ელზა პაპოშვილი
27.06.2023

უკრაინული ძალები ფრონტის რამდენიმე მიმართულებით სამხრეთითა და აღმოსავლეთით  წარმატებით მიიწევენ - მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში, უკრაინელებს შესამჩნევი წინსვლა აქვთ. 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ნოვოდარივკა - პრიიუტნე, ნოვოდანილივკა - რობოტინის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები წარმატებით აგრძელებენ სროლას მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე. ასევე, თავდაცვის ძალები ახორციელებენ შეტევითი მოქმედებების ბახმუტის მიმართულებით ორიხოვეს დასახლებების მიდამოებში. 

უკრაინელი სამხედროები ასევე  აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას ლიმანის, ავდიივკასა და მარინის მიმართულებით.      

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალებს მცირე წინსვლა ჰქონდათ დონეცკის მახლობლად მდებარე სოფელ კრასნოროვკას აღმოსავლეთით, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს დემარკაციის ძველ ხაზზე.

როგორც უწყება აღნიშნავს, 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე წერს, რომ დონბასში უკრაინული ძალების ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა, სავარაუდოდ, გადააჭარბა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა" და ჩეჩნურ ძალებს, რომლებიც ამ მხარეში მოქმედებენ.

 

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 3 მიმართულებით 38 შეტაკება მოხდა 

 

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ტერიტორიებს 6 დარტყმა მიაყენა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, წარმატებით იმოქმედეს უკრაინელმა არტილერისტებმაც და გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული ძალების მართვის პუნქტი, საცეცხლე პოზიციებზე მყოფი 12 საარტილერიო ქვედანაყოფი, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონა, საბრძოლო მასალის ორი საწყობი და მტრის სამი სხვა მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს.

გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 38-ჯერ გახსნეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, სამი მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით, დღის განმავლობაში მოხდა 38 საბრძოლო შეტაკება მოხდა. 

აფეთქებების ხმა გაისმა კრემენჩუკში, პოლტავას რეგიონში. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც რუსეთმა ქალაქში ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრი დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. 

"აფეთქებები ისმოდა კრემენჩუკში. ველოდებით რეგიონული ადმინისტრაციებისგან აფეთქებების შედეგების მოსმენას", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგანტმა.

პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლუნინი აცხადებს, რომ რუსეთმა თავდასხმისას X-22 რაკეტებიგამოიყენა.

"მტერი თავს დაესხა პოლტავას რეგიონს. ისევე როგორც ერთი წლის წინ ამ დღეს X-22 რაკეტებით.

კრემენჩუკის რაიონში საზაფხულო კოოპერატივში დარტყმაა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმა არ დაფიქსირებულა. დეტალებს ვაზუსტებთ", - დაწერა მან.

აფეთქების ხმა სუმიშიც გაისმა.  

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯარები წინ მიიწევენ 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ.

ზელენსკის თქმით, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეწვია.

"ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შეხვედრები გამართა გენერლებთან : ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავსკისთან, იური სოდოლთან და ალექსანდრე სირსკისთან და რამდენიმე ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღეს.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც ახლა იბრძვიან, საბრძოლველად ემზადებიან, ჯარისკაცებს წვრთნიან და მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობენ.

"გმადლობთ! მე ვამაყობ თქვენით! დიდება თქვენ, ჩვენო გმირებო! და მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!" - აღნიშნა ზელენსკიმ.

 უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, რუსი სამხედროები ნებისმიერ ფასად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის არდაშვებას ან მის არსებით შენელებას და გართულებას შეეცდებიან.

„რუსი სამხედროები გაცილებით უკეთ არიან მოტივირებულები არ დააბრუნონ დაკავებული ტერიტორია, ვიდრე გააგრძელონ უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპირების მცდელობები“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის ამოცანაა, კაშხლების აფეთქებით, ველების დანაღმვით, უწყვეტი სროლით, დივერსიებით, საინფორმაციო ესკალაციით და „ბირთვული რიტორიკით“ შეაჩეროს დაწყებული კონტრშეტევა.  

 

არსებობს თუ არა ზაპროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე 

 

შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„არ ვაპირებ კონკრეტულ სადაზვერვო მონაცემებზე საუბარს. გეტყვით, რომ ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. როგორც მოგეხსენებათ, ელექტროსადგურის მახლობლად რადიოაქტიურობის მონიტორინგის შესაძლებლობა გვაქვს და არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ მას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, აშშ ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანს, ხმაურიანი რიტორიკის გარდა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.

“რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო- მაქსიმალურად ვაკვირდებით რუსეთის სტრატეგიულ პოზიციას, მათ ბირთვულ შესაძლებლობებს. ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება - ხმაურიანი რიტორიკის მიღმა, არ გვინახავს არანაირი მინიშნება იმისა, რომ არსებობს უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა“, - აღნიშნა კირბიმ.   

რუსეთს ზაპორჟიეს ელექტროსადგურის აფეთქება არაფერში სჭირდება 

 

საქარველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსიის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ზაპროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება რუსებს არაფერი სჭირდებათ, პირიქით, ეს მათ ომში დამარცხებას დააჩქარებს. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსებმის მხრიდან, როგორი არაჰუმანურიც არ უნდა იყოს, ნოვოკახოვკას კაშხლის აფეთქება, გამართლებული იყო, რადგანაც სამხედრო თვალსაზრისით მათ  უკრაინელების შეტევა დროებით ამ ფორმით შეაჩერეს.    

„ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქება, ეს იქნება ჩერნობილზე გაცილებით დიდი ზიანის მომტანი. ასეთი აფეთქებით რუსეთი რას იგებს? გამოვა მაშინ ომი უნდა დასრულდეს და უფორ დიდი  უბედურება უნდა დაიწყოს. 

„რუსების მხრიდან ბირთვულ იარაღზე საუბარი, ეს მხოლოდ შანტაჟი და ზეწოლაა. როდესაც ბირთვულ იარაღზე მიდის საუბარი, ისეთი არამეკავშირე ქვეყნები, როგორებიც ჩინეთი და ამერიკაა, ერთად მოქმედებენ. პუტინის ბირთვული შანტაჟი, ჩინელებმა, ინდოელებმა ამერიკასთან ერთად, კორდინაცია ბევრჯერ გააჩერეს. მე მაინც მგონია, რომ ეს შანტაჟია. 

„დავუშვათ ააფეთქეს, ყველაზე დიდ ზიანს რუსეთი მიიღებს. რუსეთის ჯარი, სახმელეთო გზიდან ატომურ ელექტროსადგურთან გაცილებით ახლოს არიან. ნოვოკახოვკას დამბის აფეთქება, სამხედრო აუცილებლობით იყო გამოწვეული. ეს დამბა რომ არ აეფეთქებინათ, რუსები იდგნენ საფრთხის წინაშე, რომ უკრაინელები მალე ნოვოკახოვკას დაიკავებდნენ, ხიდზე ჯარს გადაიყვანდნენ და ფაქტობრივად ყირიმი და მთელი სამხრეთის მიმართულება დაკარგული ჰქონდათ. 

„ვერანაირი ძალა ვერ ეყოფოდათ, რომ ეს ყველაფერი შეეჩერებინათ. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქება რუსებისთვის ფრონტის ხაზზე არანაირი წარმატების მომტანი არ არის, პრიქით, საკუთარი ჯარის ამოხოცვის ტოლფასი იქინება. მართლა გიჟები ხომ არ არიან ასეთი აბსურდი გააკეთონ. ეს კი ჩინეთში, ამერიკაში და სხვა ბირთვულ სახხელმწიფოებში, ბირთვული იარაღის შეკავების პროტოკოლის ამოქმედებას გამოიწვევს“,-ამბობს ბერიძე.   

რაც შეეხება უკრაინელების კონტრშეტევას, ბერიძე ამბობს, რომ ასეთი სახის ომი, სადაც რუსეთისნაირი სახელმწიფო უნდა დაამარცხო, ამას დრო სჭირდება და არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხვალ და ზეგ ომი დასრულდება. 

ბერიძე ამბობს, რომ ასეთი ომი ყოველთვის გამოფიტვაზეა. აუცილებელი არ არის ის გამოფიტოს, ღარიბი და სუსტია. პირიქით, მდიდარი და ძლიერი უფრო იფიტება, რადგან მას უფრო მეტი ხარჯი აქვს. 

„უკრაინას ტექნოლოგიური, შეიარაღების, მომზადების და მოტივაციის უპირატესობა აქვს, რუსებისგან განსხვავებით. სანამ რუსები არ გამოიფიტებიან და უკან დახევას არ დაიწყებენ, უკრაინის მხრიდან სწრაფ გარღვევას არ უნდა ველოდოთ. ეს არ მოხდება, რადგან ძალიან დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული. ამას უკრაინა არ გააკეთებს“, - ამბობს ბერიძე.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×