ნაზი ბერიძე
23.06.2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ასევე ოპოზიციამ - პრეზიდენტის ნაბიჯს კრიტიკა უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მოჰყვა. თავად ნიკა გვარამია კი პრეზიდენტს მადლობას უხდის.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლია და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.

პრეზიდენტის განმარტება გვარამიას შეწყალებაზე

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ.

„მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვტქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება"-განაცხადა 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა.

გვარამიას პასუხი და მოულოდნელობის ემოციები

ნიკა გვარამიამ პირველი განცხადება საპატიმროს დატოვების შემდეგ გაააკეთა. მან თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ მისთვის მოულოდნელი იყო. მისი თქმით, შეწყალების აქტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი საკუთარი ქვეყნისთვის მოაწერა.

„ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესახ მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება. არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ. მაგრამ მანამდე არაფერს არ ველოდი. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად",-განაცხადა გვარამიამ.

შეფასებები უმრავლესობასა და ოპოზიციაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ ღირსებასა და იმიჯს.

„ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ იმ შემთხვევაში ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველები და ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, საზოგადოებას აქვს სრული და ლეგიტიმური უფლება იმის, რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა და აღიარა.

„აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეფასებაც, ვფიქრობ უნდა იყოს ანალოგიური რასაც თავის შეფასებებში პრეზიდენტის მისამართით იყენებდა გვარამია. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდა ქალბატონი პრეზიდენტი ,მაგრამ ასეთი სიტყვებით მოეხსენიებინა ზურაბიშვილი, როდესაც ადამიანს უწოდებ „რეზიდენტს" ვფიქრობ, დადასტურებულად უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია, პროცესს რაც შეეხება ეს მისი გადაწყვეტილებაა"-განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა

„ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას მთავარი რიტორიკული კითხვაა - დავუახლოვდით თუ არა ამით ევროპას, რა თქმა უნდა, არა.

„კითხვა არის ჩემი მხრიდან - ამ ამბის შემდეგ არსებითად გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა, რეალურად დავუახლოვდით თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ დასავლურ იდენტობას, ევროპულ მომავალს - სამწუხაროდ ამაზე პასუხი არის არა. ჩვენ გვახსოვს წარსული არაერთი შემთხვევა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და შეწყალების ინსტრუმენტით დაგროვილი გვაქვს გამოცდილება, რომ ქვეყანა ამას წინ არ წაუყვანია, საბოლოო ჯამში მეტიც, გვქონდა საფუძველი რომ გვენახა, რომ ივანიშვილი ამ საქმეებს იყენებდა როგორც მძევლებისთვის ვაჭრობას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ" - განაცხადა ბოკერიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც ნიკა გვარამიას შეწყალებაზე დადებითად აფასებს.

„მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას - აქამდე რომ ყოფილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოვიდა 12 პუნქტის შეფასება ევროკავშირის მხრიდან , სადაც ვარჰეი ამბობს, მხოლოდ სამია შესრულებული, ვარჰეი რომელსაც აქებდა და ადიდებდა და ენდობოდა „ქართულ ოცნება". ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დერუსიფიკაცია და დეოკუპაცია მოხდეს და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის „გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია განმარტავს, დღეს ქვეყანას ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე რატომ არ გააკეთა ეს, სხვა მხრივ, ვფირობ და აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, რომ გვარამია რა მუხლითაც იჯდა ციხეში, იმ მუხლით თუ ხალხს ჩავსვამთ, ჩემი ბევრი კოლეგა იქნება დასაჭერი როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, რადგან არ მეგულება ადამიანი, ვისაც ჰყოლია სამსახურებრივი მანქანა და ის არ გამოუყენებია არასამსახურებრივი მიზნით. ასევე ეს გადაწყვეტილება დადებითია იმ თვალსაზრისითაც, რომ ერთით ნაკლები უკანონო პატიმარი გვყავს."-განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დასავლეთის პოზიცია

დასავლეთი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მართებულობაზე საუბრობს.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო,-ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერზე წერს.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, ევროპარლამენტარმა მირიამ ლესმანმა, რაზეც სოციალურ ქსელში დაწერა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს პოლარიზაციის და დაყოფის შესამცირებლად - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეინტონი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის"დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ასევე მართებულად მიიჩნევს. „ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".

როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში აღნიშნულია: „ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×