ელზა პაპოშვილი
31.05.2023

მიუხედავად იმისა, რომ ფორნტის ხაზზე ამ დროისთვის გარკვეული სიმშვიდეა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს. ინტენსიურად იბომბება, როგორც კიევი, ასევე უკრაინის სხვა ქალაქები. რუსები ადრე თუ დაბომბვას მხოლოდ ღამის საათებში ახორციელებდნენ, ახლა თავდასხმები დღის განმავლობაშიც მიმდინარეობს. 

თუმცა, უკრაინელები რუსებს ვალში არ დარჩნენ და 30 მაისს, გამთენიისას მოსკოვის სხვადასხვა რაიონებს, რომელიც ელიტურ დასახლებად ითვლება, 25-მდე დრონით თავს დაესხნენ. მართალია უკრაინა ამას ოფიცილურად არ აღიარებს, თუმცა, რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს უკრაინელების ნამოქმედარია. 

ამის პარალელურად კი კრემლის შიგნით გავლენებისთვის დაპირისპირება გრძელდება. პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრის და გენშტაბის უფროსის შეურაცხყოფას აგრძელებს. უკრაინა კი კონტრშეტევისთვის  ემზადება და დიდი ალბათობით ანალიტიკოსების აზრით, შეტევა უახლოვეს მომავალში დაიწყება. 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგეს ბახმუტის მიმართულებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია. ავდიივკას მიმართულებით, რუსებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. კუპიანსკის მიმართულებით კი წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ხარკოვის ოლქის მასიუტოვკას დასავლეთით და ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის მიმართულებით.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.

რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე კი "სამი დის" ძეგლთან მომხდარი აფეთქების ვიდეო დღეს რუსულმა სამხედრო ტელეგრამ არხებმა გამოაქვეყნეს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის, ანდრეი დემჩენკოს თქმით, ეს რუსეთმა კონტრშეტევის შიშით გააკეთა.

მან დააკონკრეტა, რომ ჩერნიგოვი-ბრიანსკის გზა 30 მაისს ააფეთქეს:

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით კი  2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთი სულ უფრო და უფრო თმობს ინიციატივას კონფლიქტში და რეაგირებს უკრაინის ქმედებებზე, ვიდრე აქტიურად მიიწევს საკუთარი ომის მიზნების შესრულებისკენ.

გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთს მცირე წარმატება აქვს უკრაინის გაუმჯობესებული საჰაერო თავდაცვის განეიტრალებასა და უკრაინის კონტრშეტევის ძალების განადგურების სავარაუდო მიზნებში. უწყების თქმით, ადგილზე რუსეთმა გადაანაწილა უსაფრთხოების ძალები, რათა უპასუხონ პარტიზანულ თავდასხმებს დასავლეთ რუსეთში.

ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანეთის დაზვერვა ასევე წერს, რომ რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ შექმნან სარეზერვო ძალები და განათავსონ ისინი იქ, სადაც, მათი აზრით, უკრაინის კონტრშეტევა მოხდება. თუმცა, დაზვერვის შეფასებით, ეს აფერხებს ძალების გაგზავნას ბახმუტის ირგვლივ წინა ხაზზე არსებული ხარვეზების შესავსებად.    

რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ახლოდ მდებარე სოფლებიდან ბავშვების ევაკუაციას განახორციელებენ.

„ვითარება სასაზღვრო სოფელ შებეკინოში უარესდება“, - აღნიშნა გლადკოვმა.

მისივე თქმით, ისინი ბავშვების ევაკუაციას შებეკინოდან და გრაივორონიდან დღეს იწყებენ.

გლადკოვის განცხადებით, დღეს, პირველ 300 ბავშვს ვორონეჟში გადაიყვანენ. როგორც ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა აღნიშნა, შებეკინოში, ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.   

G7 ქვეყნები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ, - ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Repubblica წერს. 

გაზეთის ცნობით, ზოგი შემოდგომაზეც კი საუბრობს, რადგან ომის გახანგრძლივებამ შეიძლება დააზიანოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის 2024 წლის ხელახალი არჩევა.

"როდესაც ევროპაში განხეთქილება უფრო თვალსაჩინო ხდება, ვაშინგტონი აძლიერებს დიპლომატიურ არხებს, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ვიეტნამიზაციის რისკი", - წერს La Repubblica.

გარდა ამისა, გამოცემიც თანახმად, ამის მიღწევა შესაძლებელია ჩინეთთან ურთიერთობების დათბობის დახმარებით, რომელმაც აშკარა ძალისხმევა მოახდინა მოლაპარაკებების ფრონტზე.

