ია აბულაშვილი
16.06.2023

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბევრი რამ გაირკვევა ქართულ პოლიტიკაში, დაიწყება პარტიებს შორის გადაჯგუფება და სარბიელზე გამოვლენ ახალი პოლიტიკური ძალები," - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის სავარაუდო პოლიტიკურ კონფიგურაციასთან დაკავშირებით.

„რეზონანსი": ოპოზიცია გააქტიურდა, ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანება შესთავაზა, თუმცა დიდი ნაწილისთვის ეს ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა. „ლელოს" პასუხი იყო, რომ მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება, ანუ „ყველა მინუს ენმ". თქვენ როგორ ხედავთ ოპოზიციის ახალ პოლიტიკურ კონსტრუქციას?

იგორ კვესელავა: არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და ვფიქრობ, რომ კონფიგურაციაზე საუბარი ნაადარევია, რადგან ჯერ გარკვეული არ არის, შევა თუ არა ცვლილება საარჩევნო სისტემაში. დარჩება 5%-იანი ბარიერი? ბარიერი თუ არ დაიწევს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას მოუწევს, იფიქროს გაერთიანებაზე.

„ნაციონალურ მოძრაობას" არ გაუჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ბერიერს გადალახავენ გახარიას პარტია და „ლელო", ისინი დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე. გახარია სხვა პარტიებთან არასდროს გაერთიანდება, „ლელოს" კი აქვს ფინანსები და შეიძლება პატარა პარტიები ამ პოლიტიკურ ძალას შეუერთდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალები გამოჩნდნენ - ყიფიანი, კუჭავა... სარბიელზე გამოსასვლელად სხვა ძალებიც ემზადებიან. ღარიბაშვილი ჭკვიანი კაცია, მას ხელს აძლევს ახალი ძალების გამოჩენა, რომლებიც აგრესიულები არ იქნებიან, არ დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას და, პირიქით, დაუპირისპირდებიან ძველ ოპოზიციას. „ოცნებისთვის" მიუღებელი იქნება გახარია.

„რ": ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციის ძიების პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის" ფლანგებს შორის დაპირისპირება ღრმავდება. პოლიტიკური ბრძოლიდან ჩამოშორებული ნიკა მელიას მომხრეები ამბობენ, რომ ერთობის შენარჩუნება შეუძლებელია. თქვენი კოლეგები ენმ-ის ორად თუ სამად გაყოფასაც არ გამორიცხავენ.

ი.კ: „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესი - პარტიის ორად გაყოფა, გახლეჩვა, განადგურება „ქართული ოცნების" სტრატეგიაა და ამაზე, დიდი ხანია, მუშაობენ. „დაყავი და განაგე" - ეს არის მათი მიზანი. ამით დაიწყო პოლიტიკური თამაში „ოცნებამ" და მიაღწია კიდეც. მთავარი ოპოზიციური პარტიის დაშლა და დაქუცმაცება არის „ოცნების" გამარჯვება. ენმ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. დღეს ქვეყანას მართავს შევარდნაძის დატოვებული 500 მილიონერი. სახელისუფლებო ეკონომიკა წყვეტს სახელისუფლებო პოლიტიკას - ცნობილი თეორიაა, მაგრამ არჩევნების შედეგად სიტუაცია უნდა შეიცვალოს, პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის საფუძველი გახდება.

„რ": როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის ევროპულ ტურნეს? რა პერსპექტივაა კანდიდატის სტატუსიის მისაღებად. მმართველი ძალა ამბობს, რომ ევროპაში განწყობა დადებითია.

ი.კ: რასაც ღარიბაშვილი აკეთებს, ქართულ პოლიტიკაში არ გაუკეთებია არც ერთ მთავრობას. ფაქტობრივად, თავს იკლავს, თვეში ორჯერ-სამჯერ მაინც ჩადის ევროპაში, ხვდება სახელმწიფოების მეთაურებს, არწმუნებს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას ხომ უნდა ფიზიკური ძალა და ინტელექტი. ამ სვლას და სიარულს თავისი შედეგი უნდა მოჰყვეს, არ მინდა, რომ განმეორდეს ის, რაც სულხან-საბა ორბელიანის დროს მოხდა. ფაქტია, რომ ევროპასა და ამერიკას სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კურსი მოსწონს.

„რ": სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინის პრავდასთან" ინტერვიუში სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებაზე მკვეთრი პოზიცია არ გამოხატა. მან თქვა, რომ „შეწყალება არ არის გამოსავალი, სწორედ ქართველი ხალხის გამო."

ი.კ: სალომე ზურაბიშვილის ჩურჩულიც კი გასაგებია ევროპასა და ამერიკაში. პრეზიდენტი ელოდება თავის დროს და შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი ავტორიტეტის ასამაღლებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×