
შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე" ზეწოლას, რათა მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა , დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატოტრმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ „ვაგნერის" მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება. პრიგოჟინის ბუნტი ეს არის შიდა დაპირისპირებებისა და სისუსტის გამოვლინება, რაზეც ინფორმაცია წინასწარ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა და ბრალი არ მიუძღვის არც დასავლეთს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოვლენების განვითარებაში, მტრებს ადანაშაულებს, თუმცა, თვით პრიგოჟინი, განვითარებული სცენარის ახსნას იმით ცდილობს, რომ სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ძალების დემონსტრირება სურდა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი საუბრობს „ვაგნერის" დანაშაულების სიმძიმესა და მოსალონდნელი სანქციების შესახებ.
„ვფიქრობ, იცით, რომ ვმუშაობთ იმაზე რომ „ვაგნერს" პასუხიმგებლობა დაეკისროს. ის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიაშია შეტანილი. ჩვენ მათ სანქციები დავუწესეთ, გავაგრძელებთ საჭირო ზომების მიღებას, რათა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები, გააგრძელონ ქაოსისა და ძალადობის დათესვა, სადაც არ უნდა იყვნენ" - აღნიშნა კირბიმ.
ამასთან, მისი თქმით, ნაადრევია საუბარი იმაზე თუ სად წავა „ვაგნერი" და პრიგოჟინი ამ კომპანიის ხელმძრვანელობის თვალსაზრისით.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენმა ზუმ ფორმატში მოკავშირეებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მას რუსეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აწვდიდა.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ პროცესში ჩართულნი არ ვიყავით. ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს, ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი" - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ამერიკა აკვირდება და ახდენს რუსეთისა და უკრაინის მოვლენების შეფასებას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ რუსეთის მტრებს სურდათ, რომ რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს.
თუმცა, განსხვავებული პასუხი აქვს თავად პრიგოჟინს, მისი თქმით ის რუსეთში ხელისუფლების დამხობას არ გეგმავდა.
ის აუდიოჩანაწერში, რომელიც პრიგოჟინის ტელეგრამ არხზე გავრცელდა, ამბობს: „ჩვენ მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო, გზად არ მოგვიკლავს არცერთი სამხედრო ხმელეთზე, სულ რაღაც 200 კილომეტრი გვაკლდა მოსკოვში შესვლამდე. მთლიანად ავიღეთ ქალაქი როსტოვი. გზად მოსახლეობა გვესალმებოდა.
„არ გვქონია კანონიერად არჩეული არსებული ხელისუფების დამხობის მიზანი. გავჩერდით, რომ რუსული სისხლი არ დაგვეღვარა. ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია, თუ ამ მოქმედებებს შეასრულებდნენ „ვაგნერის" დონის სამხედროები, მაშინ ოპერაცია სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა" - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ვაგნერი" რომ ტერორისტული ორგანიაზაციაა, ამაზე ხშირად ლაპარაკობდნენ, მაგრამ 24 ივნისის განვითარებულმა მოვლენებმა ეს საკითხი შეაჩერა რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ.
ამასთან, პრიგოჟინმა შეიძლება ბელორუსში ახალი „ვაგნერის" დაჯგუფება ჩამოაყალიბოს, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინაზე ჩრდილოეთიდან თავდასხმის განსახორციელებლად.
დასავლეთის მედიის ცნობებით ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია პრიგოჟინის ამბოხის შესახებ, მაგრამ ეს არავის გაუზიარებია, თუმცა, არეულობის და ბუნტის მთავარი მიზეზი შიდა დაპირისპირება იყო პუტინსა და პრიგოჟინს შორის.
„ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის და მისი ხელმძღვანელის პრიგოჟინის მიმართ დასავლეთს დიდი ხანია კბილი აქვს ალესილი, ეს ჯერ კიდევ სირიაში მათი მოქმედებებიდან გამომდინარე, რაც იყო სირიაში ხუთი წლის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირი იერიში მიიტანეს, არტილერიით დაბობმა, ავიაციის საჰაერო დარტყმა მიაყენა სირიის ერთერთ ნავთობგადამმუშავებელ ტერიტორიას, სადაც სწორედ „ვაგნერელები" იმყოფებოდნენ და ამ ქარხნის დაპყრობა უნდოდათ. მაშინ „ვაგნერმა" სერიოზული დანაკარგი განიცადა.
