ელზა პაპოშვილი
28.06.2023

არსებობს თუ არა საქართველოში „შავი ხვრელები“, რომლის მეშვეობითაც რუსები, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებენ? სწორედ ამის გასარკვევად საქართველოში სანქციების ჯგუფის ამერიკელი  და ბრიტანელი წევრები ეწვივნენ, რომლებმაც დახურულ კარს მიღმა ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართეს. მათ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადეს, რომ არსებობს 38 დასახელების საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები, რომლის ჩიპებსაც რუსები სამხედრო დანიშნულებით იყენებენ. საქართველოდან სწორედ ამ მოწყობილობების ტვირთბრუნვაა გაზრდილი, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ვიღაცამ „შავი ხვრელი“ შექმნა და რუსებს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

მათი თქმით, ისინი ითვალისწინებენ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომ რუსეთს სანქციებს ვერ დაუწესებენ, რადგან ეს პირდაპირ საქართველოს ეკონომიკას დაარტყამს, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის მოთხოვნები, რომლის გაკონტროლების შემთხვევაშიც საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული არ იქნება. მათი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ამ რისკებს იაზრებს და მისი აღმოფხვრის პირობას დებს.   

ანალიტიკსოები კი „რეზონანსთან“ მიიჩნევენ, რომ სიტუაცია იმაზე სერიოზულად ჩანს, ვიდრე ეს სანქციების ჯგუფის წვერებმა დიპლომატიურ ენაზე განაცხადეს. მათი აზრით, დასავლელი ჩინოვნიკები კონკრეტული მტკიცებულებებით არიან ჩამოსულები და სავარაუდოდ, მათგან მიღებულ ინფორმაციაზე ხელისუფლებას რეაგირება ექნება.

რა თქვეს სანქციების ჯგუფის წევრებმა 

თბილისში გამართული შეხვედრბის შემდეგ, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი შეფასებით, ვიზიტი ნაყოფიერი იყო და საქართველოდან პოზიტიური შთაბეჭდილებებით მიდიან.

დევიდ ოსალივანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.

„საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივ მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას,“ - განაცხადა დევიდ ოსალივანმა. 

„სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად ხდება სახმელეთო საზღვრების გზით და შესაბამისად, ახლა ვართ ფოკუსირებული, თუ რა მექანიზმები შეიძლება დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა.

მას კითხვა დაუსვეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც აიერმა უპასუხა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს.

„საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო შეასრულა, არის კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ხდება თუ არა აკრძალული საქონლით ვაჭრობა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ჯეიმს ობრაიენმა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.   

„თებერვლის ბოლოსკენ ჩემმა მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა და ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ნელ-ნელა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტური. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა, რუსული ექსპორტი საქართველოში აღდგა ემბარგოს შემდეგ, ზოგიერთ გლობალურ კომპანიას თავისი საქონელი შემოაქვს საქართველოში ან რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყანაში, ვიდრე თავად რუსეთში.

ჩვენი შეხვედრებისა და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანია არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, მათ იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა“, - განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა.  

აქვს თუ არა სანქციების ჯგუფს კონკრეტული ფაქტები 

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ვარაუდობს, რომ სანქციების ჯგუფის მაღალჩინოსნები საქართველოში ხელცარიელია არ ჩამოვიდოდნენ. ხოლო ის ფაქტი, რომ მათ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, მდგომარეობის სერიოზულობაზე მიუთითებს.

„ეს ადამიანები იმდენად არიან დაკავებული, რომ ძალიან ცუდი და მძიმე სიტუაცია უნდა იყოს, რათა მოიცალონ და ქვეყანას უშუალოდ ესტუმრონ. თუმცა მათი დემონსტრაციული გამოსვლა, განცხადებები და პრესკონფერენციის ჩატარება ნიშნავს,  რომ ისინი აქ მთლად სტუმრის რანგში არ არიან ჩამოსული. ეს უფრო საქართველოს ხელისუფლების ბოლო გაფრთხილებას ჰგავს. თავზე ხელის გადასასმელად არ ჩამოსულან. მათ ქართველებს ღიად გააგებინეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს გარკვეული შავი ხვრელები, საიდანაც რუსები სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებენ. 

