ნაზი ბერიძე
02.07.2023

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს პერსპექტივებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, დეპოლარიზაციაზე, სააკაშვილის დასჯის მექანიზმსა და უკრაინა-რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებები „ოცნებაში" აღიქვეს, როგორც ხიდის საბოლოოდ ჩატეხვა და „ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციების გაგრძელება", ოპოზიცია კი მის გზავნილებს დაეთანხმა.

„რეზონანსთან" პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ანალიტიკოსებმა შეაფასეს.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ზურაბიშვილის განცხადებებს სრულიად ადეკვატურს უწოდებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს დაკისრებული საზოგადოების დაკვეთა.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი, არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მისი უფლებამოსილება არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით, პლუს სახელმწიფოს მეთაურია, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა ვცეთ პატივი. თუ არ სცემენ პატივს და ზურაბიშვილი არის მათი ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი, საკუთარ თავს დააბრალონ.

„რაც შეეხება ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობას, ნატოს დღის წესრიგში არც დგას საქართველოსთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭების საკითხი. ნატო სამხედრო პოლიტიკური ბლოკია. მაგრამ პირველ რიგში ნატო არის დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, ნატოს მხრიდან ასეთი მოთხოვნა ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში არის ის, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ ამ მიმართულებით საქართველოს წინსვლა არა აქვს. ნატოს წვრთნებშიც არ მონაწილეობდა საქართველო. და, არ არის გამორიცხული რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ხელისუფლება გახდება ნატოს ხელმძღვანელობის კრიტიკის ობიექტი.

„ევროკავშირთან მიმართებით, ევროკავშირმა მიანიშნა რომ 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 არის შესრულებული. არა მგონია, რომ საქართველომ რამე პროგრესს მიაღწიოს თუნდაც დეოლიგარქიზაციის კუთხით. ამასთანავე, როდესაც აკრიტიკებ ევროკავშირს და პირად შეურაცხყოფას აყენებ იქაურ პოლიტიკოსებს, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი ზომები იქნას მიღებული, რომ საქართველოს წელს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ სახალხო პარტიის წარმომადგენელს უწოდა კრიმინალები. პლუს როდესაც საუბრობენ, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, შეიძლება რუსეთს არ უნდა ეომო, მაგრამ ის, რომ რუსეთს არ აკრიტიკებ და ევროკავშირს და ამერიკაზე ამბობ, რომ მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, საით მიჰყავს „ქარულ ოცნებას" ქვეყანა.

„ამასთან საქართველომ უნდა გადადგას დემოკრატიული ნაბიჯები და მოლდოვის გზას მიმართოს, რომელმაც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი. საქართველოს სჭირდება უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა.

„სააკაშვილის ელექტრონულ სამაჯურს რაც შეეხება, ჯობია, რომ ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი შეიწყალოს, სამაჯურით თითქოს მოიხსნა ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა. ამასთან, გვარამია არის უდანაშაულო და სავსებით ადეკვატური იყო ზურაბიშვილის ნაბიჯი მის შეწყალებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პოლარიზაციას, პრემიერის გამოსვლა და შეურაცხყოფის მიყენება ოპოზიციისადმი, ეს რა თქმა უნდა ზრდის პოლარიზაციას. „ქართული ოცნების" პირობებში თუ რუსეთის მოქალაქე იღებს ორმაგ მოქალაქეობას და ხდება საქართველოს მოქალაქეც, ის, რუსეთის მოქალაქე დავალებული იქნება „ქართული ოცნების" წინაშე და „ქართული ოცნება" არჩევნებზე დამატებით მოიპოვებს ხმებს. მაშინ როდესაც შარშან 10 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და 10 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში, დემოგრაფიული ვითარება შეიცვალა და ესეც არის, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილს „ნაცმოძრაობის მესიჯ-ბოქსის" გახმაურებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი აცდენილია საზოგადეობის განწყობებს.

„ძალიან არადამაკმაყოფილებელი და სამწუხარო იყო ის, რომ მან კიდევ ერთხელ გამოავლინა ქედმაღლობა და თქვა ისეთი უპატიებელი რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში არ უნდა თქვას არჩეულმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა. ის არ არის ანგარიშვალდებული არავის წინაშე. გასაგებია, რომ არ არის ანგარიშვალდებული პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს არ უხსენებია, რომ ის ვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველთან, რომელიც იყო მილიონზე მეტი 2018 წელს. აქ კიდევ გამომჟღავნდა მისი ხისტი ხასიათი, რაც მას ძალიან უშლის მინიჭებული მანდატის შესრულებაში. მეორე, რაც მთავარია ძალიან კარგია რომ კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, სალომე ზურაბიშვილი არ არის უფლებამოსილი, რომ წარმართოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა. რაც მან განაცხადა საგარეო, თუნდაც საშინაო თემებზე, არაფრით განსხვავდებოდა სალომე სამადაშვილისგან, ლევან ხაბეიშვილისგან, ანი წითლისგან და „ნაცმოძრაობის" ლობისტი ევროპარლამენტარებისგან. ცხადია, რომ ზურაბიშვილმა საბოლოოდ კარი დაუკეტა თავის ამომრჩევლებს, ზურგი შეაქცია და არ პასუხობს ამომრჩევლის ნება-სურვილს.

