რეზონანსი
25.06.2023

შაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. ამბოხებული „ვაგნერელები“ უკვე მოსკოვიდან 200 კილომეტრში იმყოფებოდნენ. როსტოვის ცენტრში თავად „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყო გამაგრებული, მის გასანადგურებლად გაგზავნილ „კადიროველებს“ კი ქალაქის გარეუბნებში ჰქონდათ მოწყობილი პოზიციები და იერიშისათვის ემზადებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ, პრიგოჟინის მიერ გამოცხადებული „სამართლიანობის მარში“ მშვიდობიანად დასრულდა.

რუსეთმა სამოქალაქო ომი აიცილა თავიდან. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ შორის ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ჯერჯერობით ამ შეთანხმების მხოლოდ ცალკეული დეტალებია ცნობილი.

„ვაგნერის“ საბრძლო შენაერთები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულ საველე ბანაკებში ბრუნდებიან. მათი მომავალი გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ისე, რომ, მიღწეული შეთანხმების თანახმად, არ დაიწყება მათი სამართლებრივი დევნა სამხედრო გადატრიალების მცდელობის მოტივით. ამავე შეთანხმებით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთს დატოვებს და ბელარუსში გაემგზავრება.

მეორეს მხრივ, არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რის სანაცვლოდ დაიხია უკან პრიგოჟინმა. მისი მთავარი მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაყენება და დასჯა იყო, კონკრეტულად თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვის. შესაბამისად, რუსი სამხედრო მიმოხილველები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში თავდაცვის სამინისტროში წმენდა დაიწყება.

მოლაპარაკების შემდეგ ახალი მიმართვა გაავრცელა პრიგოჟინმა, სადაც იგი არაფერს ამბობს შეთანხმების დეტალებზე და აცხადებს, რომ უკან დახევის გადაწწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

რაც შეეხება მსხვერპლს, საერთო ჯამში დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 15 წარმომადგენელი, ძირითადად სამხედრო მფრინავები. ჩამოგდებულია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „ილ-16“ ტიპის ერთი თვითმფრინავი და „კა-52“ ტიპის სამი ვერტმფრენი. სავარაუდოდ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ერთ-ერთ ჩანაწერში პრიგოჟინი საუბრობს სამთავრობი ძალების საბრძოლო ვერტმფრენის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ჩვეულებრივი სამგზავრო ავტობუსის განადგურებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობისას შემთხვევით აღმოჩნდა „ვაგნერელების“ კოლონის გვერდით.

რაზ შეეხება ზოგად სიტუაციას, შაბათს რუსეთში სრული ქაოსი, პანიკა და დაბნეულობა იყო. დაიწყო რუსული რუბლის სწრაფი გაუფასურება. მკვეთრად გაძვირდა ავიაბილეთები. რამდენიმე გავლენიანმა ოლიგარქმა სასწრაფოდ დატოვა რუსეთი. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაიწყო მკვეთრი პოლარიზაცია. გავრცელდა კადრები „ვაგნერის“ მიერ დაკავებული როსტოვიდან, სადაც ასახულია ხეილუსუფლების მომხრა და მოწინააღმდეგე რიგირთი მოქალაქეების ჩხუბი ქალაქის ცენტრში.

რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელი საჯაროდ გამოვიდა და განაცხადა, რომ ისინი პრეზიდენტის მხარეს არიან. რუსეთის პატრიარქმა კი განაცხადა, რომ ის ლოცულობს რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინისათვის.

აჯანყების ფორმალური მიზეზი

ურთიერთობა „ვაგნერსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიძაბა, როდესაც პრიგოჟინის მეორმრები ქალაქ ბახმუტს უწევდნენ. იმ პერიოდში პრიგოჟინმა რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჭურვებს ითხოვდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იგი პირადად თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა სანოტაჟში.

საპასუხოდ თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ „ვაგნერს" ზუსტად ისე აწვდიდნენ საჭრო საბრძოლო მასალებს, როგოც რუსული არმიის ოფიციალურ ფორმირებებს და კერძო კომპანიის მებრძლებისათვის გამონაკლისს ვერ დაუშვებდნენ.

