
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს, რასაც კიევშიც აღიარებენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწრაფ გარდატეხას არ უნდა ველოდოთ და მოვლენები დროში გაიწელება. რუსები კი აცხადებენ, რომ უკრაინელებს მთავარი ძალები ჯერ კიდევ არ შეუყვანიათ ბრძოლაში.
დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს დღეებში წესით რუსების დაცვის ხაზში სუსტი წერტილები გამოიკვეთება, სადაც უკრაინული არმიის კონცენტრირებულ დარტყმას უნდა ველოდოთ.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ამ ეტაპზე უკრაინელები ძირითადად დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში აქტიურობენ, ლუგანსკსა და ხარკოვიში კი შედარებით სიწყნარეა. მათივე შფასებით, შეტევის საწყისმა ეტაპმა აჩვენა, რომ რუსების სუსტი წერტილი ნოვოკახოვკას ხიდი იყო, სადაც ყველაზე პერსპექტიული იქნებოდა მთავარი დარტყმის განხირციელება, თუმცა, კახოვკის კაშხლის აფეთქების მერე ეს შესაძლებლობა მოისპო, სხვა სუსტი წერტილები კი ჯერჯერობით არ ჩანს.
აის პარალელურად რუსეთი საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. მათ სამშაბათს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე მიიტანეს იერიში, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.
უკრაინაში საჰაერო განგაში 13 ივნისსაც გამოცხადა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მოწინააღმდეგემ 14 ფრთოსანი რაკეტა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 10 რაკეტა და 1 დრონი გაანადგურეს. სარაკეტო შეტევა იყო კიევზეც.
ბოლო ცნობები ფრონტიდან - როგორ მიდის კონტრშეტევა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა კიდევ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ბოლო კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ჯარმა ბახმუტის რეგიონში 250 მეტრით წინ წაიწია, ტორესტკში 200 მეტრით, ხოლო ბერდიანსკის მიმართულებაზე - ერთი კილომეტრით.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით რაიმე დიდ გარდატეხაზე საუბარი ადრეა, რადგან რუსები ძალიან კარგად არიან გამაგრებული.
„რასაც ვაკვირდები, შეტევა რამდენიმე მიმართულებაზეა. ჯერჯერობით ადრეა რამე დიდ გარდატეხაზე საუბარი. ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს სწრაფად მოხდება, რადგან რუსები ძალიან ჩასანგრებულები და გამაგრებულები არიან. უკრაინელებს ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმართულებით გარკვეული წარმატებები ჰქონდათ, წისვლა ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან იყო.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბახმუტის შემოგარენშიც გარკვეული წარმატებებია, მაგრამ არაა მოლოდინი, რომ რაიმე სწრაფი წარმატება იქნება უკრაინის მხრიდან. იქნება ძალიან ნელი მეთოდური ბრძოლა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უკრაინელები დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით უტევენ, ლუგანსკისა და ხარკოვისკენ ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლებია და შედარებით სიწყნარეა
„უკრაინელები დონეცკის ოქლში ბახმუტს ფლანგებიდან უტევენ. მას მერე, რაც იქ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ვაგნერელები" ჩაანაცვლეს, უკრაინელები უკან ახევინებენ. აქაც შეიძლება შევადაროთ ვის უფრო მეტი ძალა აქვს - „ვაგნერელებს", თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს. უკრაინელები ცდილობენ შემოვლითი ოპერაციით ბახმუტში რუსული ძალები ალყაში მოაქციონ. დონეცკის ოლქში ბახმუტის გარდა ცხელი წერტილებია მარიინკა და ავდეევკა.
„შეტევის მეორე მიმართულებაა ზაპოროჟიეს ოლქი, სადაც უკრაინელები ფრონტის გარღვევას ცდილობენ. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკრაინელები დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით უტევენ, ლუგანსკისა და ხარკოვისკენ ჯერჯერობით ოპერატიული პოზიციური ბრძოლებია და შედარებით სიწყნარეა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
გამოჩნდა თუ არა რუსების სუსტი წერტილი
ანალიტიკოსთა შფასებით, უკრაინის მხრიდან ეს არის ე.წ. მაფორმირებელი შეტევები, რა დროსაც, უკრაინელები ცდილობენ რუსები აიძულონ, რომ მთელს ფრონტზე ძალები დაქსაქსონ. ამის შედეგად უკეთ გამოჩნდება რუსების სუსტი წერტილები, რათა შემდეგ კონცენტრირებული დარტყმა განახორციელონ ფრონტის იმ მონაკვეთზე, საიდდანაც ფრონტის გარღვევის უკეთესი შესაძლებლობა იქნება. ფრონტის გარღვევა კი შეიძლება მთელი რუსული ფრონტის მოშლის წინაპირობა გახდეს.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსების დაცვის ერთ-ერთი ასეთი სუსტი წერტილი შეტევის საწყის ეტაპზე მოიძებნა და ეს ნოვოკახოვკას ხიდი იყო, თუმცა, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ ამ მიმართულებით იერიში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
„შეტევა ძირითადად ყველგანაა, სადაც შეიძლება, რომ რუსების სუსტი წერტილები მოიძებნოს. ამ მიმართულებებზე კი იმის მცდელობა იქნება, რომ ნელ-ნელა რუსეთის თავდაცვის ხაზებში ნაპრალები ნიპოვონ და იმ ადგილზე შემდგომ უფრო მასშტაბური შეტევა მიიტანონ.
„ჯერჯერობით ძნელი სათქმელია ეს სუსტი წერტილები იპოვეს თუ არა. ასეთი წერტილი აშკარად იყო ნოვოკახოვკას ხიდი. რუსებს ძალიან ეშინოდათ, რომ უკრაინელები გადალახავდნენ დნეპრს და დაიკავებდნენ, ამიტომაც ააფეთქეს (კახოვკის ჰეს).
„ახლა კიდევ გამოჩდება სუსტი წერტილები, მაგრამ რუსეთი საკმაოდ მომქანცველი თავდაცვითაა დაკავებული. კონტრშეტევის ნელ-ნელა, მეთოდურ განვითარებას ვიხილავთ. ზედმეტი მოლოდინების შექმნა საჭირო არაა, რადგან ეს დიდხანს გაგრძელდება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჯერ ისეთი სუსტი წერტილი ვერ მოინახა, რომელიც მთავარი შეტევის პოტენციურ მიმართულებად იქნება მიჩნეული.
„უკრაინამ ორი მნიშვნელოვანი მიმართულება შეარჩია, რადგან ასე მალე ძალების მოკრება იოლი არაა, რომ შეტევა ოთხივე მიმართულებაზე ერთდროულად დაეწყო - დონეცკის ხაზზე და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ჯერჯერობით რუსების თავდაცვის ხაზების გარღვევის და მორყევის მცდელობაა და ისეთი სუსტი წერტილი ვერ მოინახა, სადაც შეტევის მთავარ მიმართულებად იქნება მიჩნეული.
„ჩემი აზრით, შეტევის ყველაზე ოპტიმალური მთავარი ხაზი მელიტოპოლი-მარიუპოლის მიმართულებაა. თუ აზოვის ზღვისკენ გავიდნენ, რუსეთის საოკუპაციო ძალებს ფაქტიურად ორად გაყოფენ. ამით შესაძლოა ზაპოროჟიე-ხერსონი გაათავისუფლონ და ყირიმის ნახევარკუნძულზე გავიდნენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".