თამთა ჩაჩანიძე
31.05.2023

თეთრი სახლი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს, რუსეთმა კი მოსკოვში 30 მაისს დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა თავდასხმის ფაქტი მასობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთვის, ან სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენოს და ამიტომაც აშშ-ს რეაქცია ბუნებრივი იყო.

თუმცაღა, არც იმას გამორიცხავენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლში კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს და ვლადიმერ პუტინმა სიტუაციის გასანეიტრალებლად გამოიყენა, რათა ვითარება შიდა სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივიდეს.

30 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა და ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი კი აცხადებს, რომ ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები.

„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ქალი, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ავტომობილები იწვის", - დაწერა ბელგოროდის გუბერნატორმა „ტელეგრამის" საკუთარ არხზე.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის შიგნით თავდასხმებს არ ეთანხმებიან.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს. სულ ეს არის. წერტილი", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიმს კლევერლის. მას დაუსვეს კითხვა, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა, რომ „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი".

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში", - განაცხადა ჯეიმს კლერლიმ. "ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ," - დასძინა მან.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ დრონებით თავდასხმა რუსეთში კრემლთან დაკავშირებული შიდა ძალების მიერ იყოს ორგანიზებული.

„რუსეთის ტერიტორიაზე დრონების მართვა ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს სხვადასხვა მონაცემები ჰქონდათ, თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ რვა დრონი იყო, პრიგოჟინის მხარე ამტკიცებს, რომ 30-ზე მეტი იყო, ოფიციალურად კი სხვა ციფრს ასახელებენ.

„ეს დრონები ნამდვილად შორმსროლელს არ შეესაბამებოდა, ოპერატიულ-სტრატეგიული და სტრატეგიული დონის არ იყო. როგორც ჩანს, ისინი რუსეთის ტერიტორიის შიგნიდან გამოვიდნენ. რას ისახავდა მიზანს, ესაა საინტერესო.

„არაა გამორიცხული, რომ ამას რუსეთში შიდა ძალები აკეთებდნენ. ეს იმ ფონზე ხდება, როცა პუტინს უნდა, რომ თავისი პოლიტიკური ვერტიკალი გაამყაროს, მობილიზაცია გამოაცხადოს და მართვის სადავეებზე როგორმე კონტროლი დაიბრუნოს. საეჭვოდ დაემთხვა ისიც, რომ დრონებით თავდასხმის ფონზე, პროგოჟინი-შოიგუს შორის ურთოიერთოიბა დაიძაბა. ამასთან, კადიროვმა პუტინს მოსთხოვა, რომ მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს.

„რუბლიოვკა სწორედ არაფორმალური კრემლია, სადაც ფაქტიურად გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ის, რომ დარტყმა აქ განხორციელდა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც ჩანს, პუტინი თავის ოლიგარქებს მიანიშნებს ვინაა ქვეყანაში ნომერ პირველი მმართველი.

„ამიტომაც არიან აშშ-ში შეშფოთებულები, რომ ამან შესაძლოა სერიოზული არასასურველი ძვრები გამოიწვიოს. პუტინის რეჟიმის გამკაცრდება, რომელიც მსოფლიოს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს. რუსეთის კლანებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყო და არაა გამორიცხული, რომ ეს თავდასხმები პუტინისვე ნამოქმედარი იყოს, რადგან შიდა ომი გაანეიტრალოს და საბედისწერო ნაბიჯები არ გადადგან, რაც სამხედრო დაპირისპირებას გულისხმობს.

„უკრაინელებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ იერიში, რაც საკმაოდ წარმატებულია, ისინი სამშვიდობო ობიექტებს არასდროს არ ესხმიან, აქ უკვე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით იყო და ამიტომაც დიდი ეჭვია, რომ ეს ამბავი შიგნიდანაა მოწყობილი", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ეს უკრაინის ტაქტიკის ნაწილიც იყოს, რათა ფრონტი გაიშალოს და კონტრშეტევის მოულოდნელობის ეფექტი მეტად თვალსაჩინო იყოს.

„ევროპელი მოკავშირეების მსგავსად, აშშ-შიც ერთიანი მიდგომა არაა, თუ უკრაინელებმა რუსეთის წინააღმდეგ ომი როგორ უნდა აწარმოონ. გვახსოვს, იარაღის გადაცემისგან თავს როგორ იკავებდნენ, ჯერ ტანკების, შემდეგ თვითმფრინავების.

„ახლა, როცა ეს სიტუაცია შეიცვალა და უკრაინას ეხმარება, არ უნდათ, რომ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნას გამოყენებული, რადგან რუსეთთან საომარ ოპერაციებში ნატოს პირდაპირ ჩართვა არ სურს.

„ისინი ფრთხილობენ, რომ ამითი პუტინს შესაძლოა იმის საბაბი მიეცეს, რომ მან ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია მოახდინოს, რომელსაც რუსული პროპაგანდა დღე და ღამე ჩასჩიჩინებს, რომ ეს ნატოს ომია რუსეთის წინააღმდეგ და ამით კიდევ მეტი საბაბი მიეცეს იმისთვის, რომ მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს და სპეციალური სამხედრო ოპერაცია კი არა, არამედ სხვა სახელი დაარქვას.

„ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო მათ შორის გერმანია, დიდი ხნის განმავლობაში ნეიტრალური იყო, მათ ეს დაარღვიეს იმიტომ, რომ უკრაინას იარაღი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, მაგრამ გერმანიის პოლიტიკური ელიტა, ისევე როგორც საზოგადოება, დღეს მზად არაა იმისთის, რომ ეს ტანკები რუსეთის ტერიტორიაზე იხილოს, თუნდაც ისტორიული პრეცენდენტების და ფსიქოლოგიურ მომენტების გამო.

„უკრაინას დაანონსებული აქვს, რომ ის ძალიან მალე კონტრშეტევას დაიწყებს და ჩემი აზრით, შესაძლოა ეს ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს, რომ ფრონტი რაც შეიძლება ფართოდ გაშალონ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს საშუალება, ერთ ადგილზე კონცენტრირდეს და ვერ შეძლოს იმის განჭვრეტა თუ უკრაინა საიდან შეუტევს.

„დაბომბვები რუსეთის ტერიტორიაზე არის მინიშნება, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე დაუცველია და უკრაინას შეუძლია მზარდი საფრთხის პირობებში, ფრონტის ხაზი გაწელოს და მოულოდნელობის ეფექტი შექმნას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობას ძალიან გაუჭირდება რომელიმე მხარე დაიცვას, ფრონტის ხაზი იმდენად გაიწელა, ამის შესაძლებლობები ფიზიკურად არაა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×