
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას, თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა - ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რადგან ზურაბიშვილს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას შეწყალებაზე არაფერი უთქვამს, თუმცა, თვლიან, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი აქცენტები ჰქონდა. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წინა გამოსვლებთან შედარებით, ახლა პრეზიდენტს შერბილებული ტონი ჰქონდა, რაც „ხალხის რეაქციამ უზრუნველჰყო".
შეწყალების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გააკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ და „არანაირი ზეწოლა არ უნდა იყოს". მისი თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს და მას ალტერნატივა არ აქვს. ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში თავისი გავლენა გააძლიეროს, რაც გამოიხატება თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია გამოიწვიოს, კანდიდატის სტატუსი კი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან, „რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას".
როგორ შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა „ოცნებამ" და ოპოზიციამ
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში გამოსვლისას ჰქონდა შედარებით შერბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო. მისი აზრით, ზურაბიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში გაკეთებული განცხადებებიც ისევე გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ბრიუსელში გაკეთებული განცხადება.
"რა განცხადებებიც გააკეთა, ვივარაუდე და ჩემი პროგნოზი ასეთი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის რეაქცია ამას უზრუნველყოფდა და სწორედ ასე მოხდა. შერბილებული ტონი ჰქონდა, ეს მოიტანა ხალხის აბსოლუტურად სწორმა რეაქციამ.
„ოღონდ ერთი უნდა დავამატო - ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზე თუ სხვაგან, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა.
„ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიოციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, ზურაბიშვილის სწორი გზავნილები ჰქონდა, თუმცა, „რჩება უკმაყოფილების გრძნობა", რადგან „შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება და ეთქვა, რომ „იწყალებს გვარამიას".
„ყველა განცხადება უკრაინის სოლიდარობასთან დაკავშირებით, რუსეთის რეჟიმის შეფასების კუთხით, ხელისუფლების კურსის ცვლილებაზე და სხვათა შორის, ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენების ჩათვლით, სწორი გზავნილები აქვს და ეს გზავნილები გადატანილი იყო ამ მაღალ ტრიბუნაზე, თუმცა, რჩება უკმაყოფილების გრძნობა, რადგან შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად, შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
„თუ მას შეიწყალებს მაშინ, როცა სტატუსის მიღების საკითხი მოახლოვდება და თუ მას უნდა, თავის აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ცუდი, რადგან უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა არის არაჰუმანური და მას ამას არავინ დაუფასებს, რადგან იქნება დაგვიანებული. მთლიანობაში დადებითად ვაფასებ მის გამოსვლას, მაგრამ იყო მეტი მოლოდინი", - განაცხადა გოცირიძემ.
ზურაბიშვილის წარდგენა ევროპარლამენტში
13 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტს მიეცა საშუალება და ევროპარლამენტის წინაშე ვრცელი სიტყვით წარსდგა. ევროპარლამენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ჰიმნის ფონზე დახვდა, ტრიბუნასთან კი ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ წარადგინა.
რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის ნაწილში პირადი თავდადებისთვის მადლობა გადაუხდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, რომ გახდეს გაერთიანების განუყოფელი ნაწილი. მან სააკაშვილის საკითხზე შეშფოთება გამოთქვა.
„გვინდა, უფრო მეტად ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა. ამისათვის უნდა დავინახოთ ხელშესახები ნაბიჯები დემოკრატიის მიღწევის კუთხით, ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, ზოგადად მართლმსაჯულების კუთხით და მინდა ვთქვა, რომ აქ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
„ასევე, ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ გზას და სხვადასხვა კუთხით მხარდაჭერა შესთავაზოს ამ ტრანსფორმაციულ, გარდამტეხ გზაზე. საქართველოს შესაძლებლობა აქვს საკუთარი მომავალი აირჩიოს და მინდა, აღვნიშნო თქვენი სიძლიერე და გისურვოთ წარმატებები, გამოვხატო ჩემი სურვილი ერთად ვიმუშაოთ, რათა ევროპელი ხალხის წარმატება და კეთილდღეობა მომავალში მიღწეული იქნას", - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილები
სალომე ზურაბიშვილმა კი ევროპარლამეტში პოლიტიკურ ჯგუფებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს მოქალაქეების სახელით აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
„ეს ისტორიული არჩევანია. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცა, ქართველმა ერმა უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს.
„მე ვარ არა, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას გავაკეთებ უწყვეტად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს მთავრობები პრო-ევროპულ პლატფორმებს წინ აყენებდნენ და ყველას მუდმივი პროგრესი მოჰქონდა ამ გზაზე. „ანტიევროპულ კამპანიებს კი მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ".
