ელზა პაპოშვილი
12.06.2023

უკრაინის ფრონტზე მძიმე ბრძოლები 4 მიმართულებით გრძედება. უკრაინამ უკვე დაადასტურა, რომ კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსებს ბახმუტის მიმართულებით განსაკუთრებულად დიდი დანაკარგები აქვთ. ასევე, რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე სოფლის აღება შეძლეს. ხოლო რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება და გასულ 24 საათში 25 შეტაკება მოხდა. 

გენერალური შტაბი ასახელებს ლიმანის, ბახმუტის და ავდეევკის ოთხ რაიონს, სადაც, მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა იერიში მოიგერიეს ქალაქ მარინკის რაიონში.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებითვე, ბოლო კვირაა რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდი დანაკარგი აქვთ ბახმუტის მიმართულებით, საიდანაც მხოლოდ ერთ, როსტოვის ოლქში მდებარე ჰოსპიტალში ყოველდღიურად გადაჰყავთ 50-ზ მეტი დაჭრილი. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებად ასახელებს მარინკას და ავდეევკას და აცხადებს, რომ უკრაინას დიდი დანაკარგი აქვს და რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას ვერ ახერხებს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი საჯარო წყაროებით გავრცელებული ვიზუალური და სხვა მასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 10 და 11 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის ოპერაცია ჩაატარეს ფრონტის ხაზის სულ მცირე სამ მონაკვეთზე და დონეცკის დასავლეთში არაერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.   

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის გარდა, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, თუმცა, უკრაინის მხრიდან გარღვევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი ცდილობს უკრაინის წარმატების მნიშვნელობა შეამციროს და ირწმუნება, რომ უკრაინელები მოქმედებენ ე.წ. რუხ ზონებში, ანუ იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთის ძალები სრულად ვერც კონტრშეტევის დაწყებამდე აკონტროლებდნენ.  

 „მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ერთი სარაკეტო და 36 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 38-ჯერ დაბომბეს.

“სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების რისკი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მომავალშიც მაღალი რჩება“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსული ძალების მართვის 2 პუნქტს, ორ საარტილერიო ქვედანაყოფსა და მტრის სარადარო სადგურს დაარტყეს.    

უკრაინელი დამცველები დონეცკის ოლქში წინსვლას აგრძელებენ. ოდესის საზღვაო ძალების განცხადებით, კონტრშეტევის ფარგლებში დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს, რომელიც 2022 წლის მარტიდან იყო ოკუპირებული.

„დასახლების გაწმენდის შედეგად ორმოცდაათამდე „რაშისტი“ დაიღუპა, ოთხი ტყვედაა აყვანილი. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სტოროჟევოე და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას“, - ნათქვამია საზღვაო ქვეითების განცხადებაში.

დასახლების დეოკუპაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ქვეითებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი უკრაინული მიწა გათავისუფლდება.

„ეროვნული დროშა ისევ ფრიალებს სტოროჟევოეზე და ეს მოხდება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. მადლობა კონტრადმირალ მიხაილ ოსტროგრადსკის სახელობის საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეულ ბრიგადას. გაგრძელება იქნება“, - წერს მალიარი.  

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი მაკარივკა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს.

"დასახლებები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია", - განაცხადა მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში". მისივე თქმით, ბახმუტის რაიონში უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს.

სამხრეთში, მალიარის ცნობით, უკრაინული ძალები ორ სექტორში 300-დან 1500 მეტრამდე დაწინაურდნენ. „არც ერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ რაიონებში, სადაც ჩვენი ჯარები თავდაცვითია“, - დასძინა მალიარმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფლები ბლახოდატნე და ნესკუჩნე დაიბრუნეს.  

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ჯარისგან დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქზე" 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადა ავრცელებს.

"ოლექსა დოვბუშის სახელობის 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადის დიდებულმა მებრძოლებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე. რუსებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ვერ გაუძლეს „შეუჩერებელი სამურავების“ შეტევას!", - ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“.

ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, არ ვისაუბრებ დეტალებზე, რა ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ასე გადაეცით პუტინს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.     

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი და გენერალი ზაზა გოგავა ამბობს, რომ უკრაინელების კონტრშეტევის დაწყებას  რუსების შოკური და პანიკური გამოვლინება მოჰყვა, რის შემდეგ კახოვკის წყალსაცავი ააფეთქეს. გენერალი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსები ცდილობენ როგორმე ფრონტის ხაზი შეამოკლონ და ამიტომ ჰესის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღეს.   

„რუსებს დამცავი ოკუპირებული ხაზების სრულად გაკონტრoლება და გამაგრება უჭირთ. ფრონტის სიგრძე 1300 კმ, ამიტომ ცდილობენ, ამ ფრონტის სიდიდე როგორმე შეამოკლონ. მეტი ძალები დარჩეთ, რათა უკრაინელების შეტევისგან თავი დაიცვან. თუმცა გამორიცხულია, რომ ასეთმა ძალისხმევამ რუსებს რამე შედეგი მოუტანოთ. 

“ჩვენ უკვე ყოველდღიურად, უკრაინელების  მიერ გათავისუფლებულ სოფლებს ვხედავთ. ეს იქნება ის ჯაჭვი, რომელიც არ შეწყდება. ამ ჯაჭვის მეტ სიმწვავეს მალე ვნახავთ. უკრაინელები თავდაცვითი ჯაჭვის გარღვევას შეძლებენ. ახლა უკრაინის მხრიდან გენერალური შეტევის საწყის ეტაპებს ვხედავთ. თუკი რომელიმე ფორნტის ხაზზს შეტევის შემდეგ გაარღვევენ, გამორიცხულია რუსებმა მaთი შეჩერება შეძლონ. 

“ამას სხვა ფრონტებზეც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. ის, რაც მოიმოქმედეს რუსებმა,  სამხრეთის ფრონტის  მიმართულებაზე, როცა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს, აქაც კი შეტევა რამდენიმე კვირით გადაავადდა. ეს დაგროვილი წყალი გამოილევა და ყველაფერი იმ დონეს დაუბრუნდება, რაც მდინარეს გააჩნდა. ყველაზე სუსტი წერტილები სამხრეთი ფრონტი იყო და მათ კარგად იციან, რომ შეტევის შემთხვევაში ყირიმის დაცვა გაუჭირდებათ. ამიტომ ეს ბარბაროსული გადაწყვეტილება მიიღეს. 

“თუმცა, როგორც კი წყლის დონე დაიწევს, უკრაინელები სამხრეთით შეტევას დაიწყებენ და ყირიმს იმაზე ადრე ვნახავთ გათავისუფლებულს, ვიდრე დონეცკსა და ლუგანსკს“,-ამბობს გენერალი.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×