მაისის ბოლოს, ბახმუტის აღების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მისი ნაწილები დროებით ტოვედნენ წინა ხაზს და დასასვენებლად და ძალების მოსაკრებად ზურგში გადაინაცვლებდნენ.

„ვაგნერის" მიერ ბახმუტის დატოვების შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელმაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ გზები, რომლითაც მისი ნაწილები ქალაქს ტოვებდნენ, რუსული არმიის მიერ დანაღმული აღმოჩნდა. გარდა ამისა, „ვაგნერელებმა" დააკავეს რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, რომელიც ამ დანაღმვასა და „ვაგნერისთვის" დამაზიანებელ სხვა მოქმედებებს ხელმძღვანელობდა.

ამის შემდედ რუსეთის თვდაცვის სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ყველა კერძო სამხედრო კომპანია და მოხალისეთა ბატალიონები ვალდებული იყვნენ 1-ლ ივლისამდე გადასულიყვნენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და გაეფორმებინათ მასთან კონტრაქტი.

პრიგოჟინმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა და პირიქით, უკრაინაშ მებრძოლ რუსულ კომპანიებსა და მოხალისეებს მოუწოდა „ვაგნერში" გაერთიანებულიყვნენ.

მთავარი ინციდენტი კი 23 ივნისს მოხდა. პრიგოჟინის ცნობით, გამთენიისას მათ სამხედრო ბანაკზე თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურიმა ფორმირებებმა სარაკეტო დატყმა განახორციელეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ პრიგოჟინმა თავისი ნაწილები ჯერ როსტოვის, შემდეგ კი მოსკოვისკენ დაძრა და მოაცხადა, რომ მისი მიზანია მთავარი მოღალატეების - შოიგუსა და გერასიმოვის ხელში ჩაგდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ვაგნერელებზე სარაკეტო დარტყმას უარყოფს. მათ პრიგოჟინი და მისი მომხრეები მოღალატეებად გამოაცხადეს და სამხედრო გადატრიალების მცდელობის მუხლით საქმე აღძრეს.

მოვლენების ქრონოლოგია

პარასკევს ღამით ევგენი პრიგოჟინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული თავისი ნაწილები უკან მოატრიალა და რუსეთის სიღრმისაკენ დაძრა. გზაზე მასსა და რეგულარულ სამხედრო ნაწილებს შორის მოხდა რამდენიმე შეტაკებაც. 

პრიგოჟი აცხადებდა, რომ მის განკარგულებაშია 25 ათასი მებრძოლი და კიდევ 25 ათასი ოპერატიულ რეზერვში ჰყავს.

რუსეთის ხელისუფლებამ ვორონეჟისა და როსტოვის ოლქშ, ასევე მოსკოვის ოლქსა და ქალაქ მოსკოვში ანტიტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა. მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ და ქუჩაში გასვლას მორიდებოდნენ.

ვეგენი პრიგოჟინზე აღიძრა საქმე სამხედრო გადატრიალების მცდელობის მუხლით.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ინტენსიურად დაიწყო საბრძოლო ნაწილების მოსკოვისკენ გადასროლა. 

შაბათს გამთენიისას, აჯანყებულებმა უბრძოლველად დაიკავეს სამხრეთ რუსეთის უმსხვილესი ქალაქი როსტოვი, სადაც იმყოვებოდა რუსეთის არმიის უმაღლესი სარდლობა.

„ვაგნერელებს" პრატიკულად არავინ უწევდა წინააღმდეგობას. თავად პრიგოჟინის თქმით, მის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ გამოუცდელი წვევამდელებით დაკომპლექტებული ნაწილები გადაისროლა, თუნცა მათ „ვაგნერის" გადაადგილებისათვის ხელი არ შეუშლიათ. თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ მათ სამხედრო კოლონას რამდენჯერმე ჰაერიდან დაესხნენ თავს და ისინიც იძულებული გახდნენ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამი ვერტმფრენი ჩამოეგდოთ.

