
ოთხშაბათს, 31 მაისს ევროკომისიამ დაიწყო კონსულტაციები ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიტორინგის შესახებ, რათა გაუმჯობესდეს არსებული წესები მესამე ქვეყნების უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და შესაძლებელია უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს კიდეც არალეგალური მიგრაციის საფრთხეების გამო. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ევროკომისიისგან გარკვეულ შეზღუდვებს ელოდებიან, თუმცა, სავიზო რეჟიმის დაწესებას არ ვარაუდობენ.
ვიზის შეჩერების მექანიზმი გათვალისწინებულია სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლით. მისი მთავარი მიზანი ვიზისგან გათავისუფლების დროებით შეჩერებაა არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში.
2023 წლის 20 მარტის წერილში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „კომისია გააძლიერებს სავიზო პოლიტიკის მონიტორინგს და წარადგენს ყოვლისმომცველ ანგარიშს."
უვიზო მიმოსვლას მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებისთვის. ამავდროულად, გასულმა წლებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი მიგრაცია და უსაფრთხოების გამოწვევები შეიძლება გამოწვეული იყოს უვიზო მიმოსვლით. ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობს შეიძლება გადაიქცეს სატრანზიტო ცენტრად, ევროკავშირში არალეგალურად მოსახვედრად.
დღევანდელი კომუნიკაციით, კომისია იწყებს კონსულტაციების პროცესს ევროპარლამენტთან და საბჭოსთან, რათა დაადგინოს, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმი.
ამ განხილვის საფუძველზე, კომისია 2023 წლის შემოდგომაზე წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას ვიზების შეჩერების მექანიზმის გადასინჯვის შესახებ.
ამჟამად ევროკავშირს აქვს უვიზო რეჟიმი 61 ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან. 25 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმის შეთანხმება ევროკავშირთან და 8-მ მიიღო ვიზისგან გათავისუფლების უფლება ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შედეგად (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). გარდა ამისა, 2023 წლის 19 აპრილს, საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ კოსოვოს ვიზისგან გათავისუფლება მიენიჭა, ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ, რომელიც ძალაში შევა არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი დიდი ხანია განხილვის თემაა ევროკომისიაში და ახლა სავარაუდოდ მიიღებენ გადაწყვეტილებებს გარკვეული რეფორმების თაობაზე
„აქ ძირითადად საუბარი არის ბალკანეთის ქვეყნებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გახდნენ არალეგალური მიგრაციის წყარო - სხვა ქვეყნებიდან აფრიკიდან მოდიან და ამ ქვეყნების უვიზო რეჟიმს იყენებენ და შემდეგ შემოდიან ევროკავშირის ქვეყნებში, ეს საკითხი დიდი ხანია დგას რეფორმები იყო საჭირო და ახლა მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საჭიროა შეცვლა.
„პირდაპირ ამ ეტაპზე საქართველოს არ ეხება მაგრამ მომავალში გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მხრიდანაც მიგრაცია საკმაოდ დიდია, შეიძლება ჩვენც შეგვზღუდონ.
„ქვეყნები რომლებიც ვერ დაიცავენ ამას, არ ითანამშრომლებს ევროკავშირთან ალბათ შეუჩერდებათ გარკვეული ხნით უვიზო რეჟიმი და იმედია რომ თვითონ ეს ქვეყნებიც გაუფრთხილდებიან უვიზო რეჟიმს და გადადგამენ ნაბიჯებს იმისთვის რომ შეაჩერონ ეს პროცესი, უკნონო მიგრაცია მითუმეტეს უკრაინის ომის ფონზე, როდესაც მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი არის ევროპაში, ამან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ევროკავშირის ქვეყნების სოციალურ ეკონომიკური სიტუაცია - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.
პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის მქონე ევროკავშირის ქვეყნებში კონტროლის გამკაცრებაა მოსალოდნელი. თუმცა საქართველოს მიმართ ევროკავშირი ალბათ იქნება გაცილებით ლოიალური იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა ამ ეტაპზე.
„ევროკავშირში უკანონო მიგრანტთა რაოდენობა იზრდება. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა მონაცემებით, ევროკავშირში 50 მილიონზე მეტი მიგრანტი ცხოვრობს. მათ შორის მათი ნაწილი არის უკანონო მიგრანტი. ისედაც ცდილობდა ევროკავშირი მუდმივად მიგრანტთა კონტროლს. მაგალითად, აჩერებენ საზღვარზე და ითხოვენ უკან დაბრუნების ბილეთს. შეიძლება დაწესდეს მოთხოვნები, მაგალითად, ინფორმაციის წარდგენა კონკრეტულად, სად იცხოვრებს, რომ შემდგომ გახდეს ეს ადამიანი შემოწმების ობიექტი.
„ვიცით, რომ მონაცემებით ყოველწლიურად 2000-მდე საქართველოს მოქალაქეს აბრუნებენ ევროკავშირის ქვეყნებიდან. არ არის გამორიცხული გარკვეული სავიზო შეზღუდვებიც არსებობდეს, ამ ეტაპზე შეიძლება გარკვეული კონტროლი გამკაცრდეს, თუმცა, არა მგონია რომ სავიზო რეჟიმი დაწესდეს. იმიტომ რომ ევროკავშირი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მე ვფიქრობ საზოგადოების წინააღმდეგ არ იქნება ევროკავშირის, ამ შემთხვევაში ევროკომისიის პოლიტიკა მიმართული.
„იმედია რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირის ინტერესებს, ასე ვთქვათ ევროკავშირის ეკონომიკას მაინც და მაინც არ დააზიანებს თუკი სავიზო რეჟიმი დაწესდა რიგ ქვეყნებში. შეიძლება ამან კრიმინალი შეამციროს კიდეც. ევროკავშირი სამეზობლო და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს, რომ როგორმე დაამყაროს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან. ხანდახან ხდება ევროკავშირის ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე ეს ყველაფერი" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.