„მას შემდეგ, ანუ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც „ვაგნერი" აქტიურად მონაწილეობდა ბახმუტის იერიშებზე, დასავლეთში განიხილებოდა საკითხი, რომ „ვაგნერი" ეცნოთ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად და პრიგოჟინი სამხედრო დამნაშავედ.
„თუმცა, 24 ივნისის მოვლენების დროს, როდესაც „ვაგნერი" დაიძრა და როსტოვის ცენტრი აიღო და ასევე გაემართა რუსეთის დედაქალაქისკენ მოსკოვისკენ, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, შეჩერდა ეს ქმედებები „ვაგნერის" წინააღმდეგ, იმ მოტივით რომ ხელი არ შეშლოდა რუსეთის ხელისუფლებას.
„და პირიქით ახლა ირკვევა, რომ ფარული კავშირები ჰქონდათ ამერიკის ხელისუფლებას უკრაინელ კოლეგებთან, რომ უკრაინის არმიას არ ესაგებლა ამ არეულობით, „ვაგნერის" მოსკოვზე გალაშქრებით, და თვითონაც არ დაეწყო დიდი კონტრშეტევები ფრონტის ხაზზე.
„რატომ? იმიტომ რომ ამით რუსეთის ხელისუფლებას კოზირი ჩაუვარდებოდა ხელში, თავის მოსახლეობას მიმართავდა, რომ როდესაც ვაგნერი ჩვენ გვიტევს ხელისუფლებას, ამით სარგებლობენ უკრაინელები და შეტევაზე გადმოდიან.
„ეს ყველაფერი ერთ დღეში დამთავრდა მაინც, ძალიან უცნაური სცენარით, თუმცა, მოლოდინები სულ სხვა იყო. მაგრამ, უკრაინის არმია ვერც ისარგებლებდა ამ მცირე პერიოდით, ახლა როცა თითქოს ყველაფერი დასრულდა და ლაპარაკობენ, რომ თითქოს პრიგოჟინი ბელორუსშია და „ვაგნერიც" მისი შეიარაღებული ძალებიც ნაწილი შეიძლება ბელორუსში გადავიდეს.
„ანუ, ლუკაშენკო მათ „მასპინძლობს", ამ შემთხვევაში არის მოსაზრებები, რომ ახალი „ვაგნერის" ცენტრი შეიქმნას, რომ შემდეგ ბელორუსის მიმართულება შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაზე ჩრდილოეთიდან თავდასხმის გასამეორებლად, როგორც ეს ომის დასაწყისში მოხდა, მითუმეტეს უკრაინის დედაქალაქი კიევი 90 კილომეტრითაა დაშორებული ბელორუსის საზღვრიდან.
„რუსეთის ხელისუფლება აცხადებს და ცდილობს დაადანაშაულოს „ვაგნერის" გალაშქრებაში სწორედ დასავლური მხარე. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა ეს კატეგორიულად უარყო, ამასთან დასავლეთის მასმედია წერს, რომ ამერიკის დაზვერვას ჰქონდა რამდენიმე დღით ინფორმაცია, „ვაგნერის" შესაძლო ასეთ ქმედებებზე, თუმცა ეს ინფორმაცია არ გაუზიარა არა თუ უკრაინულ მხარეს, არამედ თვით ნატოელ პარტნიორებსაც კი.
„ჰქონდა თუ არ ჰქონდა, ძნელი სათქმელია, იმხელა პოლიტიკური და ისეთ ოლიგარქულ წრეებში ტრიალებს რომ რა იყო და როგორ იყო ჩაფიქრებული და ვისი ან რისი იმედი ჰქონდა პრიგოჟინს ასეთი სერიოზული ვა-ბანკზე გასვლის დროს, რთულია ამის თქმა.
„აქ უფრო მჟღავნდება ბევრად უფრო პირადული განწყობები.პუტინმა ჯერ შექმნა პრიგოჟინი და შემდეგ „ვაგნერი", მათი დახმარების გარეშე რა თქმა უნდა ეს „ვაგნერი" ვერ შეიქმნებოდა, შემდეგ უკვე ბოლო პერიოდში, თვეების განმავლობაში, მაშინ როცა პრიგოჟინი პირდაპირ ხაზზე იყო პუტინთან, პუტინი ტელეფონს არ იღებდა და მასთან შეხვედრას ბლოკავდნენ პუტინის გარემოცვა.
