
ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ კომისიის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნაშია საუბარი.
„ოცნების“ შეფასებით, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება თავად ევროკომისიის ამ საკითხზე მოსაზრებებს, თუმცა კანონის მიღებას, ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისიწნებით, მაინც აპირებენ. ხოლო თუკი ეს ევროკომისიისათვის იქნება მიუღებელი და ისინი კანდიდატის სტატუსის მისაღება შესასრულებელი რეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის პუნქტს ამოიღებენ, კანონს გააუქმებენ.
ოპოზიცია კი ასეთი დასკვნის შემდეგ კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი იქნება.
ვენეციის კომისიის განცხადებით, სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ ოლიგარქიზაციის დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად აირჩია პერსონალური მიდგომა და მიუხედავად იმისა, რომ კანონის გადამუშავებულ ვარიანტში სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, შესაძლო პოლიტიკური მიზნებით კანონის ბოროტად გამოყენება საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
„ოცნების“ პოზიცია
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, „თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალურ მიდგომას“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეთავაზებაა, რომ ევროკომისია და ვენეციის კომისია თავად შეთანხმდნენ, თუ არა და ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და კანონი ძალაში 2024 წლის მარტიდან შევა.
„დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, ძალიან მარტივად არის საქმე. არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. ერთმანეთში თუ შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია.
„დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ეს ნიშნავს, რომ არიან ოლიგარქები და ეს ოლიგარქები აღარ უნდა იყვნენ ოლიგარქები. ამიტომ, გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა. ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.
ევროკომისია როგორც კი დაეთანხმება ვენეციის კომისიას, მისი 12 პუნქტიდან ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგაქრიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისთვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე. ევროკომისია თუ გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი, მაგრამ ევროკომისია თუ არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შეთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის ამოქმედება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის გამოხმაურება
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ კანონპროექტის მიღება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
პარლამენტის წევრი „ლელოსგან“ სალომე სამადაშვილი ამ კანონს არანაკლებ დამაზიანებელს უწოდებს, ვიდრე ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო.
„ამ კანონპროექტის მიღება უმრავლესობის მიერ იქნება არა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის მორიგი საბოტაჟი, რადგანაც ვენეციის კომისიის მსგავსი დასკვნის პირობებში ცხადია, რომ მსგავსი კანონის მიღება იქნება დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. შესაძლოა არა ნაკლებ დამაზიანებელი, ვიდრე რუსული კანონი აგენტების შესახებ“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ენმ-ის წევრი ანა წითლიძე კი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით, გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ის ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას.
„ქართული ოცნების" ეს კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ოპოზიციურად განწყობილი იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაეხმარონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას“, - განაცხადა წითლიძემ.
გათვალისწინებს თუ არა „ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ვენეცისი კომისია, როგორც წესი, არა მხოლოდ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, არამედ იძლევა რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, ამჯერადაც კომისიამ ამ კანონთან დაკავშირებით შენიშვნები გამოაგზავნა და ხელისუფლება ეს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს.
„თუკი ხელისუფლება რეალურად დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას აპირებს, მაშინ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. ამის შემდეგ აღარ იქნება პრობლემა არც კანონის ამოღებაზე ან დამტკიცებაზე. თუმცა, ხელისუფლება ხომ ამის გამკეთებელი არ არის...
„პირველი, რაც შენიშვნებში არის მოცემული, ეს არის მითითება უმაღლეს ეშელონებში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებაზე. ამასთანავე, იმ 12 პუნქტიშიც ამაზეა საუბარი. „ოცნებამ“ ამაზე კანონიც მიიღო, ოღონდ იმ ორგანოს ხელმძღვანელს, რომელმაც კორუფციის დონე უნდა შეამოწმოს, ისევ ეს ხელისუფლება ნიშნავს. ამაზეა ძირითადად პრეტენზიები. თუ კონტროლის მექანიზმი დამოუკიდებელი იქნება და მას ხელისუფლება არ გააკონტროლებს, აქ ოლიგარქების პარპაში და ა.შ. ვეღარ მოხდება.
„მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ მარტო ივანიშვილი არ არის ის პირი, რომელიც ამ კანონის ქვეშ უნდა მოექცეს. შესაბამისად, მხოლოდ გვარები და სახელები რომ არ ჩამოვწეროთ, ამიტომ არის საჭირო სისტემური რეფორმა. რა იგულისხმება ამ სისტემურ ჩამონათვალში? ვენეციის კომისიამ ამის ჩამონათვალი გამოაგზავნა.
