თამთა ჩაჩანიძე
01.06.2023

ზურაბიშვილმა თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს ხელისუფლებიდან ევროინტეგრაციის მომხრე მხოლოდ თვითონაა და საქართველოს მთავრობა ხალხის ნებას არ ითვალისწინებს, რაც შეეხება ფრაზას, გავაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნიაო, შეწყალებაზე კითხვები ბუნდოვანება რჩება - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე საუბრისას.

ხელისუფლების შეფასებით, პრეზიდენტის ტონი შერბილებული იყო, რაც „ხალხის რეაქციამ უზრუნველჰყო". ოპოზიციის თქმით კი, „სალომე ზურაბიშვილი „ნახევარ სიმართლეს" ლაპარაკობს და ივანიშვილი ევროპას ზურაბიშვილის პირით ელაპარაკება".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილის 31 მაისს ევროპარლამენტში გამოსვლა წინა განცხადებებისგან განსხვავებით მწვავე არ იყო, თუმცა მთავრობა მაინც გააკრიტიკა და თავი წარმოაჩინა თითქოს ხელისუფლებაში ევროინტეგრაციის მომხრე მხოლოდ ისაა, რაც „მცდარი და არასასურველი გზავნილია" საპატიო ტრიბუნიდან. მისი თქმით, კითხვები დარჩა შეწყალებასთან დაკავშირებითაც.

„ეს გამოსვლა ისეთი მწვავე არ იყო, როგორსაც საზოგადოება ელოდებოდა, თუმცაღა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლება მაინც გააკრიტიკა, რაც ნებისმიერი ქვეყნის მეთაურისგან მიუღებელია. ზურაბიშვილმა თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს ხელისუფლებიდან ევროინტეგრაციის მომხრე მხოლოდ თვითონაა და საქართველოს მთავრობა ხალხის ნებას არ ითვალისწონებს, რაც მცდარია. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მისგან ასეთი გზავნილი მართებული არ იყო.

„შეწყალებებთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები დატოვა, შესაძლოა პოლიტიკურად ლავირებს, თუმცა მშვენივრად იცის, რომ თუ რომელიმე, სააკაშვილი ან გვარამია შეიწყალა, ამას საზოგადოების დიდი ნაწილის განუზომელი აღშფოთება მოჰყვება. ამიტომაც მარგინალურო „ნაცოპოზიციის" დამუნათებას ჯერჯერობით უძლებს.

„რაც შეეხება სხვა გზავნილებს, კარგი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე რამდენჯერმე გააკეთა აქცენტი, ამაში დადებითი დავინახე, თუმცა ეტყობა ზურაბიშვილს ის რაღაც სჭირს, რომ ნეიტრალური უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ხელისუფლების დაუმსახურებელი დამმუნათებელი ხდება. ეს გასაგებია, შესაძლოა ის დასავლეთში თავის რენომეს უფრთხილდება, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკა და ბრალდებები არცერთი პოლიტიკური აქტორისგან მისაღები არაა.

„რაც შეეხება იმ ფრაზას, რომ „მე გავაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია"-ო აქ კითხვის ნიშნები და ბუნდოვანება რჩება, თან ამას სააკაშვილის გადაყვანაზე ევროკავშირის ელჩების დემარშიც ემატება და საკმაოდ კომპლექსური სურათი იხატება, თუმცა ელჩებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაითვალისწინონ, რომელმაც სააკაშვილს უცხოეთში გაგზავნაზე უარი უთხრა.

„აქვე ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლასაც შევეხები, სადაც გაიმეორა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, საქართველოში პოლარიზაციის დონეს დასწევს. თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ან სალომე ზურაბიშვილმა გვარამია და სააკაშვილი შეიწყალა, პოლარიზაცია მეტად გამწვავდება, რაც პრაგმატულად მოაზროვნე საზოგადოებას და პოლიტოკოსებს არ სურთ.

„ზურაბიშვილისგან არასასიამოვნო პასაჟები იყო წარმოთქმული, რომ თითქოს მთავრობა არაფერს არ აკეთებს და ევროინტეგრაციის მედროშე და ხალხოს მხარეს მხოლოდ ისაა, ამ დროს, პირიქითაა. კი ბატონო, ასე წარმოაჩინა, მაგრამ ბალანსი ოდნავ დაიცვა, როდესაც ამ საპატიო ტრიბუნიდან კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე რამდენჯერმე გაიმეორა",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×