ნაზი ბერიძე
13.06.2023

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ინიციატივით გამოდის, რომ ნატოს ვილნისიუსის სამიტამდე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, პარლამენტმა მიიღოს საგანგებო მიმართვა, სადაც დაფიქსირებული იქნება ნატოს მხარდაჭერის თხოვნა და გამოხატული იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო სურვილი. დათანმხდება თუ არა ამას მმართველი პარტია და რას შეცვლის პარლამენტის მიერ ასეთი განცხადების მიღება?

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოში ინტერგაციის საკითხზე აღმსარულებელი ხელისუფლების სრული პასიურობის ფონზე, მსგავს განცხადებას შესაძლოა მართლაც ჰქონდეს მცირე დადებითი ეფექტი.

თეონა აქუბარდიამ სამშაბათის პლენარულ სხდომაზე ასევე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა კეთდება საქართველოს ნატოში წევრობის წინსვლისთვის. ამასთანავე ხელისუფლება ნატოში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯების პასიურობაში დაადანაშაულა, პარლამენტსაც დააკისრა პასუხისმგებლობა და მმართველ გუნდს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„ზუსტად ამ დროს, 2 წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა მივიღეთ ერთობლივი მიმართვა ნატო-ს წევრი ქვეყნებისადმი, ლიდერებისადმი, ნატო-ს სამიტამდე იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში სწრაფვას ჰქონოდა წინსვლა და ეს ყო ერთობლივი პოზიციის და ნების დაფიქსირება, რაც იყო, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ამ ერთობლივ მიმართვას ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა და ეს მოხდა პარლამენტის წინა თავმჯდომარის, კახა კუჭავას დროს, ზუსტად 2021 წლის ივნისში. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში არც ერთი რეზოლუცია არ მიღებულა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნატო-ს გაფართოების საბაბით დაიწყო საერთაშორისო დღის წესრიგის გადახვევა და შემდგომ უკვე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, რომ ახლა, როდესაც ვილნიუსში იმართება ნატო-ს სამიტი, ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ და მივმართოთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს ნატო-ში წევრობის სურვილთან ერთად დაფიქსირებული იყოს საქართველოს მხარდაჭერის თხოვნა, რამდენადაც ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ქოლგა და ეს არის კონსტიტუციურად გამყარებული არჩევანი, მიუხედავად იმ ანტიდასავლური განცხადებებისა, რომელსაც ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი აკეთებს ნატო-ს მისამართით.

„მე ასევე, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას", დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რას ფიქრობენ, რამდენადაც პარლამენტის წევრებმა და პარლამენტმა უნდა შევიმუშაოთ პოზიცია და თუ ეს იქნება ერთიანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეროვნულ ინტერესში რომ ერთობა გვმართებს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. იმავდროულად, მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს მოვუწოდო, გააკეთოს განცხადება ნატო-ს სამიტის წინ, რა პოზიციები აქვს საქართველოს, რა შესაძლებლობები აქვს და საერთოდ რას აკეთებს საგარეო უწყება საქართველოს ნატო-ში წინსვლისთვის", - განაცხადა აქუბარდიამ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ხელისუფლების პასიურობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ პარლამენტის მხრიდან მსგავსი განცხადების მიღება საქართველოს გარკვეულწილად სახეს შეუნარჩუნებს.

„გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება საერთოდ აღარ ახსენებს ნატოს, ნატოსთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი ხდება. ბუნებივია, ერთადერთი შეუძლიათ პარლამენტში გააკეთონ ასეთი განცხადება და ეს იქნება რაღაცნაირად სახის შენარჩუნების მცდელობა საქართველოს მიერ, რომელსაც ბოლო პერიოდში საერთოდ აღარ ახსენებენ ნატოსთან დაკავშირებით. ძირითადად, აქცენტი კეთდება უკრაინის თემებზე და საქართველო საერთოდ რადარებიდან არის გამქრალი გამომდინარე იქედან, რომ თვითონ ხელისუფლებაც არ აქტიურობს.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არის კითხვები - მივიღებთ თუ არა და ნატოსთან დაკავშირებით კი არავითარი ძვრა არ არის. ბუნებრივია, ეს მთლიანობაში აზარალებს ქვეყანას.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის, თუ სხვა მხრიდან, იქნება მისასალმებელი. თუმცა ეს ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უფრო მეტი აქტიური პოზიცია სჭირდება საქართველოს. ეს უნდა გაკეთებულიყო თვეების წინ და არა ახლა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

„რა უნდა ჩაიწეროს მიმართვაში? საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ საქართველოს საკითხი არ ჩამოშორდეს უკრაინის საკითხს და თუ, ვთქვათ, რამე წინსვლა იქნა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოც რომ მოიაზრებოდეს, როგორც მეორე ქვეყანა, რომელიც მიიღებს რაღაც გაუმჯობესებულ პაკეტს ნატოსთან დაკავშირებით და არ იქნება, ვთქვათ, იზოლირებული იგივე უკრაინისგან.

„რაც შეეხება შედეგს, შედეგი ამ მიმართვებით არ იქნება, მაგრამ ექნება გარკვეული გავლენა. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება ამაზე აღარ საუბრობს, კარგია, თუ წაიკითხავენ, რომ საქართველოში პარლამენტის დონეზე, სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების დონეზე, ნატოს ჯერ კიდევ აქვს მხარდაჭერა და მათ უნდათ ნატოში გაწევრიანება, განსხვავებით ხელისუფლებისგან", - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×