
უკრაინელთა კონტრშეტევა აქტიურ ფაზაშია, ვრცელდება ცნობები ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, უკრაინელები ე.წ. ზვავის პრინციპით მოქმედებენ და მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. მათი თქმით, რუსეთი თავდაცვის რეჟიმშია და არაა გამორიცხული, რომ შეტევის განვითარების შემთხვევაში, კახოვკის კაშხლის განადგურების მსგავსად, სხვა ზომებს მიმართოს.
სხვა ზომებში ანალიტიკოსები გულისხმობენ, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის დაზიანებას და ევროპაში უდიდესი აეს-ის მწყობრიდან გამოყვანას, შესაძლოა ჩერნობილის მსგავსი კატასტროფა მოჰყვეს.
ამასთან ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ კუთხეში მიმწყვდეულმა რუსეთმა ბირთვულ-ტაქტიკური იარაღიც გამოიყენოს.
უკრაინელი დამცველები დონეცკის ოლქში წინსვლას აგრძელებენ. ოდესის საზღვაო ძალების განცხადებით, კონტრშეტევის ფარგლებში დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს, რომელიც 2022 წლის მარტიდან იყო ოკუპირებული.
„დასახლების გაწმენდის შედეგად ორმოცდაათამდე „რაშისტი" დაიღუპა, ოთხი ტყვედაა აყვანილი. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სტოროჟევოეზე და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას", - ნათქვამია საზღვაო ქვეითების განცხადებაში.
დასახლების დეოკუპაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ქვეითებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი უკრაინული მიწა გათავისუფლდება.
„ეროვნული დროშა ისევ ფრიალებს სტოროჟევოეზე და ეს მოხდება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. მადლობა კონტრადმირალ მიხაილ ოსტროგრადსკის სახელობის საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეულ ბრიგადას. გაგრძელება იქნება", - წერს მალიარი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, ბლახოდატნეს, ნესკუჩნესა და მაკარივკას დასახლებები გაათავისუფლეს.
ვრცელდება ცნობები ლუგანსკის სოფელ ლევადნესა და ნოვოდარივკას გათავისუფლების შესახებაც.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივნის-ივლისი შეტევის თვალსაზრისით საკმაოდ ცხელი იქნება და არაა გამორიცხული, რომ ზვავის პრონციპით განვითარდეს.
„ეს ის შეტევაა, რომელსაც ყველა ასე მოველოდით. შეტევა ზვავის ეფექტი აქვს, პირველი ტალღები იწყება და ყოველი შემდგომი საკმაოდ ძლევამოსილი იქნება, ესაა ზვავის პრინციპის სამხედრო გარღვევის სტრატეგია, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების თავდაცვითი ხაზები გაარღვიონ და ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ.
„გრავიტაციის ცენტრი მელიტოპოლი-მარიუპოლის მხარეა, რომ უკრაინელები ამ მიმართულებით გავიდნენ და მერე იქიდან ოკუპირებულ დონეცკს შეუტიონ. გავიდნენ აზოვის მიმართულებით და სამხრეთით ყირიმოსკენ გაჭრან. ეს უკრაინისთვის მშვენიერ კარტბლანშს იძლევა.
„თუ ეს გეოსტრატევიული ამოცანა ხუთიანზე შესრულდა, აზოვის მიმართულებით გავიდნენ, ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლეს და ყირიმს მიებჯინნენ, ეს სერიოზული გამარჯვების საწინდარი იქნება.
„თუმცაღა, რუსებს საკმაოდ სერიოზული თავდაცვითი ღონისძიებები აქვთ ჩატარებული, მათ ხარკოვისა და ხერსონის დამარცხებებიდან გარკვეული დასკვნები გამოიტანეს, ამიტომაც გრანდიოზული საბრძოლო მოქმედებების მომსწრე ვიქნებით და ამ მხრიც ივნისი-ივლისი საკმაოდ ცხელი იქნება.
„რუსებმა ახალი საბრძოლო ხელოვნების ელემენტი კომბინირებული დანაღმვის მეთოდი გამოიყენეს. ნაღმები გადაისროლეს, რამაც საბრძოლო კოლონები მახეში მოაქცია", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუ რუსები კუთხეში იქნენ მიმწყვდეულები, არაა გამორიცხული, რომ ისევ არასასურველ ზომებს მიმართონ.
„ჯერჯერობით რუსები მხოლოდ სტრატეგიულ თავდაცვაში არიან და თუ უკრაინის შეტევა წარმატებულად განვითარდა, რუსებისგან ყველაფერი მოსალოდნელია და არაა გამორიცხული, რომ კახოვკის კაშხლის შემდეგ საფრთხე ზაპოროჟიეს აესსაც დაემუქროს.
„რაც შეეხება ბირთვულ-ტაქტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეს, თუ უკრაინელები გეოსტრატეგიულ ამოცანებზე და სტრატეგიულ სივრცეზე გავიდნენ და რუსებს ტერიტორიების დატოვების საფრთხე დაემუქრათ, არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ბირთვული ტაქტიკური იარაღიც გამოიყენონ, პუტინს თავში რა მოუვა არავინ არ იცის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებულად განვითარდა, არაა გამორიცხული, რომ კახოვკის კაშხლის შემდეგ, მიზანში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იყოს.
„უკრაინის შეტევა ჯერჯერობით ნელა მიდის, თუმცა თუ განვითარდა, არაა გამორიცხული, რომ რუსების შემდგომი პასუხი ზაპოროჟიეს აეს-ი იყოს და რუსეთმა თავდასხმა ბელარუსიდან წამოიწყოს.
„უკრაინელები დღეში ერთ სოფელს თუ აიღებენ, ეს ჩქარი წინსვლა არაა. სოფლები ერთმანეთზეა გადაბმული და წინააღმდეგობაა. უკრაინა ცდილობს თავის წარმატებები განავითაროს, კუპიანსკთან შეტევებს რუსები ახორციელებენ და ა.შ. ჯერჯერობით ჩავთვალოთ, რომ უკრაინალები პოზიციების გარღვევას ცდილობენ",-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ "რეზონანსთან".