ნაზი ბერიძე
03.07.2023

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, გენადი გატილოვის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის საფუძველი არ არსებობს. არსებობს თუ არა შეთანხმების შეჩერების წინაპირობა, მაშინ როცა იგი არამარტო უკრაინას, რუსეთსაც სჭირდება ეკონომიკური თვალსაზრისით - ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" ცალსახა პასუხი აქვთ - ეს არის ერთგვარი დასავლეთის შანტაჟი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად და უკრაინის კონფლიქტში მოლაპარაკების დასაწყებად.

როგორც აღინიშნა, შავი ზღვის მარცვლელულის შეთანხმება პოზიტიური ცვლილებების არარსებობის გამო შეიძლება შეჩერდეს.

„რუსეთმა არაერთხელ გაახანგრძლივა გარიგება პოზიტიური ცვლილებების იმედით, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არ გვაძლევს საფუძველს, სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე დავთანმხდეთ", - განაცხადა გატილოვმა.

რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებული უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტებით უსაფრთხო ექსპორტს გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით. შეთანხმების ვადა 18 ივლისს იწურება.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების შეწყვეტას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. მაგრამ, თუ მართლაც ეს ასე მოხდა, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას აქვს ალტერნატიული გზები.

„როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო, ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რის გამოც ეს მოხდა, თურქეთის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით -როგორც უკრაინა, ისევე რუსეთი არის ამ მარცვლეულის მწარმოებელი, ისინი მსოფლიოს ამარაგებენ, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს აზიასა და აფრიკაში. ბუნებრივია, ამ ომმა გავლენა მოახდინა და ამას შეეძლო გამოეწვია შიმშილობა, ამ რეგიონში. ორივე ქვეყნისთვის ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მომგებიანი სფერო, საიდანაც ისინი ღებულობენ დიდ შემოსავალს.

„მაგრამ, უკრაინის შემთხვევაში, ის უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო, იმიტომ, რომ მისი საზღვაო საზღვრები იზოლაციაშია და საერთოდ არ ჰქონდა საშუალება ექსპორტის.

„ამ დროს რუსეთი იმედოვნებდა რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, შემდგომ მას მოუხსნიდნენ თანდათანობით სანქციებს. იმიტომ, რომ რუსეთი ვერ ყიდის სხვა პროდუქციასაც, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის, მაგრამ, როგორც ჩვენ ვხედავთ, უახლოეს ხანში რუსეთისთვის სანქციების მოხსნა არამარტო გამორიცხულია, არამედ, პირიქით მე-11 თაობის სანქციები დაადეს.

„აქედან გამომდინარე, რუსეთი უკმაყოფილოა ამითი და ცდილობს რაღაცნაირად დააშანტაჟოს საერთაშორისო თანამეგობრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ის გამოვა ამ ხელშეკრულებიდან და აქედან გამომდინარე, პრობლემები შეექმნება უკრაინას და შემდეგ უკვე იმ ქვეყნებს, რომლებმაც უნდა მიიღონ ეს ხორბალი და მარცვლეული.

„არა მგონია ამ შეთანხმების შეჩერება მოხდეს, ეს უფრო ჰგავს იმას, რომ რუსეთი უბრალოდ ევაჭრება დასავლეთის სახელმწიფოებს, რომ რაღაც შეღავათები მიიღოს. ამ ხელშეკრულების შეწყვეტა თვითონ რუსეთსაც არ აწყობს, მაგრამ, რუსეთს შეუძლია ეს დამოუკებლადაც გააკეთოს, საკუთარი მარცვლეული გაიტანოს ექსპორტზე.

„რაც შეეხება უკრაინას, უკრაინასაც აქვს ალტერნატიული გზები, რუმინეთის მეშვეობით, რომელიც გაართულებს რაღაცეებს, მაგრამ, ისეთი სიტუაცია არ არის, როგორც ამ კრიზისის დასაწყისში იყო, რა ვარიანტებიც ჰქონდა უკრაინას, იგივე ამ ექსპორტის.

„მე მაინც მგონია რომ უახლოეს მომავალში, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფრიკის ქვეყნების ლიდერები იყვნენ ჩამოსული პუტინთან, შეხვედრაზე განიხილეს ეს საკითხი და არა მგონია ასე ადვილად ეს თემა გადაწყდეს. მითუმეტეს როცა აქ ჩართულია გაერო და სხვა ორგანიზაციები.

„თუ მაინც და მაინც მოხდა ამ შეთანხმების შეჩერება, უკრაინას აქვს გეგმა ბ, ევროკავშირის ქვეყნების მეშვეობით, უკრაინული მარცვლეულის ტრანსორტირების, ამ გეგმა ბ-ს შესახებ რუსებმაც იციან, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტი, და არა მგონია რომ უარი თქვან ამაზე, იმიტომ რომ უკრაინას ამითი ვერ დასჯიან" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი, რაც უკრაინას დაასუსტებს და იძულებულს გახდის ხელი მოაწეროს რუსეთთან მოლაპარაკებას საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე.

„მე მგონია ეს შანტაჟია, უკრაინა იღებს მოგებას აქედან, შემოდის შემოსავლები უკრაინაში და ერთი მხრივ უნდა, რომ ეს შემოსავლები აღარ შევიდეს უკრაინაში, მეორე მხრივ უნდა დააშანტაჟოს მსოფლიო ამითი, იმიტომ რომ უკრაინიდან თუ არ გავა მარცვლეული აფრიკულ სახელმწიფოებში, პრაქტიკულად შიმშილი დაიწყება იმ ქვეყნებში და ეს ყველაფერი დააწვება დასავლეთს დამატებით ტვირთად, რომ იმათ დაეხმაროს.

„და გაიზრდება აზრი რუსეთისათვის რომ თუ გაიზრდება ზეწოლა უკრაინაზე, რომ უკრაინამ ხელი მოაწეროს რუსეთთან, ტერიტორიების დათმობას" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×