„კანონი, რომელსაც „ოცნება“ იღებს, არ ესახურება იმ მოთხოვნის შესრულებას, რასაც ევროპელები გვთხოვენ. იქ მინიშნებულია და სწორადაც არის მინიშნებული, რომ ეს კანონი ხელისუფლებამ შესაძლოა იმ ბიზნესმენების რეპრესირებისთვის გამოიყენოს, რომლებიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან და მათ მხარდამჭერებად არ ითვლებიან“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი რამაზ საყავრელიძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხოს როგორც თავად მას, ასევე ოპოზიციასაც. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, „ოცნების“ განცახდებაში სწორედ ეს პათოსი იკითხება - რომ არ იყოს ეს კანონპროექტი პერსონებზე დაყვანილი.
„როგორც ვნახე, ძირითადი პრობლემა ამ საკითხზეა - რომ დათანხმდეს ევროკავშირი ხელისუფლებას და კანონპროქტის მორგება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ადამიანზე არ მოხდეს; ეს შეეხოს ყველა იმ ადამიანს, რომელიც იქნება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელი. ანუ, კანონს ერთ ადამიანზე ხომ ვერ მოარგებენ?! ვინაა დაცული, რომ დღეს და ხვალ სხვა ოლიგაქრებიც არ მოინდომებენ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, როგორც ამას დავით კეზერაშვილი აკეთებს? ზუსტად ასეთი ფიგურები არიან ოლიგარქები. ამაზეა დავა და თუ ევროკავშირი ამ შეთავაზებას მიიღებს, მგონია პრობლემაც მოგვარდება“, - აცხადებს საყვარელიძე.
როგორ გამოიყენებს ოპოზიცია შექმნილ სიტუაციას
თუ „ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნებს არ გაითვალისწინებს და არც ევროკავშირი 12 რეკომენდაციიდან ამ მოთხოვნას არ ამოიღებს, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? რამდენად აქვს ოპოზიციას ახლა იმის რესურსი, რომ ამ თემიდან საპროტესტო მუხტის აგორება შეძლოს?
ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში ახლა სრული დაბნეულობა და გაურკვევლობაა და შესაბამისად, თუკი ხელისუფლება რაიმე გამოუსწორებელ შეცდომებს არ დაუშვებს, საპროტესტო გამოსვლები, თუნდაც ამ თემაზე, ნაკლებად მოსალოდნელია. მითუმეტეს, თუკი ევროპამ რაღაცეებზე თვალი დახუჭა და გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით მოგვცა.
„ოპოზიციამ ჯერ თავის თავს უნდა მიხედოს, შემდეგ კი ქვეყნის მიხედვაზე ისაუბრონ. ოპოზიციაში არა თუ დაბნეულობა, არამედ გაურკვევლობაა. ამიტომ ოპოზიციამ ახლა რა უნდა გააკეთოს?! თუკი რაღაცაზე ჩამოყალიბდებიან, კიდევ შეიძლება.
„თუმცა, თუკი ევროკავშირმა ამ გეოპოლიტიკური რყევებიდან გამომდინარე თვალი ბევრ რამეზე დახუჭა და ანგარიში გაუწია ქართველ ხალხს, ოპოზიცია ვერაფერს გახდება. იმედის კიდევ ერთხელ გაცრუება ევროპას შესაძლოა თავად საქარათველოს დაკარგვისა და შიდა რყევების ფასადაც კი დაუჯდეს. ამიტომ თუ ამ მიზეზებისა გამო, მოგვანიჭეს სტატუსი, ჩათვალეთე, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივალთ. მემგონი ერთადერთი გამოსავალი ეს არის და შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღოს. ამიტომ ოპოზიციაც ბევრწილად ევროკავშირის პასუხზეა დამოკიდებული. აქ შიდა რყევები და დაპირისპირება რისკის მატარებელია და ამ რისკს ევროპაშიც კარგად აცნობიერებენ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
რამაზ საყვარელიძეც ასევე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ ვითარებიდან პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს.
„არ მგონია ოპოზიციას ამ თემისგან რაიმე პოლიტიკური დღის წესრიგის შექნის საშუალება მიეცეს. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოში ახლა რაიმე შიდა რყევები და დაპირისპირება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ამიტომაც „ოცნება“ სთავაზობს ევროკავშირს გამოსავალს და ეს შეთავაზება მე ასე გავიგე. მაინც მგონია, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით რაღაც მოიძებნება კონსენსუსი ევროკომისიასა და ხელისუფლებას შორის“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.