დილის 9 საათისთვის როსტოვში მდებარე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მთავარ შტაბში გაიმართა პირველი მოლაპარაკება პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

დაახლოებით ამავე დროს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო ვერტმრენებმა იერიში მიიტანეს როსტოვზე და გაანადგურეს ნავთობის ტერმინალი.

დილის 10 საათისთვის „ვაგნერელები“ უკვე ქალაქ ვორონეჟში შევიდნენ, რომელიც მოსკოვიდან 500 კილომეტრში მდებარეობს. შუადღისას გავრცელდა ცნობები ვორონეჟის ოლქში მაშტაბური შეტაკების შესახებ.

დაახლოებით 11 საათზე პრეზიდენტმა ვლადიმირი პუტინი საგანგებო მიმართვით გამოვიდა. მან პრიგოჟინი სახელმწიფო მოღალატედ გამოაცხადა; თქვა რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს და უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები. 

ამის საპასუხოდ თავად პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის სასიკეთოდ მოქმედებს და სიკვდილამდე აპირებს ბრძოლას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავის მიმართვებში, რომელსაც პრიგოჟინი პარასკევს და შაბათს პერიოდულად ავრცელებდა, არასოდეს უხსენებია ნეგატიურ კონტექსტში პირადად პრეზიდენტი პუტინი. იგი მხოლოდ მინიშნებით საუბრობდა ხელისუფლებაში მოკალათებულ კორუმპირებულ მოხუცებზე.

პუტინის გამოსვლის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც და პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან თავდაცვის სამინისტროსა და „როსგვარდიის“ ნაწილები უკვე გაემგზავრნენ დაძაბულობის ზონაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად და მისი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. აჯანყება ჩახშობილი უნდა იყოს და თუ ამისათვის მკაცრი ზომების გამოყენება იქნება საჭირო, ჩვენ მზად ვართ... ეს სამხედრო გადატრიალებაა! ამას არანაირი გამართლება არ აქვს!“, - დაწერა კადიროვმა „ტელეგრამზე“.

დაახლოებით შუადღის 2 საათისთვის „ვაგნერის“ კოლონამ ვორონეჟის ოლქი გაიარა, ლიპეცკის ოლქში შევიდა და აგრძელებს წინსვლას. პრიგოჟინი წერს, რომ მათ პრაქტიკულად არავინ უწევს წინააღმდეგობას. „როსგვარდიისა“ და რეგულარული არმიის ნაწილები მათ გზას უთმობენ და გარდა ამისა, რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ღიად შეუერთდა „ვაგნერელებს".

დაახლოებით 4 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერელთა“ კოლონები უკვე მოსკოვის ოლქში შევიდნენ. ამას მოჰყვა პანიკა თავად მოსკოვში. მკვეთრად გაძვირდა ავიაბილეთები უცხოეთის მიმართულებით. შედარებისათვის, შაბათს მოსკოვი-ერევანის ავიაბილეთი 198 000 რუბლი (დაახლოებით 27 ათასი ლარი) ღირდა. ასევე დაიწყო რუბლის გაუფასურება გაუფასურება - 1 ამერიკული დოლარის კურსი უკვე 100 რუბლს აცდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიზღუდა ინტერნეტთა წვდომა ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის. მოსკოვის შესასვლელებთან თავდაცვის სამინისტროს ნაწილებმა ბლოკ-საგუშაგოები და საცეცხლე წერტილები მოაწყვეს. ასევე დაიწყეს სანგრების გათხრა.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ არღვევს „ვაგნერელთა“ სამხედრო ტექნიკა გზაზე მათთვის მოწყობილ წინაღობებს. ასევე გავცელდა კადრები, თუ როგორ თხრიან ბულდოზერები გზას ლიპეცკის ოლქში გამავალ ფედერალურ ავტომაგისტრალზე „ვაგნერელთა“ წინსვლის შესაჩერებლად. ასევე გავრცელდა ცნობები მოსკოვის ოლქში „ვაგნერელთა“ მარშრუტზე მდებარე ერთ-ერთი სტრატეგიული ხიდის აფეთქების შესახებ.

