ნაზი ბერიძე
24.06.2023

ვორონეჟის ოლქში ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შაბათს შუადღისას შეტაკებები დაიწყო. ამბოხებული „ვაგნერელების“ მთავარი შტაბი როსტოვში მდებარეობს, მოწინავე ნაწილები კი უკვე ვორონეჟში არიან. თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვამდე აპირებს ჩასვლას, თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, მის განკარგულებაში ამ ეტაპისთვის არსებული ძალებით მოსკოვის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე საუბრობენ. მათი თქმით, თუკი რუსეთის რეგულარულმა არმიამ კოფლიქტის ლოკალიზება შეძლო, შესაძლოა ყველაფერი 2-3 დღეში „ვაგნერის“ გადადგურებით დასრულდეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პრიგოჟინს რუსულ საზოგადებაში სერიოზული მხარდაჭერა აქვს, მათ შორის არმიის საშუალო და ქვედა რგოლის ოფიცრებს შორის, შესაძლოა რუსეთში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი ვიხილოთ.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგანგებო გამოსვლაში პრიგოჟინი სახელმწიფო მოღალატედ გამოაცხადა; თქვა რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს და უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები. თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის სასიკეთოდ მოქმედებს და სიკვდილამდე აპირებს ბრძოლას. 

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთში ჯერჯერობით ანალიტიკოსებს მხოლოდ მოსაზრებები აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ, ეს გამოიწვევს რუსეთის დესტაბილიზაციასა და დასუსტებას, რაც უკრაინის კონფლიქტში, უკრაინელი მებრძოლების დაწინაურების საფუძველი გახდება. თუმცა მოსკოვის აღების პერსპექტივა  პრიგოჟინისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს.

„ტელეგრამში“ კი ვრცელდება ინფორმაცია ვორონეჟის ოლქში დაწყებული შეტაკების შესახებ.

„ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია „მ-4“ ავტომაგისტრალს ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან“, - იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ-არხები.

„ბიბისის“ რუსული რედაქციის ცნობით, „ვაგნერის“ მებრძოლებმა ქალაქ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტზე აიღეს კონტროლი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება. რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. 

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პრიგოჟინი პუტინს პასუხობს, რომ ის მოღალატე არ არის, პატრიოტია და სწორედ ამიტომ იბრძვის.

„სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძვით, ჩვენ მივდიოდით და ვიბრძოდით, მაგრამ გაირკვა, რომ საბრძოლო მასალა, შეიარაღება და ყველა ფული, რომელიც ამაზეა განკუთვნილი, ჩინოსნების ჯიბეებში ილექება", - განაცხადა პრიგოჟინმა.

გადამდგარი გენერალი  ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ რუსეთის სამოქალაქო დაპირისპირების განვითარების სცენარებზე საუბრობს. მისი თქმით, შეიძლება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა წარმატებებს ვერ მიაღწიოს და რუსეთიდან გასაქცევად ჰქონდეს საქმე, ეს ყველაფერი კი უკრაინელებმა უნდა გამოიყენონ და განავითარონ აქტიური საომარი მოქმედებები უპირატესობების მოსაპოვებლად.

„რუსეთში სხვადასხვა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. თუ 2 დღეში ვერ მოახერხეს პრიგოჟინის საკითხის მოგვარება, ეს შეიძლება გადაიზარდოს ხანგრძლივ დაპირისპირებაში. იქნება თუ არა ეს სამოქალაქო ომი? შეიძლება იყოს, ან შეიძლება არ იყოს, მაგრამ ამას პუტინის წინააღმდეგ შიდა გადატრიალების მცდელობებიც რომ შეიძლება მოჰყვეს, ეს ფაქტია.

„რაც შეეხება მოსკოვს, მოსკოვის აღებას პრიგოჟინი ვერ მოახერხებს. შეუძლია დაიკავოს გარკვეული ტერიტორიები თავისი 25 ათასი კაცით. თუ გაგრძელდა ეს მოვლენები, მისი მხარდამჭერების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. თუ არ გაგრძელდა, მაშინ კონფლიქტის ლოკალიზებას მოახდენენ რუსები და შეეცდებიან პრიგოჟინი გაანადგურონ. 

