქსირდა“, - აცხადებენ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში. მათი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.  

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად მიმდინარე კონტრშეტევაში წინსვლას აღწევენ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს და გამარჯვებამდე მიჰყავს.

„გასული კვირა რთული იყო ფრონტზე, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ. წინ მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ყველას, ვისაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებამდე მიჰყავს!“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.   

მისივე თქმით, უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს.

“[ნატო-ს] სამიტამდე შედეგი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემოდგომას უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მისი გაგრძელება არ შეეძლო ვინაიდან არტილერია არ ჰქონდათ.

“ამ შემოდგომას კონტრშეტევა დავიწყეთ და შედეგი გვჭირდებოდა… გავჩერდით, ვინაიდან, შემდგომ სვლა არ შეგვეძლო. წინსვლა ხალხის დაკარგვას ნიშნავდა, ჩვენ კი არტილერია არ გვქონდა…

ძალიან ფრთხილად ვართ ამ მხრივ. სწრაფი რაღაცები ყოველთვის უსაფრთხო არ არის. თუ მეტყვიან, რომ გავა ორი თვე და ათასობით ადამიანი მოკვდება, ან გავა სამი თვე და ნაკლები ადამიანი მოკვდება, რა თქმა უნდა, ბოლო ვარიანტს ავირჩევ… დროსა და ხალხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მდგომარეობა და საერთაშორისო იმიჯი შეაფასა, და აღნიშნა, რომ “ჩემი მოკვლა მხოლოდ რუსეთში სურთ, მისი მოკვლა კი მთელ მსოფლიოს სურს.” 

უკრაინის თავდაცვითი ძალები თანდათან მიიწევენ წინ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით, ამავდროულად, აღმოსავლეთში რუსები რამდენიმე მიმართულებით უტევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ. ჩვენს ჯარს ხვდება მტრის ძლიერი წინააღმდეგობა, დისტანციური დანაღმვა, მაგრამ დაჟინებით და დაუღალავად ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის”, - განაცხადა მალიარმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსული ძალები რამდენიმე მიმართულებით - ავდიივკას, ლიმანისა და მარინკას - მიმართულებებით უტევენ და წინ წავიდნენ სვატოვსკის მიმართულებით. „იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. სიტუაცია საკმაოდ რთულია", - განაცხადა მალიარმა.    

საქართველოს გენშტაბის შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ უკრაინელების კონტრშეტევა გარკვეული ლოკალური წარმატებებით მიმდინარეობს. კაპანაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უკრაინა ისევ მოსამზადებელ ოპერაციებს ახორციელებს, რაც ძირითადი შეტევის დასაწყებად სჭირდება. გენერალი მიიჩნევს, რომ ეს არის რუსეთის სუსტი ადგილების ძიების პროცესი. 

„განსაკუთრებული წარმატება უკრაინას დონეცკის და ზაპროჟიეს რაიონების საზღვარზე აქვს. მართალია, დიდი  მანძილით არ მიიწევენ წინ, მაგრამ ნებისმიერ სანტიმეტრს დიდი მნიშვნელობა აქვს. 

„რაც შეეხება კონტრშეტევას, მე მაინც ვთვლი, რომ, გაცილებით წარმატებული იქნება, თუკი უკრაინა „ეფ-16“ მიიღებდა. საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, უკრაინელებს კონტრშეტევა და სწრაფად წინსვლა უჭირთ. მათზე რუსები ვეტრფრენებით ჯავშანტექნიკის დაზიანებას ახერხებენ, რაც უკრაინელების წინსვლას აფერხებს. 

„ასევე, რუსებს ძალიან დიდი ტერიტორიები აქვთ დანაღმული, რაც უკრაინელების გადაადგილებას კიდევ უფრო აფერხებს. შესაბამისად,  რუსებს მათი გადაადგილების გაანალიზების საშუალება ეძლევათ, ამას კი საჰაერო დარტყმისთვის იყენებენ.  უკარინელებმა ეს დანაღმული ტერიტორიები რომ გადალახონ, მათ საინჟინრო ტექნიკა სჭირდებათ. ასევე, ჰაერიდან დაცვა, რათა ამ ტექნიკის გამოყენებაც მოხდეს. 

„ასეთ დროს დანაყოფი ჰაერიდან უფრო მოწყვლადი ხდება. უკრაინელები თანამედროვე ბრძოლის მეთოდებს წარმატებით იყენებენ, ეს არის გაკვამლიანება და ღამით ბრძოლა. ახლა ყველაზე მეტად რაც უჭირთ, ეს საჰაერო მხარდაჭერაა. თუკი შორი მანძილის რაკეტებს მიიღებენ, ეს უკრაინელებისთვის ძალიან დიდი მოგებული დრო იქნება, რომელიც მათ წინსვლას დააჩქარებს“, - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“. 

 რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა ბელარუსიისდან კიევზე თავდაასხმის სართხე „ვაგნერის“ მეშვეობით, გენერალი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული პრიგოჟინს ნოვიჩოკი ელოდებოდეს, პუტინი ასე მარტივად მას ამ შეურაცხყოფას არ შეარჩენს. ამიტომ მას ახლა საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი. 

„რუსებს საერთოდ ჭკუა თუ კიდევ მოეკითხებათ, კიევზე შეტევა აღარ უნდა გაბედონ. კვლავ კიევზე წასვლა, არის თვითმკვლელობის ტოლფასი, რადგან ახლა უფრო ცუდ სიტუაციაში არიან, ვიდრე ომის დასაწყისში. მითუმეტეს უკრაინელები ახლა ბევრად კარგად არიან შეიარაღებულები და გამაგრებულია კიევი, ვიდრე მანამდე იყო“,-ამბობს კაპანაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×