ნაზი ბერიძე
06.06.2023

ოპოზიცია ბოლო პერიოდში გააქტიურდა. ჯერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ალაპარაკდა, ახლა კი პოლიტიკური პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოდის.

ნაცმოძრაობიდან ახლახან წასულმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილად არ არის - მოგების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის" გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაშია.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე სავარაუდო ოპოზიციური პარტიების იმ ოთხეულს ასახელებს, რომლებიც შეიძლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ: .„სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „დროა" და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი." ერთიანობის გარეშე როგორც ოპოზიცია, ასევე ანალიტიკოსები, ოპოზიციური სპექტრის გამარჯვების პერსპექტივას ვერ ხედავენ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ოპოზიციური პარტიების კავშირი ვერ წარმოუდგენით მათი პარტიის ლიდერობის გარეშე.

დეკანოიძე ამბობს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ვერ მოხდება.

„რწმენა რომ მქონოდა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ან იმ პროცესების მიმართ, რაც ენმ-ში ხდება, პარტიას არ დავტოვებდი. „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პარტიის სახელით საუბრობენ და მისი ლიდერები არიან, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი" - მათი ერთობა „ნაციონალური მოძრაობისთვის" დამატებით ხმების მატებას არ გამოიწვევს. ეს არის ხმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და ჩემი აზრით, ეს ორბიტა ცალკე უნდა იყოს. აქეთ მხარეს კი იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება უნდა მოხდეს, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობაში" გაერთიანება არ უნდა.

„ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს - ნებისმიერი პარტია, რომელიც მას შეუერთდება, ხმას ვერ მოუტანს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას" და ვერც საკუთარ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ენმ „ქართული ოცნების" დამარცხების ერთადერთი საშუალება.

„როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად რუსული პარტია და სახელისუფლებო მედია. დიახ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები. დიახ, „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, „რუსული ოცნების" დამარცხება შეუძლებელია.

„აბსოლუტურად სწორად ნერვიულობს რუსული პარტიის „ბოსობა". ინერვიულეთ და ზუსტად იცოდეთ, რომ უდიდესი ერთობა იქნება - შედგება სახელმწიფოს მოღალატეების წინააღმდეგ," - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიები უნდა გაერთიანდნენ, ერთიანობის საუკეთესო ვერსია იქნებოდა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან", რადგან ოპოზიციის ხმათა უმრავლესობის ნახევარს სწორედ ნაციონალები იღებენ.

„თუ გაერთიანდებიან, ცხადია უფრო მეტი შანსი ექნებათ ოპოზიციურ პარტიებს, რომ გაიყვანონ თავიანთი წარმომადგენელი პარლამენტში, იქნებიან, ვთქვათ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „დროა", „გირჩი". პირველ რიგში, ვთქვათ აღნიშნული პროდასავლური პოლიტიკური პარტიები.

„საერთო ჯამში მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვისურვებდი რომ „ნაცმოძრაობასაც" და სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთთან ჰქონდეთ კოორდინაცია ყველა საკითხზე და მე ასე მგონია, რომ არც ის უნდა ითქვას რომ „ნაც მოძრაობაა" წარმმართველი ძალა და დანარჩენი თანამგზავრი. არც ის რომ „ნაციონალური მოძრაობის"გარეშე უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. თუმცა კონსოლიდაცია შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის" გამორიცხვით.

„2020 წლის არჩევნები რომ განვიხილოთ, ოპოზიციამ ხომ მიიღო დაახლოებით 51%. ხელისუფლებამ მთავრობა იმიტომ დააკომპლექტა, რომ 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში „ოცნებამ" „გაიმარჯვა". მაგრამ წმინდა პროპორციული სისტემის ფარგლებში, ოპოზიციამ დაამარცხა ხელისუფლება. რაც შეეხება ხმებს, რაც ხმები მიიღო ოპოზიციამ, დაახლოებით 25% მიიღო „ნაც მოძრაობამ", დანარჩენი 25% სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. ვის უფრო მაღალი აქვს რეიტინგი და ვის უფრო დაბალი, ეს არ არის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. მთავარია, რომ როგორ უნდა იბრძოლონ კოორდინირებულად „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. და უნდა გაითვალისწინონ რომ პროდასავლურ პარტიებთან მათ უფრო მეტი საერთო აქვთ და გაერთიანებაა საჭირო, ან კოალიცია უნდა იყოს ან სხვადასხვა ფორმით," -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×