
სულ რამდენიმე თვეში ცნობილი უნდა გახდეს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ოცნების“ ქმედებები და რიტორიკა, მითუმეტეს ბოლო დროს, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ იცის ევროპისთვის საქართველო საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი დაკარგვა არავის უნდა, ამიტომ მაქსიმალურის მიღებას ცდილობს. სწორედ ეს ქნა დეოლიგარქიზაციის კანონის მეორე მოსმენით მიღებისას, როცა ვენეციის კომისიამ მისი არმიღების რეკომენდაცია გასცა. ძაბირაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კანდიდატის სტატუსის არ მიცემის შემთხვევაში, დაპირისპირების რისკები არსებობს, რითაც ისევ ხელისუფლებას შეუძლია ისრაგებლოს.
„რეზონანსი“: ბოლო დროს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაიძაბა, სულ რამდენიმე თვეში საქართველომ უნდა გაიგოს, გვაძლევენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ურთიერთბრალდებების მიზეზი ბრიუსელსა და თბილისს შორის ბოლოს დეოლიგარქიზაციის კანონი გახდა, რომელიც ხელისუფლებამ მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, მაინც მიიღო. მანმადე კი ევროკომისიას შეუთვალეს, რომ თუ მას 12 რეკომენდაციიდან ამოიღებდნენ, „ოცნება“ არ მიიღებდა. რას აკეთებს მმართველი გუნდი, ევროპასთან ვაჭრობას ცდილობს?
ვახტანგ ძაბირაძე: რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ამ რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვანძო ქვეყანაა. ჩვენი დაკარგვით კავკასიის კარი იკეტება და რეგიონში საერთოდ სხვა სურათი შეიძლება მივიღოთ. საქართველო სტრატეგიულად დასავლეთისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა. თან ამ ხალხს ჩვენს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. ამიტომ ასე მარტივად ევროპელები საქართველოს დათმობას არ აპირებენ. ეს იცის „ოცნებამ“ , ამიტომაც მაქსიმუმის გამოვაჭრებას ცდილობენ. ამას ევროპელებიც კარგად ხვდებიან.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ვენეციის კომისიამ ზუსტად მისცა რეკომენდაცია ჩვენს ხელისუფლებას, რომ ამ კანონმა შესაძლოა სადამსჯელო სახე მიიღოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან, ის ბიზნესმენები და მდიდარი ადამიანები გახდნენ მსხვერპლნი, რომლებიც მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს ისევ პრემიერი რომ ნიშნავს და უმრავლესობა ამტკიცებს, ეს ადამიანი სამთავრობო კორუფციას გამოიძიებს? მას სანდოობა ექნება? ეს ხომ თვალებში ნაცრის შეყრაა.
„რ“: ხელისუფლება ამბობს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, მაშინ პოლარიზაცია გაიზრდება და თუ დასავლეთს საქართველოში სიმშვიდე სურს, სტატუსი უნდა მოგვცენ. ელით, რომ ევროპა ამაზე წავა?
ვ.ძ: არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელია, ევროპის 27 ქვეყანა მიიღებს თუ არა ერთნაირ გადაწყვეტილებას. ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგიერთი ქვეყანა ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი. რა თქმა უნდა, ამაში ხელისუფლებას ვეთანხმები და ძალიან ცდებიან, ევროპელები თუ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია უარის შემთხვევაში აქ რაღაცა რყევებს არ შეეცდება და პოლარზაცია კიდევ უფრო არ გამწვავდება. მართალია, ამ ოპოზიციას საკუთარი თავისთვის აქვს საშველი, მაგრამ არავინ იცის სიტუაცია როგორ განვითარდება. აქ თუ რაღაცა არეულობა დაიწყო, ვიღაცეები მღვრიე წყალში თევზის დაჭერას შეეცდებიან. ოპოზიცია კი სრულად განულდება. ეს ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი იქნება და ის 2024 წლის არჩევნებზე ისევ უპირობოდ გაიმარჯვებს. ამიტომ ეს რისკები არსებობს და ვფიქრობ ევროპამ ამის გაანალიზება უნდა მოახდინოს. რაღაცა ტექნიკურ დეტალებამდე თუ არ ჩავლენ, საშემოდგომოსავით მოგვცენ, კონკრეტული დათქმებით. თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოვიდა და არ გვქონდა კოალიციური ხელისუფლება, ეს ხალხის დაგროვილი აგრესია გამოხეთქავს, რამაც შესაძლოა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. იმისთვის, რომ ქვეყანა 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს, კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით უნდა მოგვცენ.
„რ“: სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. რას შეცვლის მისი პოლიტიკაში ისევ გააქტიურება და საზოგადოებისთვის სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურა რას წარმოადგენს ახლა?
ვ.ძ: მიხეილ სააკაშვილი რეალურად არსადაც არ იყო წასული და ის პოლიტიკაში მაინც იღებდა მონაწილეობას. ვფიქრობ სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების გარდა არც არაფერი დარჩა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ის იძულებულია პოლიტიკაში შემოვიდეს. მისი ე.წ. წამების, მომაკვდავობის ამბავი ქვეყნის შიგნით არავინ დაიჯერა, ახლა კი ქვეყნის გარეთაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დასავლეთშიც ამ თემით მანიპულირება გაჭირდება. ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ამიტომ იძულებულია ისევ პოლიტიკურად აქტიური ფიგურა გახდეს. უბრალოდ ის აღარ არის იმ დონის ავტორიტეტი და ლიდერი, რაც მანამდე იყო. მისმა სცენებმა, ტყუილმა და ამ გაუთავებელმა მომაკვდავობის თამაშმა, პოლიტიკურად გაანულა. ხელისუფლებისთვის ის აღარ წარმოადგენს საშიშროებას, პირიქით არჩევნებში შესანიშნავად გამოიყენებს. სააკაშვილი მათ ხელში მშვენიერი კზორია, როცა უნდათ, სადაც უნდათ იქ გაათამაშებენ. ასევე ენმ-ისთვისაც მისი პოლიტიკური აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მის ამომრჩეველს შემოიკრებენ და მაშველი რგოლი იქნება.
„რ“: სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში მკაფიოდ თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. ამ ხაზს ბოლომდე გაჰყვება?
ვ.ძ: ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი, ნეიტრალური პოლიტიკის თამაში დაიწყო. ამან მისცა შესაძლებლობა, რომ გაცილებით ღიად ეთქვა და განემარტა, სააკაშვილის შეწყალებას რატომ არ აპირებს. მიუხედავად იმისა, ვის რა პოზიცია უჭირავს, არგუმენტი, რომელიც ზურაბიშვილმა სააკაშვილის არ შეწყალების გასამართლებლად მოიტანა, აბსოლუტურად სწორია. მოსახლეობის 2/3 მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა. სხვა თემაა, რა მუხლები მიუყენეს და რის გამო ზის. ხალხისთვის ის ციხეში ჯდომას იმსახურებს და მისი შეწყალება პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში გაღიზიანებას გამოიწვევს. პრეზიდენტისთვის ეს უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მხოლოდ მას არ დააზიანებს. ევროპელები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის დასრულებას ხელს შეუწყობს. პირიქით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ ეს პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.