ნაზი ბერიძე
11.06.2023

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტრო სადგურის აფეთქების შედეგად დაწყებული წყალდიდობა უკვე შეფასდა, როგორც ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა. შავ ზღვაში უკვე დიდი რაოდენობით ჩაედინება საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მომწავლელი ნივთიერებები, რაც, სპეციალისტთა შეფასებით, უარყოფითად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე და სანაპიროზე მდებარე დასახლებებსაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე კი ზღვის წყლის გამტკნარებაა, რომელიც, უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ოდესის სანაპიროსთან უკვე დაიწყო.

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სხვადასხვა ქარხნები და საწარმოები, საიდანაც წყალში მოხვდა მომწამვლავი ქიმიური ნივთიერებები. ასევე წაილეკა ნაგავსაყრელები და სასაფლაოებიც კი, რის შედეგადად წყალში სავარაუდოდ მოხვდა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი ნივთიერებები.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს? „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შავ ზღვაშ არსებული დინებების მიმართულებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველოსათვის საფრთხე მინიმალურია.

„ამ ეტაპზე ჯერჯერობით ალბათ საფრთხე არ ემუქრება ჩვენს რეგიონს. არა იმიტომ, რომ უბრალოდ დაკვირვებაა საჭირო, არამედ იმიტომ, რომ ნაკადები შავი ზღვის სანაპიროზე, თუ არ მეშლება, ზაფხულის პერიოდში სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიდის და მერე მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ამიტომ ჩვენს ნაპირთან ეს ვერ მოაღწევს ასე მარტივად. თუმცა, მაინც საჭირო და მნიშვნელოვანია დაკვირვების გაძლიერება, რადგან იცით თქვენ, რომ ნაღმი, რომელიც გასულ წელს ბათუმში აფეთქდა, ზუსტად უკრაინის ნაპირებიდან იყო მოსული.

„ამ საკურორტო სეზონზე არ მგონია რამე საფრთხე იყოს, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობა რომ კარგად გრძნობდეს თავს, მნიშვნელოვანია მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

უკრაინული მედია წერს, რომ ოდესის ნაპირებთან უკვე დაიწყო ზღვის წყლის გამტკნარება. ამ თემის კომენტირებისას ჩხობაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი რამ საქართველოს აკვატორიაში მოსალოდნელი არ არის.

„გამტკნარება ნიშნავს, რომ მტკნარი წყლის დიდი ნაკადი შევიდა იმ კონკრეტულ მონაკვეთზე. აქეთ მხარეს გამტკნარება არ შემოვა, შავი ზღვის მომენტი, ზღვა თავისას გააკეთებს, უბრალოდ იქ სანაპიროზე ძალიან დიდი მასა შევიდა, ამიტომ იქ გამტკნარება იგრძნობოდა. გამტკნარება ნებისმიერ შემთხვევაში საშიში არ არის, მტკნარი წყალი ჩაედინება ზღვაში", - განაცხადა „რეზონანსთან" ნინო ჩხობაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×