ნაზი ბერიძე
22.06.2023

უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად ვა ზღვაში მოხვედრილი საშიში ნივთიერებები და სხვა სახიფათო საგნები საქართველოს ნაპირებამდე ამ ზაფხულის განმავლობაში ვერ მოაღწევს. შესაბამისად, საქართველოს სანაპიროზე შავი ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. ამის შესახებ „რეზონანსთან" გარმოს დამცველები აცხადებენ. გაეროში კი კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეზე საუბრობენ.

გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად, რადგანაც წყალდიდობა დანაღმულ ტერიტორიებსაც შეეხო, შავ ზღვაში დიდი რაოდენობით სახმელეთო ნაღმები მოხვდა. მისივე თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია შედარებით მსუბუქი და მცირე ზომის ქვეითთსაწინააღმდეგო ნაღმები „პეპელა", რომელიც მარტივად დაცურავს ზღვის ზედაპირზე, განსხვავებით ტანკსაწინააღმდეგო მძიმე ნაღმებისაგან ნაღმისგან.

„ცხადია, 10-კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იმავე მანძილის ვერ გაივლის, რასაც 50-60 გრამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს კიდევ ერთი რამაა, რომელიც უნდა დაემატოს გადასაჭრელ პრობლემებს", - თქვა ჰესლოპმა.

მისივე ცნობით, უკვე ოფიციალურად დადასტურდა ასეთი ნაღმების ზღვაში აღმოჩენის შემთხვევები: „სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა".

„საქართველოში მწვანეთა მოძრაობის" დამფუძნებელმა ნინო ჩხობაძემ „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ საზაფხულო სეზონზე ნაღმების შემოცურების საშიშროება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არ არის.

„მოდი დავიწყოთ იქედან, რომ ახლა დინება ზღვაში სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ არის და ალბათ ის მსუბუქი ნაღმები უფრო ოდესის და რუმინეთის სანაპიროზე გამოირიყება. რაღაც პერიოდის მერე უკვე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთან, მაგრამ ამას სჭირდება დრო.

„ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონზე, ზაფხულის პერიოდში, ჩვენ არ ველოდებით, რომ ასეთი ნაღმები გამოჩნდება ჩვენს ტერიტორიაზე, თუმცა მაინც არის საჭირო მუდმივი მონიტორინგი.

„სავარაუდოდ როდის შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე? გვახსოვს, რომ შარშან ჩაყრილმა საზღვაო ნაღმმა ბათუმში წელს თებერვალში მოაღწია. მოიარა მთელი შავი ზღვა და მოცურა საქართველოს ნაპირამდე", - განაცხადა „რეზონანსთან" ნინო ჩხობაძემ.

მისივე ცნობით, ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟი იმაზე, რომ საქართველოს სანაპიროსთან ზღვა დაბინძრებულია და ბანაობის თვალსაზრისით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სრულიად უსაფუძვლოა. როგორც ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ წყალი პირიქით, საკმაოდ სუფთაა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები საკმაოდ საშიშია და მარტივად ფეთქდება მიახლოებისასაც კი.

„ეს არის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ზოგი ოთხკუთხედია, ზოგიერთი - მრგვალი, და ძირითადად მწვანე ფერის. მეტალისგან არის დამზადებული და უკეთებენ გარედან პლასმასის ყუთს, რომ არ მოხდეს ხოლმე მისი დაფიქსირება.

„მოსახლეობა თუ შეამჩნევს, რომ ზღვაში მსგავსი რამე ტივტივებს, უნდა გამოიძახონ განმნაღმველები და შეატყობინონ პოლიციას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეკაროს, რადგან შეიძლება მასზე იყოს სპეციალური სენსორი, რომელიც მოძრაობას აღიქვამს და რამდენიმე მეტრით მიახლოებისას მოძრაობით გამოწვეული რეზონანსის გამო მოხდეს აფეთქება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×