ნაზი ბერიძე
15.06.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია „გლობალური ომის პარტიებად" მოიხსენია, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ ეს „ქართული ოცნების" პიარ-კამპანიის ნაწილია, რომელიც არჩევნების წინ კიდევ უფრო გააქტიურდება.

„როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირზე ზემოქმედება, ვინაიდან, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით",- თქვა კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ერთს მაინც ათქმევინოს უარი, გადაწყვეტილების მიღების დროს. კობახიძემ ასევე აღნშნა, რომ ენმ საქართველოში „გლობალური ომის პარტიის" აგენტურას წარმოადგენს.

„სრული კონსენსუსია საჭირო. საკმარისია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიო, სტატუსი არ მოგენიჭება. „ნაცმოძრაობა" გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტურაა აქ. „ნაცმოძრაობაში" არ ვგულისხმობ თან პარტია „ნაცმოძრაობას", იმას თავისი გაჭირვება აქვს. აქ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე" საუბარი: პარტია „ნაცმოძრაობა", „"ლელო, გახარია, „გირჩი, ვაშაძე" - ესენი ყველანი არიან „გლობალური ომის პარტიის" საცოდავი აგენტები." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კობახიძის განცხადება პროპაგანდის ნაწილია.

„პირველ რიგში ვიცით, „ქართული ოცნების" პროპაგანდა რაში მდგომარეობს, პირველი ის, რომ თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ეს იქნება ოპოზიციის ბრალი, რადგან თითქოს ის ჩადის ევროპაში, რათა დაითანხმოს ევროპელები, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„გლობალური ომის პარტია რას გულისხმობს? ეს თითქოს არიან აგენტები, ქართულ პარტიებს უწოდებს ლოკალური ომის პარტიებს, გლობალური შესაძლებელია ჩვენ განვიხილოთ მაგალითად ევროკავშირში ოპოზიციის მხარდამჭერი პარტიები. ვთქვათ ევროპის სახალხო პარტია ან იგივე ალდე ჯგუფი. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას" და პარტნიორ ორგანიზაციად მოიხსენიებს, ალდე ჯგუფი იგივე „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩს", „დროას", „ევროპულ საქართველოს" განიხილავს პარტნიორად. ესენი არიან, ასე ვთქვათ, წონადი ჯგუფები, და არიან გლობალური ომის პარტიები, საცოდავი აგენტები, რომლებიც გლობალური პარტიის აგიტაციას და პროპაგანდას უწევენ საქართველოს მასშტაბით.

„რა გავლენას მოახდენს მსგავსი განცხადებები ამომრჩევლის აზრის ფორმირებაზე? შედარებით დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი დაიჯერებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაარჩინა საქართველო ომის დაწყებისგან, და ოპოზიცია კი ცდილობს, ჩაითრიოს ქვეყანა ომში. ვიღაცა დაიჯერებს, მაგრამ დიდ ნაწილს არ სჯერა, რადგან სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ევროკავშირის შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი საქართველოში გაიზარდა თითქმის 90%-მდე. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების" პროპაგანდამ ვერ გაამართლა," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს რომ გლობალური ომის პარტიის ქორების წარმომადგენლებად შეიძლება მოიაზრებოდნენ, შემდეგი ოპოზიციური პარტიები. საქართველოს მოსახლეობას ომი არ სურს, შესაბამისად ეს მხარდამჭერთა რიცხვს მათ მმართ ამცირებს. ხელისუფლების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ექსპერტი იმით ხსნის რომ ეს იქნება ახალი რევოლუციის გარანტია.

„ქართულ ოპოზიციურ პარტიებს სურთ ვერმიღება კანდიდატის სტატუსისა და გასაგებია, რატომ - იმიტომ, რომ მერე რევოლუციის შანსი ჩნდება. ის, რომ ომის თემის გაჟღერება და ამ თემის მიკუთვნება ოპოზიციაზე გახშირდა, შემთხვევითი არ არის. მმართველმა პარტიამ ნახა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი ომის წინააღმდეგია. შესაბამისად, ამას მოჰყვება ნაკლები მხარდაჭერა იმ პარტიების მიმართ, ვინც ომთან არის მეტ-ნაკლებად დაკავშირებული.

„ასეთი მანევრები კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უფრო მოახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. მანევრებში არ არის პრობლემა, მეტოქემ შეიძლება არანაკლებ მძლავრი პიარ-კამპანია გააჩაღოს, პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია არის ძალიან სუსტი და დგამს მცდარ ნაბიჯებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ყვლაზე მცდარი ნაბიჯი არის, რომ ის აქტიურობდა უცხოეთში ისე, რომ გაჩნდა ეჭვი, თითქოს აქტიურობდნენ იმის წინააღმდეგ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს ეჭვი რომ გაჩნდა, ხელისუფლებამაც ბრალდება არ დააყოვნა. ოპოზიცია საპასუხოდ აცხადებს, რომ ჩვენ დავდივართ და ვამბობთ, მართალია მთავრობა არ იმსახურებს, მაგრამიმსახურებს ხალხი. ეს არასწორია. მათ შეეძლოთ ეთქვათ, როგორც ითხოვდა ამას ევროპა, რომ, აი, ამ საკითხში ჩვენ და ხელისუფლება ერთ პოზიციაზე ვართ და ვუჭერთ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×