ნაზი ბერიძე
16.06.2023

ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში, „ოცნების" რეიტინგების გაზრდას ელოდებიან. ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და სტატუსის მინიჭების საკითხში კრახის შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლას აპირებს. რა დადებითი ეფეტები იქნება ხელისფლებისთვის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, და რას უნდა ველოდოთ თუ ვერ მივიღეთ იგი, ამაზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე: რა თქმა უნდა, პასუხი არის ცალსახა, ხელისუფლების რეიტინგი აიწევა ყველაზე მაღლამ რადგანაც თუ „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მოხდება ამ სტატუსის მონიჭება, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში ეს იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლების წარმატება, რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ ეს ხელისუფლებას კი არა ხალხს მისცესო.

„რეზონანსი": როგორ აისახება კანდიდატის სტატუსი საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე?

ზ.ა: ვფიქრობ, თუ სტატუსი მოგვცეს, ხელისუფლება რაღაცნაირად შეცვლის თავის დამოკიდებულებას დასავლეთთან. ნაკლებად მოვისმენთ დასავლელი სტრუქტურების თუ ევროპარლამენტის ცალკეულ პერსონათა კრიტიკას და ალბათ, უფრო კონსტრუქციულ კალაპოტში გადავა ეს ურთიერთობები. მთავრი, რაც მოხდება, ოპოზიციას მოეხსნება მისი მთავარი არგუმენტი, რითაც დღეს მანიპულირებს, რომ ხელისუფლება არის პრორუსული. გასაგებია, რომ პრორუსულად განწყობილ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას სტატუსს არ ანიჭებს არავინ, როგორი პატივისცემითაც არ უნდა იყვნენ განწყობილი ხალხის მიმართ.

„რ": რა გაუმჯობესდება თუ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?

ზ.ა: პირველ რიგში მივიღებთ გარკვეულ ბენეფიტებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ევროკავშირი გამოყოფს იმ რეფორმებისთვის, იმ ცვლილებებისთვის, იმ ინსტიტუციური განვითარებისთვის, და ა.შ. რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდეს ევროკავშირს, მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ასევე ჰარმონიზაცია სხვადასხვა სფეროში, რომ მერე გადავიდეს მოლაპარაკების დაწყების რეჟიმზე. მაგრამ ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგის პროგნოზირება ძალიან რთულია, ყველაფერი გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თქვენ ნახეთ, აქვთ ეს სტატუსი სხვა ქვეყნებს, მაგრამ რომ იტყვიან ურემი ისევ ერთ ადგილზე დგას. მაგრამ, ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, თითქოს ეს სტატუსი არაფრის მომცემი არ არის - ის ჩვენ გვაძლევს გარკვეულ რესურსებს, მაგრამ გვაკისრებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებსაც.

„რ": რა მოხდება თუ არ მოგვანიჭეს სტატუსი?

ზ.ა: მაშინ დიდი ალბათობით ოპოზიცია შეეცდება, რომ ქვეყანაში მოაწყოს საპროტესტო გამოსვლები, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ეს აქციები არ აღმოჩნდეს ისეთი მასშტაბური, როგორც ამას ოპოზიცია ელის. იმიტომ, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერჯერობით თავიანთ ადგილზე არიან. თუ არ მოგვანიჭეს სტატუსი, კი, შეიძლება რაღაცა რყევებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომც ვერ შეძლოს ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლა, ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ როდის გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, ძნელი სათქმელია. ალბათ ევროკავშირი დაელოდება ხელისუფლების ცვლილებას, და ამის შემდეგაც კითხვის ქვეშ არის ხელახლა დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები სტატუსის გარშემო. თუ არ მოგვანიჭეს სტატუსი, ჩვენ ამოვვარდებით იმ ასოცირებული ტრიოდან, რაც აქამდე არსებობდა - მოლდოვა, უკრაინა, საქართველო - და საქართველო მიიჩნეოდა ბოლო დრომდე ყველაზე დაწინაურებულ ქვეყნად, რეფორმების კუთხით, მაგრამ უკრაინის ომმა კარტები შეცვალა და დღეს ჩვენ ფაქტიურად ჩამოვრჩებით მას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×