
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დადებითად აფასებს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტებს საქართველოში, რადგან მოხდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკომისიის ოქტომბრის შუალედური დასკვნა, სადაც შემუშავდება გარკვეული რეკომენდაციები წლის ბოლომდე გასათვალისწინებლად. თუმცა, ელჩი ფიქრობს რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა სწორედ იმ 12 რეკომენდაციის შესრულებასა და აქტიური ინტენსიური მუშაობით განისაზღვრება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. დასკვნებიც და შედეგებიც სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.
„როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარდინზე, სადაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ცალსახად" - განაცხადა ჰერჩინსკიმ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომიის 12 რეკომენდაციის თითქმის 80% უკვე შესრულებულია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში პოზიტიურ შეფასებას აძლევს, მიიჩნევს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ, გასულ წელსაც ვიმსახურებდით და ყველაფერი ახლა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„პირადად ჩემთვის ევროკავშირის ელჩის განცხადებაში სიახლე არაფერი არ არის და არც სიურპრიზი. ეს კეთდება მრავალი წელია, როდესაც სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები მოგზაურობენ და ხვდებიან ევროპის დედაქალაქებში იქაურ პოლიტიკოსებს.
„მოცემულ მომენტში პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი პარიზშია, პარასკევს 9-ში პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი შეხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, მანამდე ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობა.
„ასევე გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სხვადასხვა დედაქალაქებში ვიზიტი. მაგრამ, თითქოს იქმნება შთაბეჭდილება რომ არაფერს არ აკეთებდა „ქართული ოცნების" ხელისუფლება, ახლა უნდა დაიწყოს შეხვედრები. პირიქით, მე მგონი კვირა არ გავა რომ ჩვენი მაღალჩინოსნები არ იყვნენ რომელიმე ევროპის ქვეყანაში.
„რასაკვირვველია, საქართველოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკების აუცილებლობა ეს არ ხდება მხოლოდ 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე. ეს არის სხვადასხვა მიმართულებებზე დიალოგი, მათ შორის უსაფრთხოება და ეკონომიკა, ასევე ორმხრივი საუბრები.
„არა აქვს მნიშვნელობა შიდა თუ გარე აქტორი ამ ხელისუფლებას უკიჟინებდეს რომ მეტი შეხვედრები გამართოს, ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. იმიტომ რომ ეს ისედაც ინტენსიურ რეჟიმში იმართება. გარდა ამისა, თბილისში ჩვენ ვნახეთ არაერთი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი.
„რაც შეეხება ევროკომისიის წინასწარ შუალედურ დასკვნას, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, რამეთუ შარშანაც ეკუთნოდა საქართველოს პარამეტრების და მიხედვით, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, არ მოგვანიჭეს დამსახურებულად პარამეტრების შესრულების მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„იმას თუ როგორ არის რეკომენდაციები შესრულებული, შევხედოთ ამას პოლიტიკური სპექტრიდან, ხელისუფლების ობიექტური შეფასებით, უმეტესობა შესრულებულია, გარდა ერთისა და ისიც შეუსრულებადია ბოლომდე, ეს არის დეპოლარიზაცია - პირველი პუნქტი, რადიკალურ ოპოზიციას რომ ვკითხოთ არაფერი არ არის შესრულებული.
„რაც შეეხება ობიექტურ შეფასებას, თუ ევროკავშირს, ეს არაერთხელ დააფიქსირა პრემიერმა ღარიბაშვილმა და სხვა მისმა თანაგუნდელმა, თუ სურს რომ დეპოლარიზაციის ხარისხი არ იყოს მაღალი, პოლარიზაცია შემცირდეს და ტემპერატურა დაიწიოს, უნდა მოგვანიჭონ დამსახურების მიხედვით კანდიდატის სტატუსი და თუ მათ აწყობთ რომ შემდგომი რყევები, ფსევდო მედასავლეთეების რეალურად რუსეთუმე ხოშტარიებისა და „ნაცმოძრაობის" აქტივისტების მხრიდან, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია,
„თუმცა, ამითი არაფერი არ შეიცვლება მიიღებს თუ არ მიიღებს საქართველო ამ სტატუსს, ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება იმ გაცხადებული მიზნების მიხედვით, და რაც მთავარია, მანამდე ხელმოწერილი ფუძემდებლური ხელშეკრულებების და გეგმების შესაბამისად" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.
თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს რომ 12 რეკომენდაცია ჯერ სრულყოფილად არ არის შესრულებული და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ, ვინაიდან, არიან ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერენ და არიან ისეთებიც, რომელთაც პრეტენზია აქვთ.
„საქართველოს ტრადიციულად მხარს უჭერდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ვიშეგრადის ქვეყნები, და სხვა დროს გერმანია-საფრანგეთი ჭოჭმანობდნენ, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ახლა სიტუაცია შეიცვალა - ზოგადად გერმანია უჭერს მხარს მეტ-ნაკლებად ძალიან აქტიურად საქართველოს, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები იგივე პოლონეთი მხარს დაუჭერს.
„კიდევ არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც არ ჩანან, გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომელიც საქართველოშია - სააკაშვილის ამბები, გვარამიას საკითხი, ზოგადად დემოკრატიის უკუსვლა, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, აი ამის გამო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დარწმუნებული არ უნდა ვიყოთ რომ დაუჭერენ მხარს თუ არა საქართველოს.
„თუმცა, არა მგონია, რომ თუ დანარჩენმა ევროკავშირის ქვეყნებმა ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირეს, ისინი წინააღმდეგი გამოვიდნენ. არის ქვეყნები რომელთა ხმებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ არის სამუშაო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თორემ ევროკომისიის მხრიდან მეტ ნაკლებად დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
„რაც შეეხება პირველად დასკვნას, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება, რომლითაც ჩვენ მივხვდებით მეტ-ნაკლებად აქცენტები როგორ არის გაკეთებული. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რეალურად როგორ უყურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირი ამ ეტაპისთვის.
„ევროკავშირის სურვილი არსებობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა, მაგრამ საქართველოს მხრიდანაც უნდა იყოს სურვილი, განსაკუთრებით პოლიტიკური კლასისგან, სერიოზული თემებია დეოლიგარქიზაცია, საოცრება უნდა მოხდეს რომ ეს შესრულდეს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" არ იმჩნევს რომ დეოლიგარქიზაცია წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილის გარეშე, რაც წარმოუდგენელია, ასევე, შესასრულებელია დეპოლარიზაცია და სასამართლო რეფორმა" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.