
ვინ ააფეთქა კახოვკას ჰესი? სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს პანიკაში მყოფი რუსეთის გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინის მხრიდან კონტრშეტევს დაწყების შიშით ყველაფერზე მიდის.
კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია Uanimals-ის განცხადებით, კაშხლის აფეთქების გამო, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, რასაც იქ მობინადრე ყველა ცხოველი ემსხვერპლა.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი.
”აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს მარცხენა სანაპიროს დატბორვის უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ, მათივე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და ძალების დაზიანების მიუხედავად, ვიდრე უკრაინელებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხერსონის რეგიონში, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა.
პროკუდინის განცხადებითვე, წყლის დონე მოსალოდნელია, რომ შემდეგ 20 საათში, კიდევ ერთი მეტრით გაიზარდოს.
„დატბორვის ინტენსივობა მცირდება, თუმცა, კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყალი დინებას გააგრძელებს“, - აღნიშნა პროკუდინმა.
"კახოვკას ჰესზე რუსი ტერორისტების მიერ გამოწვეული კატასტროფა უკრაინასა და უკრაინელებს არ შეაჩერებს" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ხალხის გადასარჩენად და მათი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს.
"რუსი ტერორისტების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინასა და უკრაინელებს. ჩვენ მთელ ჩვენს მიწას მაინც გავათავისუფლებთ. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს, დარჩნენ ჩვენს მიწაზე.
მადლობა ჩვენს თითოეულ მაშველს, სამხედროს, ჩვენი რეგიონის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ახლა რუსეთის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დატბორილ მოსახლეობას ეხმარებიან.
მთელი მსოფლიო გაიგებს ამ რუსული ომის დანაშაულის შესახებ. საკუთარი უსაფრთხოებისთვის, მსოფლიომ ახლა უნდა აჩვენოს, რომ რუსეთი ასეთი ტერორის შედეგებს ვერ გაექცევა.
ის ფაქტი, რომ რუსეთმა განზრახ გაანადგურა კახოვკას წყალსაცავი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის წყლით მომარაგებისთვის, მიუთითებს იმაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ყირიმიდანაც მოუწევთ გაქცევა," - ამბობს ზელენსკი.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.
კითხვაზე, რა გზავნილი აქვს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“.
კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ცალსახად მიაჩნია, რომ ინციდენტი უკრაინის მხრიდან ჩადენილი წინასწარგანზრახული დივერსია იყო.
„ის დაიგეგმა და განხორციელდა კიევიდან, კიევის რეჟიმისგან მიღებული ბრძანებით. კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ყველა შედეგზე“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისივე მტკიცებით, უკრაინას მიზანია ყირიმისთვის წყლის წართმევა და ბრძოლის ველიდან ყურადღების გადატანა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით კი უკრაინამ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე შეტევა დაიწყო.
“სამი დღის განმავლობაში უკრაინულმა რეჟიმმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე დიდი ხნის წინ დაპირებული შეტევა სცადა, ამ მიზნებისთვის დიდი რაოდენობით ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირებით. 4 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების 23-ე და 31-ე მექანიზირებული ბრიგადების ძალებით ხუთ მიმართულებაზე შეტევის მცდელობა ჰქონდა. არცერთ მათგანზე მოწინააღმდეგემ წარმატებას არ მიაღწია, ჰქონდა დიდი დანაკარგები: 300 სამხედრო მოსამსახურე, 16 ტანკი, 26 ჯავშანმანქანა, 14 ავტომობილი”, - განაცხადა შოიგუმ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს არის რუსების მიერ მიზანმიმართულად გაკეთებული აფეთქება, რათა უკრაინელებმა კახოვკის ჩრდილო მიმართულებით შეტევა დაიწყეს. მაისაია ამბობს, რომ უკრაინელების კონტრშეტევა დონეცკის, ზაპროჟიეს მიმართულებაზე მიმდინარეობს, ამიტომ არსებობდა რისკი, რომ უკრაინელებს რუსული შენაერთები ამ მიმართულებით ალყაში მოექცია. ამიტომ რუსებმა გამოსავალი კაშხლის აფეთქებით იპოვეს.
„უკრაინელებს კაშხლის აფეთქების ჯერ ერთი არც მოტივაცია და არც მიზეზი არ ჰქონდა და მეორეც არც ამის გაკეთების საშუალება ჰქონდათ. ეს კაშხალი და მის გარეშემო ტერიტორია უკრაინელებისთვის ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნივნელოვანი და ღირებულია.
„წარმოუდგენელია ასეთი სიგიჟის ჩადენა და საკუთარი ხელით უკრანელების მხრიდან ხარაკირის გაკეთება. უკრაინელებს ეს რაში უნდა აწყობდეთ? პუტინს ეშინია, რომ ხარკოვის მსგავსი სიტუაციის გამეორება დონეცკში მოხდება და ალყაში მოქცევის ეშინია, ამიტომაც ეს ბარბაროსული გადაწყვეტილება მიიღო.
„მას რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე და ბედი არაფერში ადარდებს, ახლა მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს არის შიდა დამბების ხელოვნურად აფეთქება, რის შემდეგაც წყალმა გამოხეთქა. სამწუხაროდ უკრაინის ამ ტერიტორიას დიდი კატასტროფა ემუქრება. 5-10 კმ ტონის ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქების ტოლფასი ზარალია. რა თქმა უნდა, ასევე არსებობს ზაპროჟიეს ჰიდროელექტრო სდგურის აფეთქების საფრთხეც და რუსებისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.
რაც შეეხება უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას, მაისაია ამბობს, რომ სწორედ ამის შიშით გადაწყვიტეს რუსება კახოვკას კაშლის აფეთქება. მისი თქმით, უკრაინელებმა ზაპროჟიეს ჩრდილოეთით 8 კმ წინ წაიწიეს. ასევე წინსვლა დონეცკის სამხრეთით აქვთ.
„უკრაინელებმა რამდენიმე მიმართულებაზე ჯერჯერობით უკვე პატარა შეტევები დაიწყეს. შოიგუს შეშფოთების მიზეზიც ეს არის. ამ ეტაპზე მასობრივი შეტევები არ არის. უკრაინელები რუსებს სამი მიმართულებიდან უტევენ. ეს არის ხარკოვის, დონეცკის და ზაპროჟიეს ოლქები. ქტიური შეტევები აქ იქნება და რუსებიც როგორც ვნახეთ სწორედ ამ მიმართულებით ემზადებიან. რუსების სუსტი თავდაცვა უფრო ზაპროჟიეს მიმართულებაზეა. ამიტომ ყველაზე დიდი აქტიურობა ამ მხარეს იქნება“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“