„თუკი საქართველო ნატოსა და ევოპისკენ მიისწრაფვის და ეს დაკვეთა აქვს ქართველ ხალხს, ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია ეს ხვრელები ამოქოლოს. გვეუბნებიან, რომ თუ ხარ ჩვენთან, მაშინ ჩვენ ეს სტანდარტები გვაქვს. არ ასრულებ - მაშინ ჩვენთან არ ხარ. 

„ეს ხალხი პოლიტიკოსები არ არიან, ბიუროკრატები, ჩინოვნიკები არიან. ამიტომ თავისუფლად შეეძლოთ პრესკონფერენცია არ ჩაეტარებინათ. მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ქართველ ხალხს გააგებინეს - აქ ღვინის დასალევად  არ ჩამოსულან. დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ აგრძნობინეს, თუ ამ პირობებს არ შეასრულებენ, ეს ყველაფერი რის ფასად დაუჯდებათ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.    

მისივე თქმით, სანქციების  ჯგუფის ხელმძღვანელები საქართველოში კონკრეტული მტკიცებულებებით ჩამოვიდოდნენ და სავარაუდოდ მათ ხელთ ექნებოდათ კონკრეტული ფაქტები, სადაც კონკრეტული კომპანიების საქმიანობის და მოქმედების ყველა დეტალი იქნებოდა მოცემული. ამიტომ ხელისუფლება იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს.  

„კარს მიღმა საუბარი პირდაპირი სახელებით და გვარებით, კომპანიების მითითებით იქნებოდა. ეს ხალხი ასე ცარიელი ხელებით აქ არ ჩამოვიდოდა. ჩვენს ხელისუფლებას არავინ უშლის და სთხოვს, რომ ტყემალი, ღვინო და ასეთი რაღაცეები რუსებს არ მიყიდოთო., მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს მიერთებული დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და მას აქ რუსები გვერდს ვერ უნდა უვლიდნენ. 

„ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების სურვილი აქვს, რუსების შავ ხვრელად არ უნდა გადაიქცეს. აქ ამაზეა საუბარი და სხვა არაფერზე“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.   

საეჭვო რუსული კომპანიები საქართველოში 

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა დახურულ კარს მიღმა საუბარი იყო არა უშალოდ ქართულ, არამედ საქართველოში მოქმედ რუსულ კომპანიებზე, რომლებიც ამ ე.წ. შავ ხვრელებს ქმნიან. გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ რისკებს აცნობიერებს და შესაბამისად, რეაგირებაც ექნება.. 

„ადრეც იყო ეჭვები და საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა რუსები საქართველოს ტერიტორიას სანქციების გვერდით ავლისთვის იყენებდა, თუმცა აქ საუბარი მაინც და მაინც ქართულ კომპანიებზე არ ყოფილა. ამიტომ არ არის გამორიცხული შავ ხვრელებს რუსეთისთვის საქართველოში უკვე დაარსებული რუსული კომპანიები აკეთებდნენ. 

„აქ ძალიან ბევრი რუსული კომპანიაა, რომელიც საქართველოდან მოქმედებს. ვფიქრობ, სწორედ ამ კონკრეტული მტკიცებულებებით იყო ეს ხლხი ჩამოსული და ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირ დაუსახელეს ვინ, სად და რას აკეთებს.   

„ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნიდან ელექტროგამათბობლების ექსპორტი გაიზარდა. თუმცა ვერ წარმომიდგენია ეს გამათბობლები ჩიპებს როგორ შეიცავენ. ეტყობა ისეთ მიკრო ელექტრო სქემები აქვთ, რომლებსაც შემდეგ რუსები სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებენ. თუ ეს დადგინდა, პირველ რიგში თავად ეს კომპანიები დასანქცირდება. შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ზომების გამკაცრებას მოსთხოვენ. ამის გამო ჯერ ქვეყანას არავინ დაასანქცირებს“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ყველა კარგად ხვდება და გაიგეს, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება გაუჭირდება და ეს პრობლემური ჩვენივე ქვეყნისთვის აღმოჩნდება. თუმცა გვთხოვენ არ გავატაროთ ის პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დასანქცირებულია. ეს კი ირიბად უკვე სანქციებთან შეერთებას ნიშნავს. გოგოლაშვილის აზრით, თუკი საქართველო ამას ბოლომდე გააკონტროლებს, შეიძლება ითქვას, რომ დე ფაქტოდ ამ სანქციებს შეერთებული აღმოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×