ნაზი ბერიძე
28.06.2023

27 ივნისს თავის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანემა სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი, დავით ოსიყმიშვილი; ასევე ქუჩაში აგინეს „დროას" ერთ-ერთ ლიდერ ბათუ ქუთელია და ასევე თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს. იკვეთება თუ არა ძალადობის ფაქტებში პოლიტიკური მოტივი და რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ბრალდება, რომ ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ ხელისუფლების მიერაა წახალისებული და შესაძლოა ორგანიზებულიც?

აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო. მაშინ თავს დაესხნენ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ინციდენტი მოხდა ბორჯომში, სადაც მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" მხარდამჭერებმა ქვები დაუნიშნეს „გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული ტრენინგის მონაწილეებს. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20-მდე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა სტუდენტების პროტესტისას, როცა ისინი ირაკლი კობახიძის ლექცია აპროტესტებდნენ. ერთ-ერთი დაშავებული სტუდენტის ლუკა შველიძის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, კიდევ ერთი ინციდენტი უკვე საავადმყოფოში მოხდა.

ამავე დღეს ლევან ბერძენიშვილს ილიას უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ახალგაზრდა კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კვერცხი ესროლა. ეს ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მისამართით აგრესიის გამოხატვის პირველი შემთხვევა არ იყო. ბერძენიშვილის თქმით, 15 მაისს მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო. მომხდარს ის „ქართული ოცნების" კრიტიკის გამო შურისძიებას უკავშირებდა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაგფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას მსგავსი ფაქტების მომრავლებას ქათულ საზოგადოებაში დემოკრატიულობის კულტურის დაბალი ხარსისხით ხსნის და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ ინციდენტებსაც ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის გამოიყენებს.

„ოპოზიცია შეეცდება ამას პოლიტიკური ელფერი მისცეს, მისთვის სასურველი სურათი დახატოს, მერე ეს სურათი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში წაიღოს და სათანადო კუთხით წარადგინოს - რომ საქართველოში არის ხელისუფლების ოპონენტებზე ძალადობა, ძალადობრივი გარემო, ესსხმიან თავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ჟურნალისტს. ანუ, ჩვეულებრივი ნარატივები, რომლითაც ჩადიოდნენ ხოლმე ევროპის ქალაქებში და ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის ნეგატიური ფონის შექმნას.

„ეს არის იმ ტენდენციის გამოვლინება, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საზოგადოებაში. ტენდენციას სახელად ჰქვია საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთთან დაპირისპირება ღირებებულებებისა და მსოფლმხედველობითი შეხედულებების კონფლიქტის გარშემო. რატომ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს? რატომ დაესხნენ თავს ზურა ჯაფარიძეს? იმიტომ, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჩათვალა თავი შეურაცხყოფილად. არ ვამართლებ იმას, რომ მათ ამ მეთოდით გადაწყვიტეს საკუთარი სიმართლის დაფიქსირება, მაგრამ მოცემულობა გვაქვს ასეთი.

„ეს არის ჩვენთან დემოკრატიული კულტურის დეფიციტის ნიშანი, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, სავარაუდოდ მეორე მხრიდანაც ექნება ამას საპასუხო რეაქცია, შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება და დაპირისპირების მუხტმა კიდევ უფრო აიწიოს და შესაბამისად, სხვა უფრო ძალადობრივ პროცესებში გადაიზარდოს, რასაც უახლოეს მომავალში არ ვპროგნოზირებ, მაგრამ კონფლიქტის ხარისხი საზოგადოებაში აშკარად მომატებულია", -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდება ხელისუფლების მიმართ, რამდენიმე მიზეზის გამო, უსაფუძვლოა.

მომხდარ ინცინდენტებს აფასებს, როგორც პოლიტიკურ გალახვას, რაც იყო როგორც წინა ხელისუფლებაში ახლაც განმეორდა, რადგან პოლიტიკა არ ცვლის გალახვას. ის რომ ეს ძალადობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული ამ ეტაპზე ეჭვის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ, რადგან მსხვერპლის როლში მყოფი ადამიანები, არ გამოირჩევიან იმ ენით და იმ ლოგიკით, რომელიც ხელისუფლებისთვის იქნებოდა გამაღიზიანებელი და უბიძგებდა მას ძალადობისკენ, მსგავსი ტენდენციები, მძაფრი დაპირისპირებების საფუძველი არ გახდება, რადგან ეს საქართველოა და გასაკვირი არ არის ძალადობრივი ფონი.

„გვინახავს ჩვენ პოლიტიკური გალახვა, იყო სააკაშვილის დროს ასეთი მომენტები და ამის ერთ-ერთი სამწუხარო მაგალითი არის კობა დავითაშვილი, რომელიც მოგვიანებით პრაქტიკულად ამას შეეწირა. ამას წინ უძღვოდა გარკვეული ნაბიჯები მისი მხრიდან - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიშა სააკაშვილის შეურაცხყოფა და ეს საპასუხო შურისძიება იყო.

„პოლიტიკას არ ცვლის გალახვა. გალახვით გულს იფხანს ესა თუ ის კონკრეტული ფიგურა, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

„არც მშვილდაძე, არც ქუთელია და ის მესამეც არ გამოირჩევიან იმ ენით, რომ გააღიზიანოს რომელიმე მხარე. ისინი არ არიან ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომელთა გაჩერება სისხლხორცეულად სჭირდებოდეს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ბრალდების საფუძველს ვერ ვხედავ.

„ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის ჩართული, მაგრამ ზოგადად ძალადობა არ მგონია პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, იმდენად წამგებიანია ძალადობა თვითონ ხელისუფლებისთვის.

„არაფერი გაგრძელება ამას არ მოჰყვება. იმ ქვეყანაში, სადაც მამა შეიძლება შვილმა დაჭრას უადგილო ადგილას, თუკი შელაპარაკება მოუვიდათ, იმ ქვეყანაში ძალადობის ფონი გვიკვირს?" - განაცხადა „რეზონანსთან"რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×