დაახლოებით 5 საათისათვის ჩეჩნეთიდან დაძრული ბატალიონი „ახმატი“ როსტოვს მიუახლოვდა და ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში გაჩერდა. სავარაუდოდ, „კადიროველთა“ მცირე ჯგუფი ქალაქშიც შევიდა. „ვაგნერთან“ დაახლოებულმა „ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, აღწერილია „კადიროველების“ განიარაღება და დაკავება როსტოვის ცენტრში „ვაგნერელების“ მიერ.

დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის დაიწყო მხარეებს შორის ახალი მოლაპარაკება. ამ შემთხვევაში შუამავლად გამოვიდა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უკვე 20 წელია პირადად იცნობს პრიგოჟინს და სწორედ ამიტომ დათანხმდა მოლაპარაკებას.

ღამის 10 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა საშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ „ვაგნერი“ ბრუნდება საველე ბანაკებში. 

„თქვენობით მელაპარაკეთ!" - პირველი უშედეგო მოლაპარაკება

პრიგოჟინის პირველი სამიზნე ქალაქი როსტოვი იყო, რადგანაც სწორედ აქ მდებარეობს უკრაინაში მოქმედი რუსული არმის სარდლობა და აქაა გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მთავარი შტაბი.

შაბათ დილით „ვაგნერელები" უკვე ქალაქში იყვნენ. მათ უპრობლემოდ დაიკავეს ყველა სტრატეგიული ობიექტი და სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბიც. სწორედ აქ შედგა პრიგოჟინის შეხვედრა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუსბეკ ევკუროვსა და გენშტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმირ ალექსეევს შორის.

ცნობილია, რომ თავად გერასიმოვი, რომელიც პრიგოჟინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, პარასკევს როსტოვშ იმყოფებოდა. რუსულ „ტელეგრამ" არხებზე გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მან შაბათს გამთენიისას დატოვა ქალაქი. მეორე ვერსიით კი, გერასიმოვი როსტოვში დარჩა, თუმცა შტაბის შენობა დატოვა და ქალაქში თავის ახლობლებთან კერძო ბინაში იმალებოდა.

ევკუროვი და ალექსეევი თავად მივიდნენ შტაბში, რომელიც უკვე პრიგოჟინს ჰქონდა დაკავებული. ინტერნეტში გავრცელდა მათი საუბრის ჩანაწერი.

ჩანაწერში პრიგოჟინი სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს თავდაცვის სამინისტროს. მისი თქმით, „ვაგნერს" გადაადგილებისას რამდენჯერმე დაესხნენ თავს. შედეგად, ვაგნერელებმა სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს და თუ საჭრო გახდა, კიდევ ჩამოაგდებენ.

გარდა ამისა, პრიგოჟინი საუბრობს მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსზე, რომელიც ფედერალურ ავტომაგისტრალზე შემთხვევით აღმოჩნდა „ვაგნერელების" გვერდით და რომელიც თვადაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენიდან გაშვებული რაკეტით ააფეთქეს.

ევკუროივი და ალექსეევი საპასუხოდ აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გარდა ამისა, პრიგოჟინი ევკუროვს მკაცრი ტონით სთხოვს, მას „თქვენობით" ესაუბროს. ევკუროვი მორიდებით იმართლებს თავს და ამბობს, რომ მისი შეურაცხყოფა აზრადაც არ ჰქონია.

საუბრის ბოლოს პრიგოჟინი ამბობს, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია თავის სიმართლეში და რომ იგი მოქმედებს რუსეთის გადასარჩენად.

მეორე მოლაპარაკება და საბოლოო შედეგები

შაბათს ღამით გამართულ მოლაპარაკებებზე ცოტა რამ არის ცნობილი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეთანხმების მხოლოდ ზოგიერთი დეტალი გაამხილა - პრიგოჟინზე აღძრული საქმე შეწყდა, თავად პრიგოჟინი გაემგზავრება ბელარუსში და მისი უსაფრთხოების გარანტია ამ მოგზაურობისას იქნება მხოლოდ პუტინის მიერ მიცემული სიტყვა. ის „ვაგნერელები“, რომლებმაც უარი თქვეს პრიგოჟინის „სამართლიანობის მარშში“ მონაწილეობაზე და საველე ბანაკებში დარჩნენ, თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებენ კონტრაქტებს. დანარჩენ „ვაგნერელებზე“ არ დაიწყება სამართლებრივი დევნა.

