
პროგრესი არის, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო - ეს არის გზავნილი ევროკავშირიდან, რომელიც საქრათველოს ხელისუფლებამ 22 ივნისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართული ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრებიდან მიიღო, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი იყო, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა, მათ შორის შემდგომი რეფორმების საჭიროების შესახებ“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როზვალმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკომფერენციაზე.
„ჩემი რეკომენდაცია მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო - ჩვენ მზად ვართ, როცა საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.
მისი თქმით, საქრათველომ 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა.
„12 პრიორიტეტის იდენტიფიცირება ივნისში მოხდა. ვხედავთ, რომ 3 მათგანი შესრულდა. საქართველომ ასევე მიაღწია სხვა პროგრესსაც. მსურს ვისაუბრო იმ სფეროზე, რომელსაც მეტი რეფორმა სჭირდება. კერძოდ, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულება, ინდივიდუალური ნაბიჯები, რაც დავინახეთ პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით, არის ის, რომ პოლიტიკურმა ძირითადმა წევრებმა დაასრულეს ბოიკოტი და ამ პრიორიტეტს მიმართავენ ახლა, რომ მოხდეს პარლამენტში ეფექტური მონიტორინგი, შესრულდეს ევროკავშირთან ან მისი შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტები.
„სახელმწიფო ინსტიტუციების გაუმჯობესების კუთხით, მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმა - ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით მოხდა ცვლილებები, იმისათვის, რომ არ მოხდეს საარჩევნო დარღვევები, რაც ცესკოს მიერ იქნა მიღებული.
„რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მას სჭირდება უფრო მასშტაბური რეფორმები.
„საქართველოში შეიქმნა ანტიკორუფციული საბჭო, უნდა იქნას უზრუნველყოფილი მისი დამოუკიდებლობა და ვენეციის კომისიასთან შესაბამისობა. ასევე სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, უნდა მიიღოთ ისე, რომ იყოს ინკლუზიური და მოიცვას ლგბტქ საზოგადოება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ის უნდა იყოს ჩართული ყველა დონეზე და განახორციელოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციებში საზოგადოებასთან. რაც შეეხება მედიაპლურალიზმს - საქართველომ ამ მიმართულებით ვერ მიაღწია პროგრესს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს მედიის საკუთრებისა და უსაფრთხოება გარანტიები“,-განაცხადა ვარჰეიმ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის იმას, რომლის მიღწევა ევროკავშირის უშუალო მონაწილეობით მოხდა, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება
რა გავიგეთ შუალედური დასკვნიდან
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, ამ განცხადებებითაც ნათელი ხდება, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონიუნქტურაზე უფრო იქნება დამოკიდებული, ვიდრე საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
„ჩვენ კანდიდატის სტატუს 2022 წელსაც ვიმსახურებდით და როგორც მოლდავაზე, ასევე უკრაინაზე ბევრად წარმატებული და რეფორმების კუთხით წინ მყოფი ქვეყანა ვართ. ყველა იმ პარამეტრს ვაკმაყოფილებთ, რითაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოგვენიჭოს. მიუხედავად ამისა, უარი გვითხრეს და 12 პუნქტიანი გეგმა მოგვცეს შესასრულებლად.
„ამ შუალედური დასკვნით აღმოჩნდა, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია კი არ ყოფილა მნიშვნელოვანი, არამედ მედიის პლურალიზაცია, რაც აბსოლუტური ნონსენსია. ვინ თუ არა საქართველოს საზოგადოებამ, პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, მშვენივრად იცის როგორი პლურალისტური და პოლარიზებულია ქართული მედია. ამიტომ იმის თქმა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მედია პლურალიზმი არ არსებობს, დიდი ტყუილია.
