ელზა პაპოშვილი
10.06.2023

შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირება დაიწყოს. პარტიის მმართველობიდან ჩამოშორებული ნიკა მელიასა და მისი გუნდის გარდა, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს შესპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მისი ბიძა თემურ ალასანია დაუპირისპირდეს, რომელსაც პარტიაში თავისი გუნდიც ჰყავს და საკმარისი გავლენაც. 

პარტიიდან გამოჟონილი ინფორმაციით, შესაძლო კონფლიქტი უკავშრდება როგორც სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის შეუსრულებელი დაპირება, ისე მომავალი საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიები. არსებული ცნობებით, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა სიის პირველი ოცეულის შედგენა უკვე დაიწყეს, რაც ალასანიასთვის  მიუღებელია.

მეორე მხრივ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ლევან ხაბეიშვილს მძიმე შემოდგომას უანონსებს. თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან, მამუკა გუგეშაშვილი ამბობს, რომ ახალმა თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილს იმედები გაუცრუა, როს გამოც შემოდგომაზე ხაბეიშვილის სახლში გაშვებას იგეგმება. მის შემცვლელად კი დავით კირკიტაძისა და ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურები განიხილება.

ამ განცხადების საპასუხოდ ლევან ბეჟაშვილმა, შიდაპარტიულ პრობლემებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ ხაბეიშვილის გადაყენებაზე საუბარი არასერიოზულია.

რამდენად რელურია ენმ-ს ხელმძღვანელობის კონფლიქტი თემურ ალასანიასთან

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თემურ ალასანიას უკმაყოფილება ბუნებრივი და გასაგებია, თუმცა იგი მერაბიშვილ-კეზერაშვილს იმ დონეზე არ დაუპირისპირდება, რომ ეს პარტიაში რაიმე განხეთქილების მიზეზი გახდეს. 

„ვვარაუდობ, რომ ალასანიას მერაბიშვილ-კეზერაშვილთან გარკვეული სიფრთხილე აქვს, რადგან წარსულში ეს ადამიანები ერთმანეთთან არცთუ კარგი საქმეებით არიან დაკავშირებული. თემურ ალასანია იარაღის ვაჭრობის თემასთან ასოცირდება. მასზე გაეროში მუშაობის დროს ეს ეჭვები გაჩნა.ზუსტად იგივე ბრალდება დავით კეზერაშვილს და იმავე პერიოდში ეს კითხვები ალასანიას მიმართაც გაჩნდა. ამიტომ მე ძალიან მეეჭვება, რომ ალასანია ამ ფიგურებთან ასე ღია დაპირისპირებაში შევიდეს. შესაძლოა სააკაშვილის გათავისუფლების და აქციების თემასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ჰქონდეს და გამოთქვას კიდეც, მაგრამ დაპირისპირება მწვავე არ იქნება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

დაპირისპირება საარჩვენო სიის გამო 

საარჩევნო სიასთან დაკავშირებით შესაძლო დაპირისპირებას საყვარელიძე სკეპტიკურად უყურებს, რადგანაც, როდესაც არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენი, ეს საკითხი არააქტუალურია. თუმცა, სიების თემა შესაძლოა დაპირისპირების საბაბი იყოს.

„რა თქმა უნდა, სიაზე სააკაშვილის  ოჯახს ექნება პრეტენზია და ეს გასაკვირი არც არის. სიასთან დაკავშირებით ასეთი დაპირისპირება იქნება, თუმცა რამდენად დროულია უკვე ამაზე საუბარი, ესეც არის. მეეჭვება სიების საკითხი მაინც და მაინც ახლა გახდეს გადამწყვეტი, რადგან არჩევნებამდე პოლიტიკურად ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. არ მგონია, რომ დღეს ეს აქტუალურია, თუმცა საბაბი შესაძლოა იყოს“, - ამბობს  საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, შიდა პარტიულ გადატრიალებაში, როცა ნიკა მელია თავიდან მოიშორეს, თემურ ალასანია აქტიურად იყო ჩართული. ამიტომ მას პარტიაში აქვს გავლენები, თუმცა ასე ღიად დაპირისპირებაზე არ წავა.

