
ორი დღეა, სოციალურ ქსელში ქართული სცენის დედოფლის - ნანი ბრეგვაძის მხარდასაჭერი პოსტები გამოჩნდა... ვინაიდან მომღერლის მიმართ ყველა მხოლოდ დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს, გაოცებას იწვევდა, რა საჭირო გახდა მისი ვინმესგან დაცვა. ერთ-ერთი მხარდასაჭერი პოსტი დავით ოქიტაშვილს ეკუთვნოდა და "კვირის პალიტრაც" მას ესაუბრა:
"მართლაც გამოჩნდა პოსტები, სადაც წერენ, ნანი საბჭოთა მომღერალი იყოო და ახლა აღარ მოსწონს, მაშინ რატომ არ თქვა უარი რუსეთში ვარსკვლავის გახსნაზეო... საბჭოთა დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, რა ვქნათ ახლა?! შეიძლება დღეს რუსეთი ჩვენზე მეტად არავის სძულდეს, მაგრამ მაშინ რა და როგორ ხდებოდა, ხომ ყველამ კარგად ვიცით!
ნანი ბრეგვაძე არის ისტორია! რაც მან შექმნა თავისი ქვეყნისთვის... წარმოუდგენელია მის მიმართ ბულინგი! მაშინ ის დრო იყო, საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხელოვანებს არ შეეძლოთ საზღვარგარეთ წასვლა, უშიშროება ყოველ წამს უკან დაჰყვებოდა...
ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ამ ქალბატონს ცილი დასწამეს, თითქოს თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტაზე ხელი მოაწერა... გეგა კობახიძის დედას ჰკითხეთ და ის გეტყვით სიმართლეს! მე ზუსტად ქალბატონი ნათელასგან ვიცი, რომ ნანიმ ბიჭების გათავისუფლებას და შეწყალებას მოაწერა ხელი! 87 წლის ქალბატონს ეს ბრალდება წაუყენო, ყოვლად უპატიებელია, თორემ საბჭოთა მომღერლის დაბრალებას აღარავინ ჩივის. ეს აღარაფერია იმ დიდ უბედურებასთან, ვის ტვინშიც ამ უბედურებამ გაიელვა...
ყველანაირად ვეცდებით, ქალბატონი ნანი დავიცვათ და მის ყურამდე ეს არ მივიდეს, მაგრამ მე საქართველოს პარლამენტს მივმართავ! სანამ საქართველოში ცილისწამება დასჯადი არ გახდება, მანამდე გაანადგურებენ ჩვენს საყვარელ, ლეგენდარულ ადამიანებს... მე საერთოდ არაფერს დავწერდი, მაგრამ ეს ბრალდება რომ წავიკითხე, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო!
ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ნანი ამბობს, არ მინდა ისე მოვკვდე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შესვლას არ მოვესწროო და ამას მოჰყვა ეს ამბავი, საბჭოთა კავშირი ახლა აღარ მოსწონსო... შემდეგ ასეთ საშინელ ბრალდებამდეც მივიდნენ..." - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე