ელზა პაპოშვილი
09.06.2023

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა, რაც მათ წარმატებით მოიგერიეს და მოიერიშე ჯავშან-კოლონები გაანადგურეს, მათ შორის გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები. უკრაინა ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ დიდი კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა. ასევე ფიქრობენ თბილისშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ უკრაინელები რუსების პოზიციებს სუსტი ადგილების გამოსავლენად ზვერავენ, ამის შემდეგ კი ამ ადგილებზე მასობრივ იერიშს მიიტანენ. თანაც ამატებენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება, რადგან მერე ამინდი უარესდება, რაც კონრტშეტევას შეაფერხებს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა ღამის ორი საათის შემდეგ გაავრცელეს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადება, რომლის თანახმად, „4 ივნისს, დილიდან მოწინააღმდეგემ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე“. კონაშენკოვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების „სტრატეგიული რეზერვებიდან“ ბრძოლაში ჩაერთნენ 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადები, სხვა სამხედრო ნაწილების და ქვედანაყოფების მხარდაჭერით.  

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთმა შეძლო უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის მცდელობის აღკვეთა სამი დღის განმავლობაში ფრონტის რამდენიმე მიმართულებიდან.  

4 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა 34-წამიანი ვიდეო, რომელზეც ასახულია უკრაინის თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო. მათ სიჩუმის ნიშნად თითი ტუჩთან მიაქვთ. ვიდეოკადრები მთავრდება წარწერით „გეგმებს უყვართ სიჩუმე. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება“.  

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, გუშინდელი დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების განთავსების ადგილებზე, მათ შეიარაღებასა და ტექნიკაზე ათობით საავიაციო და სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა განახორციელა. კერძოდ, ოფიციალური კიევის ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მართვის პუნქტები და საარტილერიო ქვედანაყოფები.

უფრო კონკრეტულად, უკრაინის ცნობით, გასულ დღე-ღამეში ავიაციამ 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე 2 დარტყმა მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.

„უკრაინის სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ იერიში მიიტანა ოკუპანტის მართვის ხუთ პუნქტზე, ცოცხალი ძალის თავის მოყრის ექვს რაიონზე, გაანადგურა ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რვა საარტილერიო დანაყოფი“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში მტერმა განახორციელა 7 სარაკეტო (ორი უმანზე) და 43 საავიაციო დარტყმა. არიან დაშავებულები.

„სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების რისკი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მომავალშიც მაღალი რჩება“, - აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.   

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მოიპოვა რუსეთის სამხედროებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს მის მონაწილეობას კახოვკის კაშხლის განადგურებაში. უკრაინის უშიშროების სამსახურმა აუდიოჩანაწერი 9 ივნისს ტელეგრამით გაავრცელა, სადაც რუსი სამხედროები ლაპარაკში აღიარებენ, რომ კაშხლის დაზიანება იყო „საბოტაჟის ჯგუფის“ მოქმედებების შედეგი, უკრაინის არმიისთვის სირთულეების შექმნის მიზნით. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

„ეს დარტყმა მათ უკრაინელებს არ მიუტანიათ. ეს იყო საბოტაჟის ჩვენი ჯგუფი იქ. მათ უნდოდათ კაშხლით უკრაინელების შეშინება. ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდნენ, უფრო დიდი აღმოჩნდა,“ - ამ სიტყვებს, როგორც აცხადებენ, ჩანაწერში რუსი სამხედრო ოფიცერი წარმოთქვამს. 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინელები რუსებს ჯერჯერობით სამი მიმართულებიდან უტევენ. ზაპოროჟიეს ჩრდილოეთით 8 კმ წინ წაიწიეს. ასევე წინსვლა დონეცკის სამხრეთით აქვთ. რამდენიმე მიმართულებაზე ჯერ უკვე პატარა შეტევები დაიწყეს - შოიგუს შეშფოთების მიზეზიც სწორედ ეს არის.   

„ამ ეტაპზე მასობრივი შეტევები არ არის. უკრაინელები რუსებს სამი მიმართულებიდან უტევენ. ეს არის ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქები. აქტიური შეტევები აქ იქნება და რუსებიც როგორც ვნახეთ სწორედ ამ მიმართულებით ემზადებიან. რუსების სუსტი თავდაცვა უფრო ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა. ამიტომ ყველაზე დიდი აქტიურობა ამ მხარესაა. რუსები ახლა ცდილობენ შეტევა შეაფერხონ და ალყაში არ აღმოჩდნენ. ჯერ ეს არ არის მასობრივი შეტევა, უფრო  დაზვერვაა, რომლის დროსაც ამოწმებ, რა რაოდენობის  ჯარი ჰყავს შენს მოწინააღმდეგეს, რა სახის პასუხს გაგცემს და შემდეგ დიდი  შეტევისთვის  როგორ უნდა მოამზადო. 

„ამას კონტრშეტევას ვერ ვუწოდებთ. ეს არის კონტრშეტევის წინა მოსამზადებელი პატარა შეტევები. ვფიქრობ, რომ კონტრშეტევა უკვე უახლოვეს პერიოდში დაიწყება, რადგან ამ შეტევებს ტყუილად არ წამოიწყებენ და დროში კიდევ გაწელვა უკრანელებისთვის იქნება ცუდი. შემდეგ ამინდი შეიცვლება, დაიწყება წვიმები და ტალახში უკრაინელებს კონტრშეტევა გაუჭირდებათ“, - ამბობს მაისაია, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაზე სუსტი პოზიცია რუსებს ზაპროჟიეს მიმართულებაზე აქვთ და ძირითად იერიშსაც აქ უნდა ველოდოთ.  

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე კი ამბობს, რომ უკარინელების გარკვეული მოძრაობები ზაპორიჟიას ოლქში უკვე შეიმჩნევა. უკრაინელები რუსულ თავდაცვით პოზიციებს ჯერჯერობით სინჯავენ და არცთუ მაღალი ინტენსივობით უტევენ.      

„ზაპროჟიეს ოლქში ჯერჯერობით უკრაინელები დაზვერვით ოპერაციას აწარმოებენ. ზოგადად, ამ მიმართულებით ნელი და მეთოდური სამხედრო ოპერაცია რთულად ჩატარდება, რადგან ძალიან ფორტიფიცირებულ პოზიციებზე ნაბიჯ-ნაბიჯ შესკდომა კოლოსალურ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ უკრაინელები სინჯავენ სისუსტეებს რუსულ პოზიცებზე და ყველაზე ეფექტური რომელიც იქნება მათ გამოყენებას შეეცდებიან და  ღრმა  იერიშს დაწყებენ.  ეს არამხოლოდ ზაპორიჟიას ოლქს ეხება, არამედ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უმრავლესობას. ამიტომ ჯერერობით ეს ყველაფერი დაზვერვითი შეტევებია, რასაც თავისი სახე მალე მიეცემა“, -ამბობს კობერიძე.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×