
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას აქტიურად ეხმაურებიან საქართველოშიც და უცხოეთშიც - ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას ზეგავლენა 12 პუნქტის შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების თემატიკაზე - პოზიციები ამაზე განსხვავებულია.
ნიკა გვარამიას გასამართლებაში პოლიტიკური მოტივი ჩადებული არ იყო, ხოლო პრეზიდენტმა ამ აქტით თითქოს რაღაც პოლიტიკური დემარში გააკეთა, რაც არასწორია და არის რეალობიდან აცდენა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
"სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის, რისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იღვწოდნენ. დანაშაული ჩადენილი იყო და ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო. გარდა ამისა, იყო საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას ელოდა, თუ რას შეიძლება ამან ხელი შეუწყოს, თუმცა კელი დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან იმისთვის, რომ დეპოლარიზაციას ამოცანას რაიმე შემატოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
განსხვავებული პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლევან ბეჟაშვილს: „ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ საქართველოსთვის, პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა პოლიტპატიმარი გვარამია, დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება საქართველოსთვის. პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოს და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა არ არის საკმარისი, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან თავის დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების საფუძველი სწორედ კონსტიტუციური დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გახდა. ამიტომ ამ მხრივაც, მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. დღეს სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძა სახელმწიფომ და დარწმუნებული ვარ ახალი გამარჯვებები, ახალი საეტაპო გადაწყვეტილებები იქნება სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
გვარამის შეწყალების ფაქტს დადებითად აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: „საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატობას, დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი", - წერს ევროპარლამენტარი.