ალასანიას გავლენა ენმ-ზე 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თემურ ალასანია როგორც დასავლეთისთვის, ასეევე რუსეთისთვის ძალიან მისაღები ფიგურაა. მას აქვს საკმაოდ კარგი საერთაშორისო კავშირები და ალბათ ბევრი მათგანი მისგან დავალებულიც არის. ის ასევე ენმ-ს ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამიტომ მისი პრეტენზიები პარტიისა და მერაბიშვილი-კეზერაშვილისთვის ანგარიშგასაწევი უნდა იყოს.

„თემურ ალასანიას ფიგურა საკმაოდ საინტერესო და აგნარიშგასაწევია. ის არ არის პიროვნება, რომელიც რაღაცას ასე ჰაერზე წამოისვრის, ან ილაპარაკებს. დასავლეთში ის კარგი გავლენებით სარგებლობს. ამიტომაც ფაქტია, რომ პარტიაზე გარკვეული გავლენა აქვს. 

„თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ მგონია ვინმე დარჩეს კიდევ ისეთი, ვინც სერიოზულად ფიქრობს, რომ პროტესტით და ქუჩის აქციებით მიშას გათავისუფლება შესაძლებელია. ეს ხომ თავიდან ყველამ კარგად ვიცოდით და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები მხოლოდ  პიარი იყო. მელიას თავიდან მოშორება უნდოდათ და ყველაზე კარგი საბაბი ეს იყო. ლევან ხაბეიშვილს კი რასაც ეუბნებოდნენ, იმას ლაპარაკობდა. ეს ცვლილება არაფრის მომტანი იყო, რადგან დაპირება იყო აბსურდული. შესაძლოა ალასანია უკმაყოფილოა პარტიის აქტიურობით, მაგრამ აქედან  რა შედეგს მიიღებს? 

„შესაძლოა მენეჯმენტი შეიცვალოს კიდეც და ენმ-ის გაწმენდა მოხდეს. თუ მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი და ხაბეიშვილი პარტიაზე კონტროლს დაკარგავენ და ალასანია ამას შეძლებს, ეს სხვა თემაა. შესაძლოა ისე წარმართოს სიტუაცია, რომ მან ეს ძველი „ნაციონალები“ - საკმაოდ იმიჯდაზიანებული ხალხი - პარტიას მოაშოროს, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული რყევები იქნება საჭირო. რამდენად უღირს ეს ალასანიას და რას მიიღებს აქედან, ეს უკვე საერთოდ სხვა თემაა. სხვაგვარად, ნებისმიერი სხვა თავმჯდომარე რომ მოიყვანონ, სააკაშვილს, თუკი ეს „ოცნების“ სურვილი არ იქნება, ვერავინ გაათავისუფლებს. ეს არის კედელზე ტყუილად  თავის რტყმა, რაც დღესავით ნათელია ყველასთვის“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

საიდან გაჩნდა სააკაშვილის პრემიერობის იდეა

რაც შეეხება ენმ-ის მიერ სააკაშვილის პრემიერად დასახელებას, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამით ენმ-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა იმ დაპირების გადაფარვას ცდილობს, როთაც ხაბეიშვილი პარტიის სათავეში მოვიდა.

„ყველამ კარგად იცის, რომ თუ პირი ქვეყნის მოქალაქე არ არის, ის პრემიერად კანდიდატურას ვერ დააყენებს. თუმცა, „ნაციონალებმა“ რაღაც ხომ უნდა თქვან... ციხიდან ვერ გამოჰყავთ და აგერ, ბატონო, პრემიერობას სთავაზობენ. ამით მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობენ. ოჯახის უარი კი იმას ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, მაშინ გამოვა, რომ ლობისტებსა და პიარ კამპანიაში გადახდილი ამდენი ფული წყალში გადაყარეს. შესაბამისად,  ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ რაღაც შესაძლოა ამ მომაკვდავის თემაზე კიდევ გამოვიდეს. 

„მეორეც თუ სააკაშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, მაშინ მას ციხეში დააბრუნებენ. ესეც, რა თქმა უნდა, არც სააკაშვილს და არც მის ოჯახს არ აწყობს“,-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×