ნაზი ბერიძე
26.06.2023

რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინის ამბოხს დასავლეთის მხრიდან აქტიური რეაქცია მოჰყვა - ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი პრიგოჟინს მიიღებს. ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" განვითარებული მოვლენების ფონზე ცალსახა პასუხი აქვთ - რუსეთი დასუსტდა, რაც სარისკოა განსაკუთრებით მისი მეზობელ სახელმწიფოებისთვის. ასევე, დასავლეთისთვის, რაც უსაფრთხოების ზომების გაზრდას ითხოვს, განსაკუთრებით ნატოს მხრიდან.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანა ნაუსედა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის" ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გარკვეული გეგმებითა და გარკვეული ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება", -აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტრმა.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით „დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", უკრაინამ წამოიწყო კონტრშეტევა, ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.

სტოლტენბერგის თქმით, ომის დასრულების შემდეგ, საჭიროა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება „რათა ისტორია არ განმეორდეს".

„ვგმობთ რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ეს არის უგუნური და უპასუხისმგებლო. ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს"-განაცხადა სტოლტენბერგმა

აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როგორც „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის". ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ ფიქრობს, რომ ეს საბოლოო მოქმედება იყო.

„ჩვენ არ გვინახავს საბოლოო მოქმედება. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით",-განაცხადა ბლინკენმა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრიგოჟინის ამბოხზე ამბობს, რომ ეს სისუსტეა რუსეთის არმიაში.

„სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ეს გვიჩვენებს უთანხმოებებს, რომლებიც არსებობს რუსეთში, სისუსტეს როგორც მის არმიაში, ასევე დამხმარე ძალებში, როგორიცაა „ვაგნერის" ჯგუფი" - აღნიშნა მაკრონმა.

„ამან უნდა გვაიძულოს, ვიყოთ უკიდურესად ფხიზლად და სრულად გაამართლოს მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინელებს", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" განმარტავს, რომ პრიგოჟინის უკვე მსოფლიოში გახმაურებულ ბუნტს ექნება სხვადასხვა საერთაშორისო გამოხმაურება, ვინაიდან ის შეიძლება იყო დადგმული სცენარი, ან ეს იყო შიდა დაპირისპირება, რომელიც საკმაოდ ასუსტებს რუსეთს და დასუსტებული რუსეთი არ არის „საჩუქარი" აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის.

„ბუნტის გავლენა? არის საკმაოდ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ამის შესახებ, მაგალითად, ზოგს მიაჩნია, რომ გარკვეულწილად დადგმულიც იყო, ზოგს მიაჩნია რომ პირიქით, არავითარი დადგმული არ იყო. გამოწვეული იყო რეალური შიდაწინააღმდეგობრივი დაპირისპირების გამო, რასაც აწყდება რუსეთი უკრაინის ომის ფონზე, ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე, სხვადასხვა გამოხმაურებები არის, საერთაშორისო თვალსაზრისით.

„ყველაზე მთავარი შეფასება ეს არის, რომ ამ ბუნტმა გამოამჟღავნა რუსეთის სახელმწიფოს სისუსტე, არის მითი იმის შესახებ, რომ მას ჰყავდა ნომერ მეორე არმია მსოფლიოში, რომ პუტინის ხელისუფლება იყო შეურყეველი, მხარს უჭერს შიდა საზოგადოებრივი აზრი მთლიანად - ეს მითები შეირყა.

„ასევე შეირყა მითი იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების სტრუქტურები ყველაფერს აკონტროლებდნენ, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ამ მხრივაც, მძიმე მდგომარეობაა და ფაქტობრივად, მოსკოვს მიუახლოვდა პრიგოჟინი. ამით კიდევ ერთხელ შეარყია მითი პუტინის ხელისუფლების სიძლიერის შესახებ, რაც სერიოზული რეპუტაციული ზიანია მისი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ეს ერთხელ თუ შეირყა იგი, გამომდინარე რუსეთის ხელისუფლების რეჟიმის სპეციფიკურობიდან, მას მოუწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება.

„ამას ბუნებრივია საერთაშორისო გამოხმაურებაც აქვს. ომი რომელიც პუტინმა წამოიწყო, უკვე ქვეყნის შიგნითაც არ არის პოპულარული. ალბათ ახლა რუსული საზოგადოება და განსაკუთრებით ოლიგარქები ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან.

„რა რეაქცია ექნება დასავლეთს? ბუნებრივია იგი შიდაპოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩაერევა, ეს რუსეთის შიდა საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დააკვირდებიან პუტინის დაჟინებას, რომ ბელორუსში განთავსდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი.

„ეს გამოწვევა არის, იმიტომ, რომ ისეთი დიქტატორული რეჟიმისათვის, როგორიც არის ლუკაშენკოს რეჟიმი, მის ხელში ასეთი იარაღის გაჩენა უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის. ამიტომ მათთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ტიპის იარაღი არ ჩაუვარდეს ხელში ასეთი ტიპის დიქტატორებს, რომლებმაც შეიძლება ის გამოიყენონ თავიანთი სტრატეგიული მიზნებისთვის და დააშანტაჟონ დასავლეთი.

„მთავარია, ვინ აკონტროლებს ამ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ისევ რუსეთი, თუ ნაწილობრივი კონტროლი ექნება ბელორუსსაც. დასუსტებული რუსეთიც არ არის საჩუქარი დასავლეთისთვის, იმიტომ, რომ თუ ის უკიდურესად დასუსტდება, ამას მერე მოჰყვება შიდა აშლილობები რუსეთში და ამიტომ დასავლეთი ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ჯიპას პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრიგოჟინის ამბოხის დასასრულს მოჰყვება შემდეგი პროცესები, რაც საჭიროებს რიგი სახლმწიფოების უსაფრთხოების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე.

„გლობალურ გავლენაზე მეტად ალბათ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ რა გავლენა ექნება თავად რუსეთში, ამან შეარყია რუსეთის სახელმწიფოს სისტემა, ამის შედეგებს ჩვენ მომავალში ვნახავთ. ანუ ამბოხი დასრულდა, მაგრამ, პროცესი არ დასრულებულა

„რაც შეეხება ნაუსედას განცხადებას - ყველა სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, იღებს ზომებს ყველა იმ შესაძლო რისკის მინიმალიზაციისთვის, რაც რუსეთში მოჰყვება რეჟიმის ჩამოშლას. პუტინის რეჟიმის ჩამოშლა მოხდება. ყველა სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაქცია ჩვენ გარდა. იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ მაგაზე, როგორც ჩანს.

„ასე რომ, სრულიად სწორი განცხადება არის და რუსეთში შექმნილი სიტუაცია, აქამდეც ყოველთვის განიხილებოდა ნატოს წევრს სახელმწიფოებში და მომავალშიც იქნება განხილვის საგანი" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×