
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ "ლელოს" ფორმულა "ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების შეცვლის გასაღებია, თუმცა, თავად ენმ საწინააღმდეგოს აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" დამარცხება მათ გარეშე შეუძლებელია.
აქვს თუ არა ვინმეს ხელისუფლების შეცვლის გასაღები, აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა - ნაწილს მიაჩნია, რომ "ლელოს" ეს ფორმულა გაცილებით ადრე რომ წამოეყენებინა, შედეგიანი იქნებოდა, რადგან მათ ახლა ენმ-თან განცალკევება „ძნელად დაეჯერებათ", შესაბამისად, ეს ფორმულა ხელისუფლების შეცვლის გასაღები არაა.
ნაწილს კი მიაჩნია, რომ შესაძლოა ამ ფორმულამ უფრო მეტი ხმები მოუტანოს ოპოზიციას.
გასულ კვირას „ლელომ" წინასაარჩევნო ფორმულა წამოაყენა "ყველა მინუს ენმ". პარტია „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების შეცვლის გასაღები.
„როდესაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, მოდით დაგეხმარებით - სასაცილოა ეს, პირდაპირ ვიძახი, რით უნდა დაეხმაროს სხვას, თავიანთი თავი გასჭირვებიათ. დახმარება მათ შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით.
„თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება პოლიტიკური ბლოკი უნდა გააკეთო. თუ არ უნდა „ნაცმოძრაობას" - არ უნდა, თუ არა და მინუს „ნაცმოძრაობა" და ყველა, ეს არის გარანტია, ეს არის გასაღები იმისა, თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება", - განაცხადა პაატა დავითაიამ „ტვ პირველთან".
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.
„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს", - აღნიშნა ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსთან".
ხაბეიშვილმა თქვა გასაღები გვაქვსო - გადაეცით, რომ ყველა გასაღები დაკარგული აქვს, ყველაზე მთავარი გასაღებიც და სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მის ირგვლივ სხვები გააერთიანოს.
„საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, რა სიკეთე შეიძლება მიიღოს „ნაციონალური მოძრაობისგან", აღარ ვსაუბრობ ცალკეულ პირებზე, ხაბეიშვილისგან არანაირი სიკეთე რომ არ შეიძლება მიიღოს და ნიკა მელიას რომ ნული აქვს თავმოყვარეობა, ხაბეიშვილი რომ პარტიიდან გაგაგდებს და კიდევ ცდილობ იმ პარტიას მიეკედლო, წარმოუდგენელია.
„ადამიანურად შეიძლება რაღაც პერიოდის უკან ემპათიას იწვევდა, დღეს უკვე ესეც აღარ არის. „ნაციონალურმა მოძრაობამ" რა უნდა შემოიკრიბოს?! ხაბეიშვილმა თქვა გასაღები გვაქვსო, ამ ადამიანს რა გასაღებიც ჰქონდა, ისიც რომ დაკარგული აქვს, ეგ ხომ ყველამ კარგად ვიცით.
„იქნებ შეახსენოთ, როგორმე გადაუმალონ და სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს, რომ პრობლემა არ შეექმნას, როცა „ნაციონალური მოძრაობიდან" გამოგდებას დაუპირებენ. ხაბეიშვილს გადაეცით, რომ ყველა გასაღები დაკარგული აქვს, ყველაზე მთავარი გასაღებიც, რა გასაღებიც აქვს, კარგად შეინახოს, ისიც არ დაკარგოს," - განაცხადა ღუდუშაურმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ეჭვობს, რომ „ლელოს" ინიციატივა ხელისუფლების შეცვლის გასაღები იყოს.
„ენმ-სთვის პარტიებთან განშორება დიდად მომგებიანი არაა, თუმცა, მისთვის ეს დიდი უბედურებაც არაა, რადგან „ნაცმოძრაობას" შესაძლოა დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტი ხმებიც აღმოაჩნდეს.
„ერთადერთი პუნქტი, რაშიც ასეთი ერთად ყოფნა გამოსადეგია, იმ შთაბეჭდილების შექმნაა, რომ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრია ამხედრებული, თუკი ენმ ცალკე იქნება, ოპოზიციას ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა გაუჭირდება.
„არის თუ არა „ლელოს" ფორმულა ხელისუფლების შეცვლის გასაღები?! - თუკი ამათი ერთიანობა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის მიზანს ისახავს, მაშინ მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, მას ეს ხელისუფლება ურჩევნია თუ მისი შემცვლელები? გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ამ ხელისუფლებასთან შედარებით, „შემცვლელები" დიდი სიმპატიებით არ სარგებლობენ, ამიტომაც საეჭვოა, რომ ასეთი არაპოპულარული პარტიების გაერთიანება ხელისუფლების შეცვლის გასაღები იყოს.
„ლელოს" ეს იდეა გაცილებით ადრე უნდა წამოეყენებინა, როცა ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, ასეთი მესამე ძალის ამოყვანა მაშინ უნდა დაეწყო. ახლა გვიანია, თუნდაც იმიტომ, რომ თითოეულმა ამ პარტიამ, „ლელომაც" და სხვებმაც, ენმ-ს სასარგებლოდ ნაბიჯები იმდენჯერ გადადგეს, რომ მისგან განცალკევება ძნელად დაეჯერებათ.
„არც „ოცნება" და არც ენმ" - ადრე ეს ფორმულა გახარიას ჰქონდა, ეს კი საკმარისი არ აღმოჩნდა, ვისაც ქართულ პოლიტიკაში თავის დამკვიდრება უნდა, საჭიროა, რომ მან საკუთარი იდეა წამოაყენოს, ანუ, პარტიების კონკურენცია იდეების კონკურენცია უნდა იყოს და არა სახელების", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" საწინააღმდეგოს ფიქრობს და აცხადებს, რომ ამ ფორმულას გარკვეული პერსპექტივა აქვს.
"ვთვლი, რომ პარტიებს ურთიერთკოორდინაცია სჭირდებათ, აქ საუბარი საერთო სიებზე არაა, ამიტომაც თუ „ნაცმოძრაობის"გარეშე სხვადასხვა პროდასავლური პარტია გაერთიანდება, ესეც მისაღებია და გარკვეული პერსპექტივა აქვს.
„თუ 2020 წლის საპაელამენტო არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, ოპოზიციამ საერთო ჯამში სადღაც 51% მიიღო, აქედან ნახევარი ენმ-სი იყო, ნახევარი სხვა ოპოზიციური პარტიების, ამიტომაც ერთის მხრივ ენმ და მეორეს მხრივ პროდასავლური დასავლური პარტიების გაერთიანება შესაძლოა ხელისუფლების შეცვლის ფორმულა იყოს, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც არც "ოცნება" უნდა და არც ენმ.
„ყველა ვარიანტში პროდასავლურ პარტიებს შორის ურთიერთკოორდინაციაა საჭირო. რაც შეეხება გახარიას ფლანგს, ის თავის ხმებს აიღებს, ის ბოლომდე პროდასავლურად არ მიმაჩნია, თუმცა, გაცილებით ნაკლები ბოროტი ძალაა, ვიდრე „ოცნება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".