
პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დაპირისპირება ენმ-ის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის კულმინაციას აღწევს. ოპოზიციონერი დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დაკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი პირველი მოსმენით უმრავლესობამ იმ იმედით დაუჭირა, რომ ეს კანონპროექტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას ხელს შეუწყობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნება" მაქსიმუმს გაკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტად წაახალისოს "ნაცმოძრაობის" დაშლა პარლამენტის რიგებში.
"ნაციონალური მოძრაობა" ვერ აკონტროლებს ვითარებას, არის შიდა კონფლიქტები, უკმაყოფილება საერთო ვითარების მიმართ. "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვიდა 36 დეპუტატით და ახლა მათ ფრაქციაში 20 დეპუტატი რჩება. მათი რიგების კლება არის მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციული. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ "ნაცმოძრაობის" დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კიდევ რა რესუსრი აქვს "ოცნებას" რომ საბოლოოდ დაშალოს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში ახალი ფრაქიების შექმნა შეარყევს "ნაცმოძრაობას".
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ფრაქციის დაშლას შეიძლება ბიძგი მისცეს ენმ-ის ახალმა საპარლამენტო სიამ, სადაც დღევანდელ დეპუტატებს მოხვედრის შანსი აღარ ექნებათ და დაიწყებენ ახალი პარტიის ძებნას.
"ნაციონალური მოძრაობის" დაშლის საფრთხე გაჩნდა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ. ხაბეიშვილის არჩევამ ბიძგი მისცა პარტიის დაშლას ჯერ პარტიაში, შემდეგ ფრაქციაში. დიდი ალაბთობით საბოლოოდ ფრაქცია არ დაიშლება, მაგრამ კიდევ ვინ დატოვებს, ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცი რა დამოკიდებულება აქვთ ფრაქციაში დარჩენილ ადამიანებს პარტიის ახალ ხელმძღვანელობასთან.
"სავრაუდოა ისიც, რომ ფრაქცია დატოვონ იმ დეპატატებმა, რომლებსაც ნაკლები შანსი აქვთ მოხვდნენ ენმ-ის ახალ საპარლამენტო სიაში და დაიწყონ ახალი პარტიების ძებნა, ანუ რომელ პარტიაში გადავიდნენ.
"ოცნება" მუშაობს "ნაცმოძრაობის" დაშლაზე, მას აწყობს "ნაციონალების" დანაწევრება, ჯგუფებად დაყოფა, ვიდრე ერთად აღებული კონსოლიდირებული "ნაცმოძარობა". ცალკეულ ჯგუფებთან მოლაპარკება ადვილია. "ოცნებას" აქვს თავისი ინტერესები და უნდა ამ ინტერსების მაქსიმალურად დაკმაყოფილება"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობის" დაშლა მარტივი არ არის, რადგან მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ.
"მეეჭვება, რომ "ნაცმოძრაობა" დაიშალოს, ასე ადვილი არ არის პარტიის დაშლა, ბევრი მხარდამქერი ჰყავთ. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები და ის ამ ბოლო ხანებში გააქტიურდა. ნაადრევი მეჩვენება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ფრაქციების გაჩენამ პარლამნეტში შეარყიოს "ნაცმოძრაობა".
"ასევე შეიძლება მოხდეს, დღევანდელი დეპუტატების გადინება ფრაქციიდან, იმ მოტივით, რომ აღარ აქვთ შანსი მოხვდნენ 2024 წლის საპრლამენტ სიაში. ჩერჩილს, რომ უნდოდა გამხადარიყო პრემიერ მინისტრი, პარტია შეიცვალა და მართლაც გახდა პრემიერ- მინისტრი"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "ნაცმოძრაობის" წევრებს მოუწოდებს, რომ პარტია არ დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის დაშლის საფრთხე რეალურად დადგება.
"პარტიის თუ ფრაქციის დაშის საფრთხე არის. "ოცნებას" დიდი ხანია აქვს მცდელობა, რომ "ნაცმოძრაობა" დაიშალოს, რაც ოპოზციას კიდევ უფრო დაასუსტებს. აქედან გამოსავალი არის, რომ პარტია არავინ დატოვოს"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.