ამასთან დაკავშირებით, გაზეთი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ზელენსკის აიძულებენ შეარბილოს პირობები, რომლებზეც ის მზად არის მოლაპარაკებისთვის.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფორსი და გენერალი მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ მოსკოვზე გუშინ დრონებით განხორციელებული შეტევა, თუკი ეს უკრაინის მხრიდან მოხდა, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ოპერაციაა, რომელიც რუსეთის მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს იმის მინიშნება იყო, რომ ნებისმიერი რუსული დარტყმა, უკრაინელების მხრიდან პასუხის გარეშე არ იქნება დარჩენილი. 

„რამდენიმე დღეა კიევი და უკრაინა უმოწყალოდ იბომბება. ადრე თუ დარტყმები ღამ-ღამობით ხდებოდა, ახლა შუადღისაც ხორციელდება. უკრაინელები მთელი დღის განმავლობაში მიწის ქვეშ თავშესაფარში იმყოფებიან. 

„პუტინის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები, რომელიც მუქარის ხასიათს ატარებს, უფრო ბაქიბუქია, რომელიც შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. რუსეთს რომ აქამდე შეძლებოდა და ჩაეთვალა, ტაქტიკურ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო დარტყმას არ მიიღებდა, ამას აქამდე გააკეთებდა. რაც შეეხება კრემლში მიმდინარე შიდა დაპირისპირებას, ეს კიდევ უფრო მწვავდება და პრიგოჟინის განცხადებებიდან ვხედავთ, როგორ სახესაც იღებს.     

„ეს ადამიანი უკვე საკმაოდ საინტერესო ფიგურად იქცა, რომელიც როგორც პოლიტიკურ ასევე სამხედრო ლიდერად გვევლინება. მას თავისი ჯარი გააჩნია და ამბიციები. ასევე აქვს ფული და სახელი. მას როგორც ბახმუტის ამღებ გმირად ისე მოიხსენიებენ. არა აქვს მნიშვნელობა მის აღებას რამდენი ხანი ცდილობდა. პრიგოჟინის უკან „ეფესბე“ დგას. 

„მე ეჭვი მაქვს, რომ მის უკან პუტინიც დგას და წესით ამდენს მის გარეშე ვერ უნდა ბედავდეს. აქ მაინც შიდა ბრძოლებია „ეფესბეს“  და თავდაცვის სამინისტროს შორის. აქ პუტინი ალბათ, შუალედურ რგოლს თამაშობს. ცდილობს პრიგოჟინის საშუალებით, შემქნას პირობები, რომ შოიგუ და გერასიმოვი თავიდან მოიშოროს. პუტინი ამას ღიად თავად ვერ გააკეთებს, რადგან ეს ჯარში სიტუაციას დაძაბავს და დაპირისპირებას გააღვივებს, ამიტომ მგონია ამისთვის  პრიგოჟინს იყენებს“,-ამბობს გენერალი.  

რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას და მოლოდინს, რამდენად მალე შეიძება ეს კულმინაციური მომენტი დადგეს, კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინისთვის შეტევის დრო საკმაოდ ცოტა დარჩა. ამიტომ ყველა ლოგიკის მიხედვით, მათ უახლოვეს დღეებში ეს კონტრშეტევა უნდა დაიწყონ.    

„დროსთან ერთად ბუნებრივი ცვლილებები დაიწყება, აქ ვგულისხმობ წვიმებს, შემოდგომას და ა.შ. უკრაინული შეიარაღება არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის, ამიტომ ეს გასათვალისწინებელი ფაქტორებია. ეს სამი-ითხი თვეა მნიშვნელოვანი, როცა მათ ეს კონტრშეტევა უნდა დაიწყონ. 

„ლოგიკურია შეტევის ობიექტი აზოვის ზღვა უნდა იყოს. ეს რუსების  ყველაზე მოწყვლადი თავდაცვაა. რუსებმაც ეს იციან, ამიტომ უკრაინელების მხრიდან ორი დარტყმა მაინც იქნება, ერთი ყურადღების გადამტანი და მეორე ძირითადი. ესეთი ინფორმაციაც მუსირებს, რომ ზელენსკი და სირსკი ემხრობიან იმ მოსაზრებას, რომ შეტევა ბახმუტის მიმართულებაზე განხორციელდეს. თითქოს ამას ზალუჟინი ეწინააღმდეგება. 

„ამას მანამდე ვერ გავიგებთ სანამ შეტევა არ დაიწყება. თუკი მართლა არსებობს მსგავსი მოსაზრება, ბახმუტზე შეტევისთვის საუკეთესო დროა. ახლა ხდება გადაბარება, რადგან „ვაგნერი“ გამოდის და მას სხვა დანაყოფი ანაცვლებს. ამიტომ, სანამ ისინი დამკვიდრდებიან ადგილზე, კარგი მომენტია კონტრშეტევისთვის. თუ ეს მართალია, მე ზალუჟინის მხარეს ვიხრები და მის მოსაზრებას სრულად ვიზიარებ“,-ამბობს კაპანაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×