ნაზი ბერიძე
07.06.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას, განახორციელოს საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია.

„რუსი ტერორისტების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას და უკრაინელებს. ჩვენ მაინც გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილის დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს დარჩნენ ჩვენს მიწაზე"-აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის გადასარჩენად და სასმელი წყლით მათ უზრუნველსაყოფად, ვინც წყალს კახოვკას წყალსაცავიდან იღებდა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს სიტუაციის შეფასებას სამხრეთ უკრაინაში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი კაშხალის [კახოვკას ჰესზე] აფეთქებაზე, რომელიც, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკანონოდ აიღეს შარშან და მას შემდეგ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ანგარიშების შესაფასებლად და ვმუშაობთ უკრაინელებთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით დაზუსტებით რა მოხდა ამ ეტაპზე" - განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, ვაშინგტონი მზადაა დაეხმაროს კიევს კატასტროფის შედეგების დაძლევაში, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით.

"გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს დღეებში და კვირებში იხილავთ უსაფრთხოების დახმარების დამატებით პაკეტებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა უკრაინამ შეძლოს წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა", - თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

უცხოურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი სავარაუდოდ მონაწილეობდა კაშხლის აფეთქებაში.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს რომ უკრაინის კონტრშეტევაზე კაშხლის აფეთქება მცირე კორექტულ ცვლილებს შეიტანს.

„კახოვკის კაშხლის აფეთქება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ის სამხედრო თვალსაზრისით, შეიძლება იყოს დროში მცირე, ხანგრძლივობით იმოქმედოს. მაგრამ, ის იმოქმედებს ძალიან დიდი ხანგრძლივობით წლების და ათწლეულების განმავლობაში უკრაინის ამ სამხრეთი ნაწილის ეკოსისტემაზე, და ბევრი დიდი პრობლემა ჯერ კიდევ წინ არის.

„რაც შეეხება კონტრიერიშს, კონტრიერიშები რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზი ძალიან დიდია და მარტო აქ არ იგეგმებოდა, კახოვკის წყალსაცავის ქვემო ნაწილისკენ, არამედ ზაპოროჟიეს, დონეცკის მხარეს და ა.შ. ასე რომ დიდ გავლენას ეს არ მოახდენს კონტრიერიშის განხორციელებაზე, შეიძლება რაღაც კორექტირება შეიტანოს.

„საერთო ჯამში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებამ უარყოფითად იმოქმედა არა მარტო უკრაინელებზე, არამედ თავად რუსებზეც, რადგანაც ის თავდაცვითი ზღუდეები, პირველი ზღუდე რაც მათ მოწყობილი ჰქონდათ, ამ კაშხლის ქვემო ნაწილში, მდინარე დნეპრის მარცხენა დაბალ სანაპიროზე, ამ წყალმა რა თქმა უნდა, დატბორა ეს თავდაცვითი ზღუდეები და რუსი ოკუპანტები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×