„თუ მედია პლურალიზმს ისინი უკავშირებენ იმას, რომ კრიმინალი ნიკა გვარამია ციხეში ზის და მის შეწყალებას ითხოვენ, ეს უკვე სხვა თემაა. ეს სხვა პოლიტიკური ოპერიდან არის. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებისგან გარკვეულად და ხაზგასმით ითქვა, რომ სუვერენული საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა არეცრთ საგარეო აქტორს არ ეკადრება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის შეფასება, რომელიც წინასწარ ოქტომებრში გახდება ცნობილი და მას შემდეგ დეკემბერში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები დაამტკიცებენ, აბსოლუტურად პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ევროპელებმაც კარგად იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში დეპოლარიზაციის პუნქტი მხოლოდ ხელისუფლების სურვილით ვერ შესრულდება და ამაში ჩართული ოპოზიციაც უნდა იყოს. ასევე, აბაშიძე ამბობს, რომ დეპოლარიზაცია თავად დასავლეთშია და ძალიან რთულია ინტერნეტის და სოციალური ქსელების სამყაროში ამის აღმოფხვრა. ამიტომ იმას, რასაც თავად ვერ ახერხებენ, იმ ქვეყანას ნუ სთხოვენ, რომელიც ჯერ კიდევ განვითარებას ცდილობს.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონპროეტს, აქ გაურკვევლობაში თავად ევროკომისიაა. როდესაც უკრაინულ კანონპროექტს იწონებდნენ, რომლის ანალოგიც ჩვენია, აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიისთვის მიუღებელია. ამიტომ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი მიღება დეკემბრამდე შეაჩეროს. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, როცა ციფრული მედიის ეპოქაში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ თავად დასავლეთს და ამერიკას უდგას, შეუძლებელს ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე საქართველოს ნუ სთხოვენ“,-ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.
აქვს თუ არა ხელისუფლებას გეგმა „ბე“
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 12 პუნქტის სრულად შესრულებას არც დიდი დრო სჭირდება და არც მიუღწეველია რამე. მისივე თქმით, ვინც ელემენტარული წერა-კითხვა იცის და კანონმდებლობაში ერკვევა, ყველა ძალიან კარგად ხვდება ჩვენი პარტნიორები რას ითხოვენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რასაც დასავლეთი ითხოვს, ამის შესრლებას სულ რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება. თუმცა პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს და სწორედ ამ შუალედური განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ამ ნებას დასვლეთი ვერ ხედავს.
„ხელისუფლებამ ეს ყველაფერი რომ შეასრულოს, რასაც ჩვენი პარტნიორები გვთხოვენ, „ოცნება“ ხელისუფლებას ან შეინარჩუნებს, ან არა. ამ ქვეყანაში არ მინახავს არცერთი ხელისუფალი, რომელმაც არ იცოდა რა იყო გასაკეთებელი. ამიტომაც არის, რომ 30 წელია ამ უბედურებაში ვართ. რამე მოსაფიქრებელი კი არ არის, ზუსტად გვეუბნებიან რა უნდა გავაკეთოთ და დღესაც შუალედურ დასკვანზე იგივე გვითხრეს. ახალი არაფერი თქმულა.
„რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ ეს ყველაფერი კარგად იცის და ვაჭრობს ევროპასთან როგორც შეუძლია. ცდილობს, იქნებ მიგვიღონ ამ 12 პუნქტის სრულად შესრულების მიუხედავად. ეს არის ახლა დასავლეთის და ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობის მთავარი აზრი. ჩვენები ევაჭრებიან და ეუბნებიან - თუ გინდათ საქართველო, აგერ, ბატონო, მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ, თუ არადა დაგვკარგავთ.
„პრემიერი ღარიბაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემთ, საქართველოში დეპოლარიზაციის პრობლემა კიდევ უფრო მწვავე სახეს მიიღებსო და ამაში ნამდვილად მართალია. ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ რყევები იქნება. ამიტომ გააჩნია დასავლეთი ახლა რა სახის და როგორ დათმობაზე წამოვა, თორემ „ოცნებას“ ამის შესასრულებლად დიდი არაფერი დრო არ სჭირდება.
„მე მეჩვენება, რომ ხელისუფლებას გეგმა „ბე“-ც აქვს იმ შემთხვევისთვის, თუკი სტატუსს არ მოგვცემენ. თუ შეატყობს, რომ საქმე აქეთ მიდის, მაშინ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. ამისთვის უკვე ემზადება და რაც ყველაზე ცუდია, ამისთვის ოპოზიცია არ ემზადება. სად არის ოპოზიცია, ეს არ ჩანს“,-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება შარლ მიშელის ხელშეკრულებასთან დაბრუნებას, ძაბირაძე ამბობს, რომ ეს „ოცნებას“ რომ სდომოდა, მაშინ შეასრულებდა და მის ანულირებას არ მოახდენდა. ახლა კი ამაზე საუბარი არარეალურია. მისი აზრით, ევროპამ გარკვეული დათქმებით კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს, თუკი მას სურს, რომ საქართველომ 2024 წლის არჩევნებმადე მშვიდად მიაღწიოს.