
„ნაცმოძრაობა“ 2024 წლის არჩვენებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ოლიგარქის დამარცხება მხოლოდ ამ შემთხვევშია შესაძლებელი. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ენმ-ში შიში აქვთ, რომ თუკი მელია ცალკე გავა, ამ პატარა პარტიების გაერთიანებას ის შეძლებს. მითუმეტეს, ვნახეთ შიდა არჩევნებში, მას არც თუ ცოტა მხარდამჭერები ჰყავს. მელიას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, თუკი გონივრულად მოიქცევა და ფრთხილად იმოქმედებს, დანარჩენი პატარა პარტიები მიიმხროს და საკმაოდ საინტერესო ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას,“ - აცხადებს ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
ხაბეიშვილის ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, თქვეს, რომ პარტია ახლა არ არის იმ მდგომარეობაში, მისმა თავმჯდომარემ ამ ტონით ისაუბროს. ენმ-ის შეთავაზებას ოპოზიციიდან მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიესალმება. სახელისუფლებო გუნდს კი ხაბეიშვილის ამბიციები სასაცილოდ არ ჰყოფნის. ბექა ოდიშარია ოპონენტს ურჩევს, ჯერ თავად გაერთიანდნენ, რადგან „პარტიის ოფისში სიცარიელის ექოა“.
„ხაბეიშვილი თავის პარტიაში ვერ ახერხებს ხალხის გაერთიანებას და მისი პარტიის ოფისში უკვე ექო ისმის სიცარიელის გამო, შესაბამისად მე ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე თავმოყვარე პარტიას მოუნდეს ხაბეიშვილის პარტიასთან გაერთიანება. ეს უტოპიური შეთავაზებაა,“ - ამბობს ბექა ოდიშარია.
ენმ-ის ყოფილი წევრი რომან გოცირიძეც ხაბეიშვილის განცახდებას სერიოზულად ვერ აღიქვამს. მიაჩნია, რომ ენმ-ს ლიდერი ხუმრობს. რომან გოცირიძის თქმით, სხვა პარტიების ენმ-დმი ლტოლვა მხოლოდ იმის იხსნება, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ.
„არ მგონია, ეს რაიმე შემოთავაზება ყოფილიყო, ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“, როგორც იტყვიან, ხუმრობის მსგავსი რაღაც. ენმ-ს ირგვლივ გაერთიანებამ თუ რაიმე შედეგი გამოიღო, ვხედავთ აქ. 36 კაცი იყო და აქედან 20-მდე ენმ-ს წევრი არც კი ყოფილა, ამიტომ არ არის საჭირო ახლა რაღაცაზე ჩაბმა. ენმ-სთან სხვა პარტიების ლტოლვა ნიშნავს, რომ მის ხარჯზე მოხვდნენ პარლამენტში და ოფლი არ ღვარონ არჩევნების პერიოდში,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი კი ამბობს, რომ ენმ-ს შეთავაზება მისთვის გაუგებარია და ურჩევს, კოორდინირების რესურსი ჯერ საკუთარ პარტიაში გამოიჩინონ.
„ენმ-ს დღის წესრიგზე ავეწყოთ დანარჩენი პარტიები თუ რაზეა საუბარი? მე ეს არ მესმის. ენმ-ს უნდა თავისი დღის წესრიგის აქსელერაცია, რაღაცნაირად მიხმარება სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ეს კოორდინაცია არ არის. ეს არის ენმ-ს დღის წესრიგის გატარება. რა კოორდინაციაზე ლაპარაკობს ენმ, თავის პარტიაში ვერ დაუკოორდინირებია, გამოვიდნენ ადამიანები და დისკომუნიკაცია იყოო, ამბობდნენ იმ ძალიან მნიშვნელოვან დაკითხზე და ახლა, მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ. ენმ-მ კოორდინაციის რესურსი გამოიჩინოს ჯერ საკუთარ პარტიაში და მერე ვილაპარაკოთ,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ოპოზიციიდან ხაბეიშვილს შეთავაზებას მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ უწონებს. პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „ოცნების“ დასამარცხებლად გაერთიანება სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ვერც ენმ და ვერც ცალკე სხვა ოპოზიციური პარტიები ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერეხებენ.