„რაც შეეხება დეპოლარიზაციას, აქ მე ვიტყოდი რომ სალომე ზურაბიშვილი არა შორსმჭვრეტელია პოლიტიკურად, ვერ აცნობიერებს რომ წინა პოლიტიკური შეწყალებებიც, ისევე როგორც ახლა ნიკა გვარამიას შეწყალებით, მან ხელახალი პოლიტიკური ჟანგბადი მიანიჭა დესტრუქციულ „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ორიენტირებულია არა არჩევნებზე, არამედ ქაოსისა და არეულობის შექმნის საფუძველზე.

„ზურაბიშვილს მიაჩნია რომ მცირერიცხოვანი პროტესტი გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აღნიშნავს ხალხის განწყობებს. აქაც ის ცდება ხალხის განწყობებში, როდესაც პოლიტიკურ რეიტინგებზე საუბრობს. თუ სალომე ზურაბიშვიშვილი ეყრდნობა კვლევებს, რომელთაც ახორციელებენ ენდიაი და აირაი, ეს არის მისი პოლიტიკური პრობლემა, მისი პირადული პრობლემა, იმიტომ რომ ის ეყრდნობა იმ კვლევებს, რომლებსაც ატირაჟირებს ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები.

„რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, აქაც უმძიმესი და სამარცხვინო განცხადება გააკეთა, საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იყო გაფრთხილება და არა შეცდომა. სალომე ზურაბიშვილამდე შეცდომა რომ იყო სტატუსის არმონიჭება, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა. ამიტომ ევროპელი ლიდერების განცხადებები უფრო დასაჯერებელია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია, „ნაცების მესიჯ-ბოქსის" გამტარებელია.

„რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, რატომღაც სალომე ზურაბიშვილს დაავიწყდა ან ცუდი მეხსიერება აქვს, ვინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლების დამუნათება პირველად. ეს იყო ოფიციალური კიევი, სადაც შეკედლებული ჰყავთ პოლიტიკური დესანტი „ნაცმოძრაობის" ყოფილი ჩინოსნების. მათ დაიწყეს სანქციების გვერდის ავლაზე ლაპარაკი, აკრძალული ტვირთების რუსეთში შეტანაზე და ა.შ. ეს ხომ უარყო საერთაშორისო აქტორებმა, მაინც კიევიდან გრძელდება უნამუსო კასკადი, რასაც სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილი ეთანხმება.

„რაც შეეხება რუსეთთან პოლიტიკას, კარგია რომ ზურაბიშვილს საგარეო პოლიტიკის საჭე კიდევ ერთხელ არ უჭირავს. პატარა ქვეყანა რომელიც ოკუპირებულია, რომელსაც არა აქვს დასავლური დაცვის საშუალებები, ვერ იცავს დასავლური უსაფრთხოების ბადე, სადაც ძალიან ფრთხილობს საქართველო აგრესორ ვეშაპ რუსეთთან, ამაზე თქვა, რომ დათმობის პოლიტიკაა და არა ლავირების პოლიტიკა, ეს არ ეკადრება გამოცდილ ფრანგ დიპლომატს.

„ფაქტია, რომ უკვე სალომე ზურაბიშვილი დე იურედ და დე ფაქტოდ არის საქართველოს პრეზიდენტი თუმცა ვერ გრძნობს საზოგადოების განწყობებს. „ქართულ ოცნებას" აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა იმის გამოც, რომ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს და დანის პირზე უწევს სიარული, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამას ვერ ხედავს გამოცდილი დიპლომატი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს. სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციებს, ეს არის პოლიტიკური დემარში, რომლის დაძლევაც 76 ხმით არის შესაძლებელი.

„რაც შეეხება მოქალაქეობას, აქაც გამოჩნდა რომ სალომე ზურაბიშვილისთვის პრიორიტეტულია ჩვენი თანამემამულენი, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთში, და არა რუსეთში მცხოვრები ჩვენი 100 ათასობით თანამემამულე. აქაც იგივე პრობლემაა, დაშორებულია ის საზოგადოებას. როგორი საინვესტიციო კლიმატი იქნება, როგორი ეკონომიკა იქნება, ეს მისი საქმე არ არის. ის არის ამ შემთხვევაში პოლიტიკური კომენტატორი, და არა აქტორი და რაღაც პოლიტიკის განმახორციელებელი.

„ნატოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, აქაც სალომე ზურაბიშვილის მიკერძოებული განცხადებები, იმის მიუხედავად ის ვის ხვდება დასავლეთში, ვისთან აქვს მოლაპარაკებები, აქ უფრო მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ნატოს წევრი ქვეყნები და ნატოს ხელმძღვანელობა. მათ აქვთ ლამაზი ფრაზები, სამიტიდან სამიტამდე, მათ შორის უკრაინაზეც. როდესაც საქართველო ოკუპირებულია და უკრაინა ოკუპირებულია, მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, საქართველოს პერსპექტივა არა აქვს დეოკუპაციამდე. დეოკუპაციას საქართველო არ ახორციელებს მშვიდობიანი პოლიტიკით, დასავლეთის მხარდაჭერით. ვერანაირი სამხედრო მოქმედებით საქართველო თავის ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებს რუსი ჯარისგან. ამიტომ სანამ დეოკუპაცია არ მოხდება, არც უკრაინაში და არც საქართველოში ნატოში ფანჯრის გახსნის პერსპექტივებზე საუბარი არაა. არის მხოლოდ რაღაც კონფერენციებზე გამოთქმული ოცნებები და არარეალისტური პროგნოზები,

„სალომე ზურაბიშვილს კარგად უნდა ესმოდეს რომ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი მას არაფერი ესაქმება მართლმსაჯულებაში, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებს სასამართლო დამნაშავე სააკაშვილს, ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი," - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×