
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. „საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის ნაცვლად პრეზიდენტისა.
ცვლილელების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონისპროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-წევრმა მისცა.
ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგ).
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რომელსაც სალომე ზურაბიშვცილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, ცესკოს თავმჯდომარესა და შვიდ წევრს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით ირჩევს. კონკურსიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უნდა გამოცხადდეს. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება და მან პარლამენტს კანონმდებლობის საკუთარ ვერსია შესთავაზა.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს: ერთი მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში უცვლელი დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს.
მეორე მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მანამდე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით „საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის როლს ამცირებს.
მსხილაძის შეფასებით, ქვეყანაში დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიც არის ეროვნული ბანკი და ცენტრალური საარჩევნო კომისია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, არ შეიძლება მათ საქმიანობაში ჩარევა ისეთი გზით მოხდეს, რასაც ახლა ვაკვირდებით, როცა ცესკოს თავმჯდომარე შეიძლება არჩეულ იქნას ერთპარტიული ნიშნით.
„ეუთო-ოდირი და ვენეციის კომისია რეკომენდაციებში მოგვიწოდებს და პირდაპირ გვეუბნება, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არაპარტიული წევრების არჩევა კონსენსუსის გზით მოხდეს. ასევე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შუალედური ანგარიშის მიხედვით პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე კონსენსუსის გზით არჩეულიყო" - განაცხადა გიირგი მსხილაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქმე იქნება იქამდეც მივიდეს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს.
„უმრავლესობას სხვა ინტერესები აქვს, ოპოზიციას სხვა ინტერესები და აი ამ ინტერესების ჯამზე დადგა ეგ საკითხი. არიქა იზღუდება თუ არ იზღუდება პრეზიდენტის უფლებები, ძალიან გამადიდებელი შუშით შეიძლება შეამჩნიო, რომ პრეზიდენტს რაღაც უფლებები აქვს და მერე დაიწყო, რომ იზღუდება.
„ეს უფლებები, რაზედაც არის საუბარი - კანდიდატურის წარდგენის უფლება და ა.შ. ამა თუ იმ სტრუქტურაში. ეს არ არის ისეთი უფლებები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას, მითუფრო, რომ თუკი პარლამენტმა გადაწყვიტა, შეუძლია მისი ვეტო დაძლიოს. ამ ფონზე ასეთი დრამატული საუბრები უფლებების შეზღუდვებისა და იმაზე რომ ქვეყანა იღუპება, ცოტა ღიმილისმომღვრელია...
„მეეჭვება ძალიან, შეთანხმება მიღწეულ იქნეს პრეზიდენტის შეთავაზებულ კანონმდებლობის ვერსიასა და უმრავლესობის ვერსიას შორის, იმიტომ რომ არცერთი მხარის ინტერესში არ არის კონსენსუსი. ევროპელებმა მოთხოვნა იციან რომ აბა შეთანხმდით, როცა დაპირისპირება ძლიერია იქ შეთანხმება როგორ მიიღწევა?
„ის კი არა, თვითონ ევროპა იძახის ახლა, რომ უნდა გადაიხედოს კონსენსუსის მექანიზმი ევროპულ სტრუქტურებში, იმიტომ რომ მაგ მექანიზმით გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელია. სწორიც არის, ძალიან ძნელია. გადაჭარბებული მოთხოვნა არის.
„ახლა მითუფრო, როდესაც საქართველოში თვითონ ამბობენ რომ პოლარიზაციაა პოზიციების და სადაც შეიძლება ვთქვათ, რომ პოლარიზებულია პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და უმრავლესობა ერთმანეთში, ამ ფონზე კონსენსუსის მოთხოვნა ძალიან ღიმილისმომგვრელია...
„რაში ვხედავთ გამოსავალს ამ ეტაპზე? სამომავლოდ პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა, რომ აღარ იყოს ამდენი გაუგებრობა" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" თქვა, რომ უმრავლესობა მიიღებს იმ კანონმდებლობას, რომელიც მას სურს, კონსენსუსი პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის მხოლოდ არსებული კანონმდებლობის დატოვების შემთხვევში მიიღწეოდა.
„დავიწყოთ იქედან, მოქმედი კანონმდებლობა აწყობდა თავის დროზე უმრავლესობას, და ოპოზიციასაც და ზოგადად, მიჩნეული იყო, რომ ეს იყო სწორი პოზიცია, იმიტომ რომ პრეზიდენტი თავისთავად პირდაპირ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ შემთხვევაში არის ნეიტრალური, მას არ აქვს ინტერესი პოლიტიკური ძალების განაწილების მხრივ. ამიტომ, როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ამას ყველაფერს წარადგენდა პრეზიდენტი, ის ნიშნავდა და შემდეგ კი ამტკიცებდა კვალიფიციური უმრავლესობა, ეს ნიშნავდა იმას, რომ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი თანხმდებოდა, იმ მოცემულობას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნებოდა ნეიტრალური და მიუკერძოებელი.
„დღეს როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო ამ კანონში ცვლილებების შეტანა, ეს ძალიან ნათლად გამოხატავს იმას, რომ უმრავლესობას სურს თავისი კომისია შექმნას, ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფაქტიურად რეალურად დააკომპლექტებს უმრავლესობა.
„რაც გამოიწვევს ეს? არჩევნების მიმართ ნდობის კიდევ უფრო დაქვეითებას. წარმოგიდგენიათ არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობა როგორი იქნება, როდესაც საარჩევნო კომისიას უმრავლესობა დააკომპლექტებს. ამიტომ აუცილებელი იყო ამ კანონს არ შეხებოდნენ. მაგრამ, ნუ, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება.
„მიიღებს თუ არა ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ კონსენსუსს უმრავლესობა? არა მგონია რომ უმრავლესობა ამ შეთავაზებას დათანხმდეს. მას თუ უნდოდა ამ შეთავაზებაზე თანხმობა, ამას გააკეთებდა. ვფიქრობ რომ ნაკლებად სავარაუდოა კონსენსუსის მიღწევა" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.