„ამ მოცემულობაში თუ ვინმეს ჰგონია, ენმ-ს გარეშე დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, ილუზიაა და არასწორია, ისევე როგორც ილუზია იქნება ენმ-ს მხრიდან თუ ვინმე ფიქრობს, რომ დანარჩენი ოპოზიციის გარეშე დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველას ერთმანეთი გვჭირდება და შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ ტაქტიკის და სტრატეგიის ისეთ საკითხებზე, რომელიც უფრო მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელისუფლებიდან გასაშვებად,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ცხადებს, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ ახლა არ არის იმ სიტუაციაში, ოპოზიციას გაერთიანება შესთავაზოს. ადრე, როცა მსგავსი გაერთიანება მოხდა, ენმ ამაზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხელისუფლების დამარცხება ვერ შეძლო. ძაბირაძე ამბობს, რომ ენმ და ოპოზიცია ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ამ წლების განმავლობაში ვერ აცნობიერებენ, რომ როგორც კი ნაციონალები და „ოცნება“ არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ დარჩებიან, მმართველი გუნდი უპირობოდ იგებს.
„არ ვიცი, ლევნ ხაბეიშვილმა ეს განცხადება სერიოზულად გააკეთა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პრობლემას ვერ აანალიზებს. არ ვიცი, პატარა პარტიები ამას რამდენად მიხვდნენ, მაგრამ ენმ ახლა არ არის იმ მდგომარობაში, ვინმეს გაერთიანება შესთავაზოს. შემოდგომაზე ალბათ ნიკა მელიას ფრთაც გამოეყოფა და პარტია უფრო დასუსტდება.
„მე უფრო მგონია, რომ ამით ნაციონალების ახალი მენეჯმეტი თავის გადარჩენას ცდილობს. ფიქრობენ თუკი მელიას ფრთა გამოეყოფათ და ხმებს გაყოფს, მაშინ სჭირდებათ პატარა პარტიები, რომლებიც ამ რესურსს შეავსებენ. მითუმეტეს ისინი, ვინც ნაციონალების განაყრელებად ითვლებიან.
„არ ვიცი, რა სახის რაოდენობის მხარდაჭერის მიზიდვას შეძლებენ, მაგრამ ამით შექმნიან ილუზიას, რომ ენმ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და მთელი ოპოზიცია მათ გარშემო ერთიანდება. ასევე შიში აქვთ, რომ თუკი მელია ცალკე გავა, ამ პატარა პარტიების გაერთიანებას ის შეძლებს. მითუმეტეს, მელიას ვნახეთ შიდა არჩევნებში არც თუ ცოტა მხარდამჭერები ჰყავს. ამიტომ ეს ისევ და ისევ საკუთარ პარტიაზე ზრუნვაა. მელიას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, თუკი გონივრულად მოიქცევა და ფრთხილად იმოქმედებს, დანარჩენი პატარა პარტიები მიიმხროს და საკმაოდ საინტერესო ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლტიკაში შემოყვანას, ძაბირაძე აქაც ფიქრობს, რომ 2024 წლისთვის კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი მის მაშველ რგოლად გამოყენებას ისევ ცდილობენ. სააკაშვილს თავისი მხარდამჭერები ჰყავს, რომელთა მობილიზაციაც სურთ. ამიტომ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მას რეალურად პარტიის მართვაში არავინ ჩართავს და მის სახელს მხოლოდ დროშად გამოიყენებენ. მეორეს მხრივ არც სააკაშვილს აღარ აქვს სხვა გამოსავალი, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შიმშილობის და ე.წ. სიკვდილის სცენარი აღარ გამოდის. ამიტომ ის რაღაცა ფორმით უნდა გააქტიურდეს და გამოსავალი სხვა მიმართულებით ეძებოს.
„სააკაშვილს ყველა რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ ისიც გადარჩენის სხვა გზებს ეძებს. ახლა მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა. თუმცა მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილის ბედი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ „ოცნებას“ ამ არჩევნებში სააკაშვილის გამოყენება დასჭირდება, მოიძებნება ხერხი როგორ შეიძლება მისი გათავისუფლება. ან როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, სამაჯურით, შინა პატიმრობით, ან ქვეყნიდან გაიყვანენ. ყველაფერი დამოკიდებულია „ოცნებაზე“. ამიტომ სააკაშვილს ნაციონალებიც მანამდე გამოიყენებენ, სანამ ამის საშუალება ექნებათ“, - ამბობს ძაბირაძე.