„პუტინმა აირჩია შოიგუ-გერასიმოვის მხარე. ამას დაემატა ის, რომ 1 ივნისს 1-ელ ივლისამდე ყველა სამხედრო კერძო კომპანიას უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. პრიგოჟინმა ჩათვალა რომ ეს „ვაგნერის" საბოლოო დასამარება იქნებოდა და არ უნდოდა ხელი მოეწერა, შეიძლება ეს იყო ძირითადი მოტივი ამ დაპირისპირების" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს რომ „ვაგნერი" ტრანსნაციონალური დანაშაულის შემოქმედია. მისი ხელმძღვანელობა დაისჯება პატიმრობით.
ამერიკას პრიგოჟინის ამბოხის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ ჰქონდა, ამასთან, პუტინის განცხადება ამ ფონზე არის საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის მცდელობა პიარ კამპანიით, პრიგოჟინის პასუხი კი დაზავებაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და დაიწყოს შემდეგი რაუნდი.
„საუბარია დონბასში და მის საზღვრებს გარეთ ჩადენილ დანაშაულებებზე - ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაულებები, ეს არის იარაღის უკანონო ბიზნესი, ადამიანის გატაცება, ასევე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურების ენერგოუსაფრთხოების ობიექტების უკანონო დაკავება და ალბათ, საუბარი იქნება ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტზეც.
„ასევე, სავარაუდოდ, საუბარია იარაღის შავ ბიზნესზე, იარაღით უკანონო ვაჭრობაზე და რა თქმა უნდა, იმ ჩადენილ დანაშაულებებზე რომელიც „ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, თუნდაც დონბასში, აფრიკაში და ა.შ. რაც საკმაოდ ბევრი ჩადენილი დანაშაულებია.
„სანქციები შეიძლება დაწესდეს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მოხვდება პრიგოჟინი ან „ვაგნერის" ხელმძღვანელობა, მოხდება მათი დაპატიმრება, როგორც ვიქტორ ბუტი იყო, რომელიც დააპატიმრეს და ამერიკაში ახეხინეს ციხე 25 წელი. ასეთი ტიპის სანქციები იქნება ალბათ დაწესებული.
„ამერიკელების ჩართვა ამ პროცესებში არის საკმაოდ მინიმალური და ამერიკას სხვა პრობლემები აქვს და ნამდვილად რუსეთის შიდა დაპირისპირებებში ვერ ჩაყოფდა ცხვირს - ეს ერთი. მეორე - ეჭვი მეპარება, რომ ამერიკის დაზვერვამ მოახდინა ამ პროცესების მონიტორინგი და ათვლა, იმიტომ რომ ამერიკელებისთვისაც ეს იყო სრული მოულოდნელობა და ეს ჩანდა კიდეც სი ენ ენ-ის ნიუსებიდანაც.
„ამერიკის თეთრი სახლის საკმაოდ იმპულსიური განცხადებების საფუძველზე. ჩემი აზრით, ამერიკის სპეცსამსახურებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რუსეთში რა ხდებოდა.
„პუტინმა ილაპარაკა, რომ რაც მხედველობაში ჰქონდა „ვაგნერის" ხელმძღვანელობას, გადატრიალების მოხდენა რუსეთში და ეს იყო სამშობლოს ღალატი, მითუმეტეს უკრაინის ომის პერიოდის დროს.
„პუტინმა ამ განცხადებით ფაქტიურად ვალი მოიხადა, მან წააგო ეს თამაში. პირველი რაუნდი თამაშის პრიგოჟინმა მოუგო პუტინს, განსაკუთრებით მისი პოლიტიკური ბლოკი. ამიტომ პუტინს უნდა გაეკეთებინა პიარული ქმედება, რომ მისი რეპუტაცია კიდევ უფრო არ შელახულიყო, ამიტომ მან გააკეთა აბსოლუტურად გაურკვეველი ხუთწუთიანი განცხადება.
„მერე ჩაატარა თათბირი ძალოვან სტრუქტურებთან, სადაც არაფერი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა და ესეც იყო პიარული ქმედება. ფაქტიურად პუტინმა წაუყენა ულტიმატუმი პრიგოჟინის გუნდს კიდევ ერთხელ, შესაბამისად პრიგოჟინის გუნდმაც უპასუხა პუტინს დაახლოებით ანალოგიური ქმედებით, რომ თუ რამეა, კვლავ მიადგებიან მოსკოვს.
„პირდაპირ გეუბნებით რომ დაზავება მალე დასრულდება და დაიწყება მეორე რაუნდი, შიდა კონფლიქტების ალბათობა რუსეთში კიდევ არსებობს" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.