
მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტის ფონზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.
შეხვედრის განხილვის მთავარი თემა მომავალი ვილნიუსის სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მოკავშირეების თავდაცვის და უსაფრთხოების გაუმჯობესება იყო.
რას ელოდება საქართველო ვილნიუსის სამიტისგან, როცა ნატოს მთელი პრიორიტეტი უკრაინისკენაა მიმართული - ექსპერტებს აქვთ როგორც ოპტიმისტური, ასევე, სკეპტიკური პროგნოზები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვილნიუსის სამიტი გაფართოებაზე არ იქნება ორიენტირებული.
ვილნიუსში ვიზიტისას გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ნაუსედას ნატოში ლიეტუვის წვლილისთვის და ალიანსის მომავალი სამიტის მასპინძლობისთვის.
„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას რუსეთში", შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საკითხი და კიდევ ერთი დემონსტრირება იმ დიდი სტრატეგიული შეცდომისა, რომელიც დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით. რადგან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა ასევე დაგმო რუსეთის განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ და მას "უგუნური და უპასუხისმგებლო" უწოდა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ, ნატო ფხიზლად რჩება. თუ რუსეთი თვლის, რომ შეუძლია დაგვაშინოს უკრაინის მხარდაჭერის გამო, ის კრახისთვის არის განწირული"-განაცხადა სტოლტენბერგმა.
ლიდერებმა განიხილეს ვილნიუსის სამიტის საბოლოო მზადება, ეს მოიცავს დახმარების მრავალწლიან პაკეტს და გაუმჯობესებულ პოლიტიკურ კავშირებს უკრაინასთან, ასევე მოკავშირეთა შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას - ახალი რეგიონალური გეგმებით და საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის როტაციული მოდელით.
მოკავშირეები ასევე შეთანხმდებიან უფრო ამბიციურ თავდაცვითი ინვესტიციის დაპირებაზე მშპ-ს მინიმუმ 2 პროცენტზე.
ნატოში გაწევრიანების გეგმებს სახავენ მიზნად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მკაფიო გზავნილებს ელის.
„მოველით, რომ ჩვენ მოგვცემენ მკაფიო, გასაგებ სიგნალს და ფორმულას, რომლითაც ჩვენ აშკარად გავხდებით ნატოს წევრი სახელმწიფო"-აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე მივიღოთ პოზიტიური გზავნილები და გარკვეული პერსპექტივები, თუმცა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოების საკითხი იმდენად აქტუალიზებული არ არის ალიანსში.
„ახლა შესაძლებლობა არის ბევრი - დაწყებული სამიტის რეზოლუციაში პოზიტიური ჩანაწერიდან, დასრულებული კონკრეტული ნაბიჯით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია, იმიტომ, რომ ბევრად არის დამოკიდებული როგორი იქნება ვითარება სამიტზე და პოლიტიკური პოზიციები.
„წმინდა თეორიულად მაპის მიღების პერსპექტივაც არსებობს, მაგრამ ეჭვი მეპარება, იმიტომ, რომ ახლა ამ წუთში გაფართოების თემა აქტუალიზებული არ არის ალიანსში.
„შესაძლებელია ესეც, რომ თანამშრომლობა ნატოსთან გაფართოვდეს და გაღრმავდეს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოტენციურ პროგნოზებზე და არა ის რაც რეალურად უნდა მოხდეს, თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი რეალობად იქცეს" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.
ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებს ვერ ხედავს და საქართველოს ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს ნატოსთან დაახლოების პოლიტიკაში.
„მე საერთოდ, არ ვიცი დღეს ნატოსგან ხელისუფლება რამეს ითხოვს თუ არა, იმიტომ რომ ასეთი სიჩუმე ნატოს სამიტის წინ მე არ მახსოვს, საერთოდ არავინ საუბრობს ხელისუფლების უმაღლესი პირებიდან,
„საუბარი მაქვს - პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, საერთოდ არ მესმის ნატოში ინტეგრაციის თემაზე, რაიმე დინამიკა, რაიმე განცხადება, რაიმე ნაბიჯი, რომ რომელიმე პარტნიორთან წამოწიეს ეს საკითხი, მაშინ როდესაც დღევანდელ დღეს უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები.
„ამიტომ მე ვერ გეტყვით, შეიძლება რაღაცა ხდება და მე არ ვიცი, ეს არის ის საკითხი, რა კითხვაც უნდა დაუსვათ ხელისუფლებას. ახლოვდება ნატოს სამიტი და რას აკეთებენ დღევანდელ დღეს.
„შანსები ძალიან ბევრი რამის არსებობს, მაგრამ რას ვაკეთებთ, როდესაც იცვლება უსაფრთხოების სტრუქტურა, უსაფრთხოების არქიტექტურა, როდესაც თვითონ ნატო საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს პარტნიორთა დაცულობა, შანსები ბევრი რაღაცის არსებობს.
„მაგალითად, ბოლო ნატოს სამიტმა გვაჩვენა, რომ იმის შანსიც კი არსებობს, რომ მაპის გარეშე გაწევრიანდე ნატოში ფინეთის მაგალითიდან გამომდინარე.
„მაპის მიღების პერსპექტივა თუ არსებობს მე არ ვიცი იმიტომ რომ ამაზე ხელისუფლება არ ლაპარაკობს. მე საერთოდ ვერ ვხედავ საქართველოს ბოლო საგარეო პოლიტიკური აქტივობების დღის წესრიგში ნატოს თემას, რაც ძალიან მაწუხებს" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.