„ვაგნერის“ მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია. თვდაცვის სამინისტროს მიერ ივნისის დასაწყისში გამოცემული განკარგულებით, „ვაგნერი“ ვალდებულია 1 ივლისამდე გააფორმოს კონტრაქტი სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში გადავიდეს. პრიგოჟინი ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და მისი აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ამ ამბების ფონზე კი, რა მოხდება 1-ლი ივლისის შემდეგ, სრულიად გაურკვეველია.

ასევე გაურკვეველია რის სანაცვლოდ დათმო პრიგოჟინმა და დაიწყება თუ არა საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში. პესკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკების დროს ეს თემა საერთოდ არ იყო განხილული.

ერთადერთი, ვინც ამ მოლაპარაკების შედეგად უპირობოდ მოგებული დარჩა, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. ანალიტიკოსები უკვე იმაზე მსჯელობენ, თუ რა შეიძლება მოსთხოვოს მან პუტინს ასეთი სერიოზული პრობლემის მოგვარებაში დახმარების სანაცვლოდ.

პრიგოჟინის ამბოხის ყველაზე მთავარი შედეგი კი, ანალიტიკოსების შეფასებით, ისაა, რომ თავად რუსეთში საგრძნობლად შეირყა ვლადიმირ პუტინის იმიჯი და ავტორიტეტი. პუტინმა შაბათს დილით პრიგოჟინი მოღალატედ გამოაცხადა და თქვა, რომ გასცა შესაბამისი განკარგულებები მის გასანეიტრალებლად, თუმცა „ვაგნერელებმა“ ისე გაიარეს რუსეთის სიღრმეში რამდენიმე ასეული კილომეტრი, რომ მათთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედა.

თავად ის ფაქტი, რომ პუტინს პრობლემის მოსაგვარებლად თავისი „უნცროსი კოლეგის“, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამდგომლობა დასჭირდა, ასევე აზიანებს მისი, როგორც ყოვლისშემძლე ლიდერის იმიჯს. ასევე ის გარემოებაც, რომ მოღალატეებად გამოცხადებულ პრიგოჟინს და მის მებრძოლებს ყველაფერი აპატიეს.

ამის პარალელურად კი მკვეთრად გაიზარდა პრიგოჟინის ავტორიტეტი. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივი იყო თუნდაც როსტოვიდან „ვაგნერელებისა“ და პირადად პრიგოჟინის გაცილების კადრები. იგი პრაქტიკულად ეროვნულ გმირად იქცა, რომელიც მეთაურობს ყველაზე ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალას რუსეთში, სისხლს ღვრის „რუსული სამყაროსათვის“ და ამავე დროს ჩვეულებრივად გადაადგილდება ქუჩაში და ეკონტაქტება რიგირთ მოქალაქეებს.

ზოგიერთი რუსი მიმომხილველი საზოგადოებაში მომხდა ფსიქოლოგიურ გარდატეხაზეც წერს. მათი თქმით, აქამდე რუსეთში არ არსებობდა „მეორე კაცის“ მცნება. პრეიზდენტ პუტინის ავტორიტეტი ფარავდა ყველას და ყველაფერს. 23-24 ივნისის მოვლენების შემდეგ კი პრიგოჟინი უკვე „მეორე კაცია“ სახელმწიფოში.

გარდა ამისა, ამ მოვლენებმა აჩვენა კრემლის უსუსურობა მეტ-ნაკლებად სერიოზული შიდა დაპირისპირებისას და დღეს რუსეთის ხელისუფლება, პირველ რიგში თავად რუსული საზოგადოების თვალში, არც ისე უძლეველი და შეუცვლელი ჩანს, როგორც 23 ივნისამდე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×