„2012 წელს "ქართული ოცნების" მთავრობა პრო-ევროპული დღის წესრიგით იქნა არჩეული, და ამ მხრივ ზოგიერთ საკვანძო მომენტს მიაღწია ამ მხრივ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია თავის დროზე იქნა მიღწეული. კონსტიტუცია 2016 წელს შეიცვალა, რათა ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოეცვა და ეს ისეთი რამეა, რაც არავის არ უნდა დაგვავიწყდეს.
„გამოწვევებისა და უცხოური აგრესიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ ყოყმანობდა, უარი არ უთქვამს და არ შეძრწუნებულა. ის თავის პოზიციაზე იდგა. ხალხი პროევროპული კურსის ხერხემალი იყო, მხარს უჭერდა და ხანდახან წინ უძღვებოდა ან თავის მთავრობას აძალებდა, როდესაც მიყვებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციამდე გზას. გამოკითხვებმა ევროპული ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენეს და სამართლიანია ვთქვათ, რომ ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროპული ენთუზიაზმის ასეთი დონის შეშურდებოდა",-განაცხადა მან.
ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ იმას აკეთებს, რასაც ფიქრობს და რაც საჭიროდ მიაჩნია. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ უმრავლესობა პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას უგულებელყოფს, პრეზიდენტს ხალხის იმედი ექნება, რადგან, მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომლებსაც ყველა ეთანხმება.
„პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია. ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.
„შეიძლება ჩემი ვეტო უმრავლესობის ამჟამინდელი წევრების მიერ უგულებელყოფილი იყოს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს დამიჭერენ, რადგან ჩემი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეხმიანება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით. მე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ადვოკატირებას გავაგრძელებ, ისე, როგორც მე ამას დღეს ვაკეთებ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით 12 რეკომენდაციიდან ნაწილი შესრულდა, თუმცა მეტი შეიძლება, რისთვისაც მუშაობაა საჭირო, რათა ქვეყანამ ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას.
„რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი? დღეს ჩემი სიტყვა იყო იმისკენ მიმართული, რომ ამეხსნა ჩვენი ევროპული იდენტობა, შემეხსენებინა, რომ ქართველმა ხალხმა გაიღო მსხვერპლი რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე და მესაუბრა იმ საკითხებზე, რა მიმართულებითაც მუშაობდა საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა. მე მინდა გთხოვოთ საქართველოს წევრობა, როგორც ოჯახის წევრი გთხოვთ აღიარებას, მხარდაჭერას...კანდიდატის სტატუსი ნიშნავს აღიარებას, აღიარებას ჩვენი დაუღალავი ბრძოლისა ევროპული იდენტობისთვის",- თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში, რადგან რუსეთი ცდილობს, რომ თავისი გავლენა გააძლიეროს და ევროპის შეასუსტოს.
„რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა და შეასუსტოს ევროპის გავლენა, ეს არის, მაგალითად, თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენების აღდგენა და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია. ეს ვერ მოხდება, არც საქართველოსთვის და არც ევროპისთვის.
„მაშინ, როდესაც ევროპა ეხმარება უკრაინას ამ სასტიკი ძალის წინააღმდეგ, ეს შეიძლება იყოს უფრო შეუმჩნეველი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს რეალურად არ რჩება შეუმჩნეველი, ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ჩვენ მიმართ და კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა ჩვენს სტატუსს რეგიონში და ევროპას ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა და იმ ახალ მსოფლიოში, რომელიც იქმნება, ესმის, რომ საქართველო არის ნაწილი ამ ყველაფრის და ცენტრალური ელემენტი უსაფრთხო შავი ზღვის და კავკასიის რეგიონისა.
„ეს არის გასაღები სხვადასხვა პროექტისა შავი ზღვის და ცენტრალური აზიის მიმართულებით. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი მხარს დაუჭერდა ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში და გაგრძელეს ეს ტრაექტორია",-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ე.წ. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.
სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან".
„მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იმ ქვეყნიდან მოქალაქეების მიღება, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მართავს ყველაზე სასტიკ ომს შენი მეგობრის, უკრაინის - წინააღმდეგ. ის, რომ ეს რამე სერიოზული ინციდენტების გარეშე მოხდა, საქართველოს ტოლერანტობაზე მეტყველებს. ამაყები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არამხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სისხლს ღვრის თითოეული ჩვენგანისთვის, ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მსურს, აქ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისადმი და მისი ხალხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ", -განაცხადა ზურაბიშვილმა.