„მაგრამ ეს ცუდად აისახება რუსეთის სამხედრო მდგომარეობაზე უკრაინაში. დასუსტდება რუსეთი და როცა ის დასუსტდება, უკრაინელებს უჩნდებათ წარმატების უფრო მეტი შანსი.

„წარმატებას თუ ვერ მიაღწევს პრიგოჟინი, ის უნდა გაიქცეს რუსეთიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად გაანადგურებენ.

„გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო შეხვედრაზე პრიგოჟინთან და პრიგოჟინის მოთხოვნა იყო გერასიმოვის და შოიგუს გადაცემა მისთვის, რაზეც არ დათანხმდებიან. ჯერჯერობით ასეთი მოლაპარაკებაა.

„პრიგოჟინმა გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი მოთხოვნები, თუმცა არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია. იგი მოლაპარაკებებს ითხოვს არა უკრაინელებთან, უკრაინის ომთან დაკავშირებით, არამედ დასავლეთთან. მოითხოვს შოიგუს და გერასიმოვის გადაცემას მისთვის.

„12 პუნქტში მოწოდებებია ომის გამარჯვებამდე მიყვანაზე. შეიძლება ეს იყოს არა მისი მიზანი, არამედ სურვილი, რომ მოსახლეობამ მხარი დაუჭიროს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პუნქტები არის“, - განაცხადა „რეზონანსთან’ ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ასევე ფიქრობს, რომ მოსკოვის აღებას, ალბათ, „ვაგნერელები“ ვერ შეძლებენ, მაგრამ მათ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. ეს ყველაფერი კი უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს და შანსს აძლევს მათ, რომ წარმატებული კონტრშეტევები განახორციელონ, რაც სერიოზული დარტყმა იქნება პუტინისთვის.

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. პრიგოჟინსა და „ვაგნერელებს“ უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ, იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და ისინი გამოაცხადა მოღალატეებად და ბრძანა მათი ნეიტრალიზაცია. ისინი შეეცდებიან გამაგრდნენ როსტოვში და ეცადონ მოსკოვისკენ წასვლას. თუმცა, ეს წასვლა უფრო მაშინ გამოვა წარმატებული პრიგოჟინისთვის, თუკი „ვაგნერს“ შეუერთდა რუსეთის არმიის სხვა ოფიცრებიც. 

„ამის გარკვეული შანსი არსებობს, რადგანაც არმიის საშუალო ფენა, საშუალო და დაბალი რანგის ოფიცრები, საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი თავისი მინისტრის და გენშტაბის უფროსის მიმართ და არის დიდი შანსი, რომ მათ გაიზიარონ პრიგოჟინის და „ვაგნერელების“  მოსაზრებები და მათ შეუერთდნენ. ასეთ შემთხვევაში რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს სამოქალაქო ომის ზღვარზე. 

„შეძლებს თუ არა პრიგოჟინი მოსკოვის აღებას? ეს ასე მარტივი არ არის. ეს ყველაფერი შეიძლება გადავიდეს სამოქალაქო ომში. აქ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციას დაიკავებს კადიროვის „ახმატი“. ის ყოველთვის აცხადებდა, რომ არის პუტინის ერთგული ჯარისკაცი, მით უმეტეს ერთი თვის წინ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება კადიროვს და პრიგოჟინს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ისინი მეგობრობდნენ. თუ პუტინმა ბრძანა, რომ „ახმატი“ გამოიყენოს „ვაგნერელების“ შესაჩერებლად, მაშინ მათ შორის შეტაკებამ შეიძლება ბევრი რამ დაძაბოს.

„ამასთანავე, ეს ყველაფერი უკრაინელების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან უკრაინელებმა უნდა ისარგებლონ ამ მომენტით და გააძლიერონ კონტრშეტევები ბახმუტზე, რადგან თუ ახლა მათ შეძლეს ბახმუტის დაბრუნება, ეს სერიოზული დარტყმა გახდება პუტინის რეჟიმისთვის“, -განაცხადა „რეზონანსთან“ ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×