
წარუმატებელი სამხედრო აჯანყების შემდეგ რუსეთში შედარებით დასტაბილურებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან" უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოდინებას არ ელიან - თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დაიძაბოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც რაიმე საფრთხეს ამ ეტაპზე უარყოფენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს იმას, რომ გასულ შაბათ-კვირას საქართველოს საზღვართან უამრავი რუსი იდგა.
„გუშინ წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში იყო დაბნეულობის შემოტანის მცდელობა. იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები იყო, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს საზღვარზე, მათ შორის ტყუილის გაცრცელება. ამაში ჩართულნი იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები. თითქოს ლარსის სასაზღვრო პუნქტს მოაწყდნენ რუსეთის მოქალაქეები, რაც იყო აბსოლუტური დეზინფორმაციაა" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში რუსი მოქალაქეების შემოდინებას არ უნდა ველოდოთ, რადგან სიტუაცია განმუხტულია, ხოლო რუსეთში მორიგი დესტაბილიზაციის შემთხვევაში, უნდა შეიკრიბოს უშიშროების საბჭო და მიიღოს შესაბამისი ზომები.
„დესტაბილიზაციის განვითარების საფუძველი და საქართველოსთვის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. გუშინ განიმუხტა სიტუაცია და მთავარი ამბოხებული ძალის ლიდერმა პრიგოჟინმა დატოვა რუსეთი და გადავიდა ბელორუსის ტერიტორიაზე - ეს საფრთხე დღეს მოიხსნა.
„მაგრამ არ არის გამორიცხული რომ რუსეთში მოხდეს სხვა სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევები, პრიგოჟინის ამბოხი ეს იყო სერიოზული საფრთხე და ქაოსური მდგომარეობა გამოიწვია არამარტო რუსეთში, არამედ საერთაშორისო დონეზე.
„რუსეთი ამ ეტაპზე გახდა არამარტო არასტაბილური, არამედ, არშემდგარი ქვეყნისკენ გადაიხარა - სერიოზული დარტყმა მიიღო პრიგოჟინისაგან. მაგრამ მოკლევადიან პერიოდში საფრთხეები არ არსებობს.
„რუსეთში მორიგი დესტაბილიზაციის შემთხვევაში, რა თქმა უნდა მოხდება რუსი მოსახლეობის საქართველოში მასობრივი შემოდინება, ჩვენ უნდა შევკრიბოთ უშიშროების საბჭო და ასეთ ვითარებაში ეს საკითხები განვიხილოთ" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში სიტუაცია დასტაბილურდა და შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ რუსი მოქალაქეების დიდ ნაკადს საქართველოში, მაგრამ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, იცოცხლებს თუ არა პრიგოჟინი, რომლის მომხრეების პროტესტს და არეულობას გამოიწვევს მოსკოვში პრიგოჟინის სიკვდილი. შესაბამისად, საქართველოში ბევრი რუსი გამოიქცევა, ხელისუფლებამ კი უნდა გაამკაცროს ზომები და რუსეთისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს.
„ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა გადააგორეს ახლა რუსეთში, აშკარად ჩანს, რომ პრიგოჟინმა სერიოზულად დააშანტაჟა და შეაშინა პუტინი. პუტინი ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მახსოვს, ყოველთვის ცდილობს მოთოკოს თავისი ემოციები, და ის ნამდვილად იყო გამწარებული პრიგოჟინის ასეთ ქცევაზე.
„პრიგოჟინმა გამოააშკარავა რუსული ძალაუფლების სისუსტეები, რამდენად მოწყვლადია და სუსტია, ეს ძალიან დიდი რეპუტაციული დარტყმაა რუსეთისთვის. იმიტომ, რომ ამდენ ხანს ცნობილი იყო, რომ რუსეთი იყო აგრესიული, საშინელი, საფრთხისმომცველი, სახელმწიფოს დაარტყა პრიგოჟინმა. გამოჩნდა რომ სახელმწიფო აღარ არსებობს რუსეთში, ეს არის ბანდიტების ხროვა.
„დესტაბილიზაცია იყო და გაჩერდა დესტაბილიზაცია, ახლა ამ წუთში მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის.
„ის დაძაბულობა რაც იყო - ზანზარებდა ბოლო თვეებში, ის, რომ პრიგოჟინი უპირისპირდებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ეს დაძაბულობა დროებით შეჩერდა. თუ პრიგოჟინი მოკლეს, რაც ეს არის გამორიცხული, თუმცა ეს არ უნდა აწყობდეს პუტინს, ან პრიგოჟინს გული რომ გაუსკდეს და თავისი სიკვდილით რომ მოკვდეს, ეს ყველაფერი დაბრალდება პუტინს და ეს ხალხი, ვინც პრიგოჟინის მომხრე იყო, ქუჩაში გამოვა.
„ამიტომ პუტინმა მთელი არმია უნდა გააგზავნოს ექიმებისა, რომ არაფერი არ მოუვიდეს „ვაგნერის" დაჯგუფების მეთაურს. თუ პრიგოჟინი კვდება, თუ პრიგოჟინი ქრება, და არავითარ სიცოცლის ნიშნებს არ იძლევა, ამან შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. სხვა დაძაბულობის კერები ამ წუთში არ ჩანს.
„თუ ასე განვითარდა სამხედრო პოლიტიკური მოვლენები, რუსი ხალხი წამოვა საქართველოსკენ იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრები ღია აქვს, ვისაც გაქცევა უნდა, რუსეთიდან ყველა წავა საქართველოში, იცის, რომ მიიღებენ. იცის რომ იმ მოვლენამ, რომ საქართველომ არ ჩაკეტა დროზე საზღვარი, გააძლიერა ამ კატეგორიის რუსების განცდა. საქართველომ ამ ფონზე უნდა შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.