ელზა პაპოშვილი
26.06.2023

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ რივნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალარზე და 31-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულს წინ უძღოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 22 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, თავდაცვის ძალებმა, ნაწილობრივ წარმატებას ორი მიმართულებით მიაღწიეს, რივნოპოლი - სტარომაიორსკოეს მიმართულებით დონეცკის ოლქში და ბელოგორივკა - დიბროვას მიმართულებით ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.     

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. კერძოდ, სამხრეთში, შეტევის დაწყებიდან, გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, აწარმოეს როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა, აღმოსავლეთში, გასული კვირის ბოლოს წამოიწყეს კონტრშეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოიეს, კლეშჩიევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში და თითოეული მიმართულებით 1- 2 კმ-ით დაწინაურდნენ.

ამავდროულად, მისი თქმით, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

"გასული კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით 250-მდე შეტაკება მოხდა. მტერი ცდილობდა ჩვენი ჯარების დაკავებული პოზიციებიდან გაძევებას, მაგრამ არ გამოუვიდა", - განაცხადა ანა მალიარმა.

რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „შეტევის დაწყებიდან, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 130 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“.   

უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ოფიციალური მოლაპარაკებები შესაძლოა ივლისში გაიმართოს, - ინფორმაციას რუსული მედია გერმანულ ტელეკომპანია ARD-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის საკითხზე საერთაშორისო შეხვედრა კოპენჰაგენში „მკაცრად გასაიდუმლოებული“ პირობებით დასავლეთის ქვეყნების დიპლომატების, ასევე ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

მანამდე Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შაბათ-კვირას კოპენჰაგენი უკრაინის საკითხზე შეხვედრას უმასპინძლებდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებზე, ჯეიკ სალივანი, ევროკავშირის წარმომადგენლები, ელჩები სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან და ინდოეთიდან, ასევე, უკრაინელი მაღალჩინოსანი.   

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამჟამინდელი კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება.

"ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ოპერაცია. თუმცა მან დასძინა, რომ როგორც კი ის სრულად ამოქმედდება, წარმატებული იქნება და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ძალიან ფრთხილია, როცა საქმე მის მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს ეხება და ცდილობს, მათი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როცა რუსეთი თავის ჯარისკაცებს „ხორცსაკეპ მანქანად“ იყენებს.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება ომში”, - განაცხადა რეზნიკოვმა.   

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და რუსეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

"ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს. პოზიტიური და შთამაგონებელი საუბარი. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და პროცესები, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობს. მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, სანამ საერთაშორისო წესრიგი არ აღდგება“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, „გუშინდელმა მოვლენებმა გამოავლინა პუტინის რეჟიმის სისუსტე“.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების მიწოდებისთვის.

"მნიშვნელოვანია უკრაინის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდა ჩვენი ცის დასაცავად. ამ კონტექსტში მადლობა გადავუხადე მას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.    

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის პარალელურად  რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ უკრაინაში მყოფ ჯარებს ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შოიგუ უკრაინაში რუსეთის დასავლეთის ძალების დაჯგუფების მეთაურს გენერალ ევგენი ნიკიფოროვს შეხვდა და მოისმინა მოხსენება „შექმნილ ვითარებაზე, მტრის მოქმედებების ბუნებაზე და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებაზე“.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარების მხარდაჭერის ორგანიზებას და პირადი შემადგენლობის უსაფრთხო განლაგებისთვის პირობების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ეს შოიგუს პირველი საჯარო გამოჩენაა „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს, როდის განხორციელდა შოიგუს ვიზიტი.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ- მაიორი  ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უმისამართლო საჰაერო თავდასხმები, რომლითაც  რუსებს ფრონტის ხაზზე არაფერს აძლევთ. თუმცა გენერალი მიიჩნევს რომ ამას რუსები იმისთვის აკეთებენ, რომ მოსახლეობის ომით გამოფიტვა და გადაღლა მოხდეს, რათა მოსახლეობამ უკრაინის ხელისუფლება აიძულოს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაჯდეს. 

„რუსეთის მთავარი მიზანია ახლა, რომ რაც შეიძლება მალე უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, რათა დრო მოიგოს. პუტინს ახლა დრო ზამთრისთვის სჭირდება. ამიტომ ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დარტყმა მოსახლეობას მიაყენოს. ამიტომაც მაქსიმუმ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ აქვს გეზი აღებული. 

„რაც შეეხება უკრაინაში შეტევას, ამ ეტაპზე  წინსვლა შენელებულია, რადგან თავსხმა წვიმებია და ტექნიკას გადაადგილება უჭირს. ორივე მხარე, რუსებიც და უკრაინელებიც ზამთრის კამპანიისთვის ემზადებიან. ორივე მხარე ხედავს, რომ ეს ომი ხანმოკლე არ არის და ის კვლავ გაგრძელდება. ომში გარდატეხა უფრო  2024 წლის გაზაფხულისთვის შეიძლება დავინახოთ. 

„საუბარი იმაზე, რომ ოქტომბერში ხერსონს აიღებენ და ა.შ. არ არის სწორი მოლოდინი, რადგან ასე სწრაფად ყველაფერი ვერ მოხდება. ამ ეტაპზე უკრაინის ხელში სტრატეგიული ინიციატივაა. ის არჩევს დარტყმის მიმართულებას, დროს და დარტყმის მეთოდს. ომში სიტუაციის კარნახი, ამ ეტაპზე,  უკრაინას შეუძლია. 

„ხარისხობრივი უპირატესობა ისევ უკრაინის მხარეს არის. ხოლო რაოდენობრივად  რუსები უფრო  უპირატეს მდგომარეობაში არიან და პუტინი ჯარს ზრდის ახალწვეულების და მობილიზებული ხალხის ხარჯზე. ეს ახალწვეულები შეტევაში ძალიან დაბალეფექტიანები არიან, მაგრამ, მათით შეიძლება ის ხრიჭოები შეავსოს, რაც თავდაცვაში აქვს“,-ამბობს კაპანაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×